20 წლის ხობელი გოგონა ვიკა სახურია, გარდა იმისა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, მსაჯობს კიდეც.
მსაჯობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხობის საფეხბურთო მოედანზე ერთ-ერთ თამაშს დაესწრო.
ცოტა ხნის წინ მან წარმატებით გაიარა საქართველოში ახალდაარსებული საერთაშორისო მსაჯთა აკადემიის კურსი. ვიკა თავისი არჩევანით არსებულ სტერეოტიპს ამსხვრევს - სურს დაამტკიცოს, რომ სპორტი არა მარტო მამაკაცების საქმეა, არამედ ქალებსაც შეუძლიათ ამ სფეროში წარმატების მიღწევა. ამის გამო ბევრი წინააღმდეგობაც დასძლია.
ვიკა სახურიასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
"პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება კარგად იცოდე
თეორიაც და ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული, მაგრამ მსაჯობა მაინც ვერ შეძლო. ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავება პრაქტიკას მოაქვს. თუნდაც მსაჯთან ურთიერთობა, როგორ უნდა დადგე თამაშგარე მდგომარეობაში, რას უნდა მიაქციო ყურადღება, ბურთის ხმაზეც კი უნდა გქონდეს გამომუშავებული ის, რომ "ოფსაიტი" არ გაგეპაროს და ა.შ. უნდა ხვდებოდე, რას მოგიტანს სადისციპლინო სანქციის ბარათების გამოყენება, უფრო გააღიზიანებს ფეხბურთელს თუ პირიქით, თამაშის წაყვანაში დაგეხმარება. მოკლედ, ყველაფერი წინასწარ უნდა გათვალო. სწორი მენეჯმენტი მნიშვნელოვანია. ამას კურსებზე ვერ ისწავლი, ეს შენში უნდა იყოს - 17 წესი გვაქვს მსაჯებს, მაგრამ მე-18, დაუწერელი კანონივით უნდა იცოდე, რაც გამოცდილებას მოაქვს. თითოეული მატჩი გზრდის. შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადო, ნაკლები შეცდომა დაუშვა. და რაც მთავარია, ეს შეცდომები არ უნდა იყოს გამიზნული რომელიმე გუნდის წასაგებად თუ მოსაგებად. მიხარია, რომ საქართველოში ნაკლებად დგას ეს პრობლემა, სამსაჯო განყოფილება კარგად მუშაობს. ანაზღაურება ძალიან კარგი გვაქვს. საერთოდ, თუ ადამიანმა ადამიანობა დაკარგა, აღარც მსაჯად ივარგებს და არც სხვა საქმეში.
უფრო ასაკიანი მწვრთნელები გამოხატავენ უნდობლობას: ვაიმე, ქალი მსაჯია და ამან რა უნდა იცოდეს ფეხბურთისო და ა. შ. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც სიხარულით ხვდება ამ ამბავს და თვლის, რომ კარგია, ქალი ამ სპორტში ადგილს რომ იმკვიდრებს და თავის სათქმელს ამბობს. გვამხნევებენ, გვასწავლიან, წარმატებას გვისურვებენ. ძალიან მახარებს მათი განწყობა და სტიმულს მაძლევს. ხოლო ვინც არ მენდობა, მათ ვუმტკიცებ, რომ ქალსაც შეუძლია მსაჯობა და მხოლოდ სამზარეულოში კი არა, ამ სფეროშიც შეუდარებლები ვართ (იცინის)".
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია gza.kvirispalitra.ge-ზე