რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფშია და მას მეტოქედ ბულგარული გრანდი, რაზგრადის "ლუდოგორეცი" ერგო.

პირველი შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 23 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო დაპირისპირება კი 30 აგვისტოს რაზგრადში შედგება.

კლუბის ისტორია
დღევანდელი "ლუდოგორეცი" 2001 წელს დაარსდა ალექსანდრ ალექსანდროვის და ვლადიმირ დიმიტროვის მიერ. 2002 წელს კლუბს "რაზგრადი 2000" უწოდეს, თუმცა კლუბი დაარსების თარიღად 1945 წელს ასახელებს, როდესაც ხუთი გუნდის გაერთიანებით "ლუდოგორეცი" ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, დაბალ დივიზიონებში გამოდიოდა. მაშინდელი კლუბის მაქსიმუმი მეორე დივიზიონი იყო. ბოლოს, წარუმატებლობის შედეგად, დაიშალა კიდეც.

2010 წელს ბულგარელმა ბიზნესმენმა
კირილ დომუსშჩიევმა კლუბი შეიძინა და მიზნად უმაღლეს დივიზიონში აღზევება დაისახა.

პირველივე სეზონში კლუბმა ეს შეძლო და უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა, ისტორიაში პირველად. 2011-12 წლებში კლუბმა საკუთარ ქვეყანაში ყველა თასი მოიგო (ბულგარეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი). 2012-13 წლების სეზონიც თითქმის ანალოგიური გამოდგა, კლუბმა მოიგო ჩემპიონატი და თასი, თუმცა სუპერთასზე "ბეროე სტარა ზაგორასთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი კლუბისთვის კარგად დაიწყო. გუნდმა ბრატისლავის "სლოვანისა" და ბელგრადის "პარტიზანის" დამარცხება შეძლო და ლიგის პლეი-ოფში გავიდა, თუმცა შვეიცარიულ "ბაზელთან" ვერაფერს გახდა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. ევროპა ლიგის ჯგუფიდან, ყველასათვის მოულოდნელად, კლუბი ძალიან იოლად გავიდა. 1/16-ფინალში რომის "ლაციოს" შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში მერვედფინალის საგზურის მოპოვება მოახერხა, სადაც ესპანურ "ვალენსიასთან" დამარცხდა.

ამ პერიოდს უკავშირდება კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - იტალიურმა რომის "ლაციომ" დამარცხების შემდეგ ბულგარულ კლუბს თილისმა აჩუქა, არწივი, სახელად "ფორტუნა".

Sportall.Ge

2014-15 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი კვლავ წარმატებით დაიწყო და ლუქსემბურგის "დუდელანჟს" იოლად მოუგო. შემდეგ ბელგრადის "პარტიზანი" შეხვდა და ურთულეს ბრძოლაში პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. წილისყრამ "ლუდოგორეცს" ბუქარესტის "სტიაუა" არგუნა მეტოქედ. პირველი მატჩი რუმინელების გამარჯვებით დასრულდა. საპასუხო მატჩის 89-ე წუთზე რაზგრადელებმა გოლი გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. 119-ე წუთზე "ლუდოგორეცის" მეკარე სტოიანოვმა საჯარიმოს გარეთ რუმინელი ფეხბურთელი მოჩეხა და წითელი ბარათი მიიღო. ბულგარელებს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდათ, რის გამოც კარში ჩადგომა ცენტრალურ მცველს, კოსმინ მოცის მოუწია. პენალტების სერიის პირველი გოლი სწორედ მოციმ გაიტანა. შვიდი დარტყმული პენალტიდან მოციმ შეძლო და ორი მათგანი მოიგერია, რითაც კლუბს ისტორიული საგზური მოუპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ბოლო სეზონი და მიმდინარე ევროტურნირები
წინა სეზონში სოფიის ცსკა-ს აქტიური კონკურენციის მიუხედავად, "ლუდოგორეცმა" მაინც შეძლო ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გაინაღდა.

