IL MATTINO-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხელია ნეაპოლში იმყოფება და შეიძლება „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდეს. ხვიჩას კლუბი წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს სთავაზობს და ხელფასი ბონუსებით გაიზრდება. რაც შეეხება გამოსასყიდ თანხას, კლუბს უნდა ახალ ხელშეკრულებაში შეძლებისდაგვარად მაღალი თანხა, მინიმუმ 100 მილიონი ევრო დაფიქსირდეს. თუმცა, ეს ვარიანტი ფეხბურთელს და მის გარემოცვას არ აწყობს, ვინაიდან ნებისმიერი პოტენციური მყიდველი კლუბისთვის მიუღებელი ფასი იქნება. აღნიშნულია, რომ საჭიროა მხარეებმა კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიაღწიონ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.
ნეაპოლის უნივერსიტეტის, ფედერიკო II-ის ყოფილმა რექტორმა, პროფესორმა
გუიდო ტრომბეტიმ რადიო Napoli Centrale-ს ეთერში განაცხადა, რომ „კვარა“ ამჟამად საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა დიდი ჩემპიონია და არავის სურს წავიდეს, ნერესი კი შესანიშნავი დრიბლინგითაა გამორჩეული, მაგრამ ჯერ ქართველის დონის არ არის და დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან არაზუსტია.
„ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მატია გრაფიედიმ რადიო 1 Station-თან ინტერვიუში თქვა, რომ კვარაცხელიას ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ამიტომ თავისი დიდი პოტენციალის 60%-ით თამაშობს და როდესაც ფორმაში ჩადგება, ლუკაკუსთან ერთად გუნდი კიდევ უფრო უკეთესი გახდება.
4 იანვარს, „ნაპოლი“ სერია A-ს მეცხრამეტე ტურში, ფლორენციაში „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ნერესს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვს, ხოლო ფლანგის მეორე შემტევს მწვრთნელი ანტონიო კონტე კვარაცხელიასა და მატეო პოლიტანოს შორის შეარჩევს. სხვა გამოცემები წერენ, რომ, სავარაუდოდ, ხვიჩა სათადარიგო იქნება.
"ის "ნაპოლის" ყველაზე დიდი პრობლემაა" - ანტონიო კასანო