პირველ ეტაპზე ბულგარელებს ჩრდილოირლანდიური კლუბი "კრუსადერი" ერგო, რომელიც ორი შეხვედრის ჯამში 9:0 გაანადგურეს. მეორე ეტაპზე მათი მეტოქე უნგრული "ვიდი" იყო, რომელსაც შინ ფრედ, 0:0 ეთამაშნენ და სტუმრად 0:1 დამარცხდნენ. შესაბამისად, კლუბი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მესამე ეტაპზე გადაერთო.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მესამე ეტაპზე კლუბის მეტოქე ბოსნია-ჰერცეგოვინის "ზრინსკი" იყო, რომელიც შინ 1:0 დაამარცხეს და გასვლაზე ფრე, 1:1 ითამაშეს.

კლუბმა მიმდინარე ჩემპიონატი აქტიურად ვერ დაიწყო. ოთხი ტურის შემდეგ მათ 7 ქულა აქვთ და მეოთხე ადგილზე არიან. "ტორპედოსთან" შეხვედრამდე კი კლუბს, 19 აგვისტოს მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ სოფიის ცსკა-სთან.

ქალაქი და სათამაშო არენა
კლუბი ბულგარეთის პატარა ქალაქ რაზგრადში თამაშობს, რომლის მოსახლეობა 33 416 ადამიანს შეადგენს. კლუბის სტადიონი, სახელად "ლუდოგორეც არენა" 11 000-იანი ტევადობისაა.

Sportall.Ge

შემადგენლობა
"ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 50.55 მილიონ ევროს შეადგენს, როცა საპირისპიროდ, ქუთაისური კლუბის ღირებულება 5.33 მილიონი ევროა.

კლუბში 17 ლეგიონერია და ამავდროულად, "ლუდოგორეცში" 9 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ნაკრებშიც იძახებენ.

კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჰოლანდიელი ვურა არის, რომლის ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს. ის პოზიციით მარცხენა ფლანგზე თამაშობს და საკმაოდ სახიფათო შემტევია. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 1 გოლია.

ზოგადად, კლუბს მარცხენა ფლანგი ძალიან ძლიერი ჰყავს, სადაც ბრაზილიელი მცველი ნათალენლი ჰყავს, რომელმაც ბულგარეთის მოქალაქეობა მიიღო. მისი ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 4. 25 მილიონი ევროა.

წინა სეზონში კლუბის მთავარი ბომბარდირი რუმინელი კლაუდიო კეშერუ იყო, რომელმაც 26 გოლის გატანა მოახერხა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 8 შეხვედრაში 3 გოლია. ღირებულება - 3.50 მილიონი ევრო.

კლუბს ბულგარელი მეკარე, 31 წლის ვლადისლავ სტოიანოვი ჰყავს, რომელიც "ლუდოგორეცის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 3.50 მილიონი ევროა.

გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი მთავარი მწვრთნელი პაულო აუტუორია, რომლის მოყვანითაც და ნაჩვენები შედეგითაც ადგილობრივი ქომაგი უკმაყოფილოა. 61 წლის სპეციალისტმა კლუბი 1-ელ ივლისს ჩაიბარა და 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი. ბრაზილიელ მწვრთნელს დაახლოებით 35 კლუბი გაუწვრთნია და მათი დიდი ნაწილი ბრაზილიის ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებია. ამ მწვრთნელის წარმატებები ბრაზილიაში დაახლოებით 13 წლის წინ იყო. მას შემდეგ ბარგი ჩალაგებული აქვს და კლუბიდან კლუბში დადის.

მოლოდინი
"ტორპედოს" შანსები საკმაოდ მცირეა. თუ აქამდე არსებული მეტოქეები მათ გარკვეულ შეცდომებს პატიობდნენ, "ლუდოგორეცი" ამას სათავისოდ გამოიყენებს.

თუმცა მწვრთნელზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ მისი გადაწყვეტილებებით ქომაგი უკმაყოფილოა და მას "ვიდთან" გამოვარდნას ვერ პატიობენ. გუნდს ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გააჩნია და მწვრთნელი რთულად გადის ადაპტაციას კლუბთან.

ქუთაისელებს არაფერი აქვთ დასაკარგი. მათ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იმუშაონ, გააცნობიერონ, თუ რა შედეგი მოჰყვება მათ ევროპა ლიგაზე გასვლას. ამ ეტაპამდე ევროტურნირებზე ქართული კლუბის არცერთ ფეხბურთელს არ უთამაშია და ეს მათი შანსია.

altგამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები

altრა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
ტორპედო- ლუდოგორეცი 0-3
რეალობა
23 აგვისტო 2018 05:57
0
მთლად ხელწამოსაკრავი გუნდი არაა მარაა ამაზე უკეთესებიც მინახია გაგორებული ორიჩარივით!! ერთი მინდა ვთხოვო მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც, რასაც უყურებ ტორპედოს შეტევა უფრო გამოდის ვიდრე დაცვა, ხოდა ითამაშეთ ის რაც გამოგდით იყოს ფლანგიდან გარღვევები შორიდან კარში დარტყმები ტექნიკით და ქართული ჟინით თუ მოუგებთ მაგათ თორე ფიზიკურად არამგონია დავჯაბნოთ. კაპანაძე იყო მემგონი ხო? მთელი ხაზი რო გაჭრა შევიდა და გაიტანა, ეეე მაგას არ ელოდებიან ეგენი ჩვენგან, შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო ნათქვამია, ბრძოლა ბრძოლა და თავდადება გმართებთ ბიჭებო. გახსოვეთ ვისი გორისა ხართ!!!!!
გურული
21 აგვისტო 2018 15:05
2
მიდით ბიჭებო აბა თქვენ იცით დასაკარგი არაფერი გვაქო ამ აზრს ბიჭებსნუ შეაჩვევთ რას ქვია დასაკარგი რაფერი გვაქ ევროპა ლიგა დსაკარგია არაა.
samtredski
19 აგვისტო 2018 09:48
1
ბევრი რამ ითქვა და დაიწერა რისი თქმაც შეიძლებოდა. ისიც ვიცით სად ვართ. ვიცით რომ ან ჩვენ უნდა ვიყოთ, ან ისინი. ყოველდღიური ყაყანი და ხმაური ყოველთვის არის; უსარგებლო. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. ახლა შემსრულებლების დროა. ვართ შემსრულებლები?
ლუკა
18 აგვისტო 2018 18:54
0
რა თქმა უნდა ლუდოგორეცის შანსები მეტია, ალბათ 75% მაგათია, მაგრამ თუ გინდა ამოქაჩო თუ გინდა დიდი გუნდის შექმნა, უნდა იმუშაო, ჭკუა იხმარო, გაუძლო და ა.შ. აბა მაშინ სულ ასე გაგრძელდება. მე თუ მკითხავ, თუ გვყავს საქართველოში ფეხბურთის მცოდნეები უნდა შეკრიბოს ფედერაციამ 2 ან სამი კაცი (თუ მოიძებნა), აყურებიოს ლუდოგორეცის თამაში ჩანაწერები, ხოლო მეორე დღეს შეხვდნენ ჩხეტიანს და რეკომენდაციები დაუწერონ. მოიფიქრონ რაიმე. ჭკუა ჯობია ღონესაო, დაეხმარონ ქუთაისს და ეს მთელ ქართულ სპორტს დაუბრუნდება უკან დადებითად.
ჰაჰა
18 აგვისტო 2018 16:50
4
2004 წელს ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის თბილისის დინამოელებმა"წარმატებით"დასძლიეს უეფას თასის საკვლიფიკაციო ეტაპი. დინამოელებმა თანამიმდევრობით"სძლიეს"ბორისოვის „ბატეს“ (1:0, 3:2), პრაღის „სლავიასა“ (2:0, 1:3) და კრაკოვის „ვისლას“ (2:1, 3:4) და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც მეტოქეები ინგლისის „ნიუკასლი“0-2, ლისაბონის „სპორტინგი“0-4, ფრანგული „სოშოო“0-2 და ბერძნული „პანიონიოსი“2-5 დინამომ ოთხივე შეხვედრაში მარცხი განიცადა.გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა.ბატონ ბადრის ბიჭებისთვის უთქვამს-"ხომ გაგიყვანეთ ჯგუფურ ეტაპზე აჩვენეთ ახლა რა შეგიძლიათო"მათ ყველა თამაში წააგეს ისე,რომ გოლების გატანა მხოლოდ ბოლო ჩაწყობილ და სკანდალურ თამაშში"პანიონისთან"მოახერხეს.დიდათ სამწუხაროა,მაგრამ ეს არის ქართული ფეხბურთის და მისი გულშემატკივრების აბუჩად აგდება.
გიოშა
18 აგვისტო 2018 16:15
7
სტატია საყურადღებოა, მაგრამ "ლუდოგორეცის" დაძლევა შეიძლება. მთავარია კომპლექსი არ გვქონდეს და "ტორპედომ" თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს. ლაღ, ტრადიციულ ტექნიკურ ფეხბურთს თუ ითამაშებენ ქოთაისელები, აჯობებენ ბულგარელებს. ფიზიკური მომზადება გადაწყვეტს შედეგს.
მერაბი
18 აგვისტო 2018 13:29
1
"ლაღმა" ფეხბურთმა დაგვღუპა. ვინც ეგ უაზრო ტერმინი შემოიტანა დღეში სამჯერ უნდა "გაროზგო". რა უბედურებაა ხალხო, ლაღად ითამაშეთ ეზოში. ჩვენ გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი, რომელიც შეუძლებელია ფსიქოლოგიური დაძაბულობის გარეშე.
kaira
18 აგვისტო 2018 16:35
5
ლუდოგორეცი ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომ წინასწარ წყალი გადაუწურო ტორპედოს შანსებს. კლასითა და გამოცდილებით ნამდვილად აღემატება ტორპედოს, მაგრამ ძალიან არასტაბილური გუნდია. შეიძლება მოუგოს პარტიზანს და სტიაუას მაგრამ დამარცხდეს თავისზე სუსტ გუნდთან. მოკლედ წინასწარ საგანგაშო არაფერია, ტორპედო შედარებით დალაგდა და მშვენიერი შეტევის თამაში შეუძლია რაც გამოჩნდა კიდეც ბოლო თამაშებში. ასე რომ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, თუ კი კვლავ ზედმეტად დაცვაზე ორიენტირებული ტაქტიკით არ ათამაშა გუნდი ჩხეტიანმა. ასეთ შემთხვევაში ტორპედო საერთოდ ვერ ავლენს თავის შეტევით პოტენციალს, ვერ იყენებს შეტევებს ფლაგებიდან, რომელიც მშვენივრად გამოსდის და შეცდომებიც მოსდის მოსდის. არ იცის ასეთ დროს სად წაიღოს ბურთი. ისეთი ტაქტიკის შემთხვევაში რომლითაც გუნდმა კუკეშთან გასვლა ითამაშა, შანსი ნამდვილად არ გვექნება. ასე რომ ტორპედომ თავისი თამაში უნდა ითამაშოს და მხოლოდ არგაშვებაზე კი არა გატანეზეც უნდა იზრუნოს.
ანესთეზეოლოგი
18 აგვისტო 2018 13:00
1
Ilocet da gava!xetiani rom amad aketebs faktia,aba gmertis gareshe am tamasit sad gaxval?!
Dato
18 აგვისტო 2018 12:52
11
აი ეს გამოთქმა არ მესმის, დასაკარგი არაფერი გაქვთ ბიჭებო, ) დასაკარგია აბა რა არი , შანსი გაქ წარმატების, მილიონებზეა ლაპარაკი, სამი ევროპული გუნდი იქნება მინიმუმ ჩამოსასვლელი , რამხელა სიხარული იქნება ხალხისთვის , და თურმე დასაკარგი არფერი ყოფილა, კმაყოფილდებით რაგაც კუკეშის გამოგდებით, ნამდვილი ფეხბურთი არის იქ, ლიგაზე და ევროპაზე და რას ქვია დასაკარგი აღარაფერი გაქვთ, არ გაქვთ და ირბინეთ საქართველოს ჩემპიონატში მაშინ, სადაც კაციშვილი არ გაქცევს ყურადღებას , რაც თავი მახსოვს ყოველი თამაშის წინ , ნაკრებია თუ კლუბი , ასე ამხნევებენ , დასაკარგი აღარაფერი გაქ , თავისუფლად ითამაშე , თავისუფლად ისედაც უნდა ითამაშო, მუხლები როგორ უნდა გიკანკალებდეს უცხოელის დანახვაზე?!
Vasili
18 აგვისტო 2018 12:51
0
ჯიგარი ხარ. მინიმუმ 2 თუ 3 მილიონს კარგავენ და დასაკარგი არაფერიაო. თავისუფლად თამაშში ალბათ სითამამეს გულისხმობ და გეთანხმები, თორე დაძაბულობა იქნება და ზუსტადაც თუ კაცი ხარ დაძაბული თამაში უნდა მოიგო. სტრესში კი არ უნდა ჩავარდე.
kaira
18 აგვისტო 2018 16:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული