ბლეზ პასკალს დავესესხები ერთ ფრაზას: "წარმოსახვა - ესაა ადამიანის უნარი, ცდუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს". - ჰოდა, წარმოსახვაში
დღეს ქობულეთში ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, კომუნისტების დროს მოსკოვის ცსკა შეკრებაზე იყო ჩამოსული. სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ გუნდი შეკრა და დღეს სადაც ქობულეთის "შუქურა" ვარჯიშობს, იქ ფრედ, 2:2 ეთამაშნენო. შეიძლება ეს ამბავი მართლაც მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი განმეორებადია და რაც ადრე იყო, ის ახლაც იქნება.
რაღაცნაირად ბევრი თითს ჩისკოსკენ იშვერს. დაგეთანხმებით, ის დებიუტანტია, შეიძლება მისი სამწვრთნელო კარიერა ან მალე დამთავრდეს, ან დიდხანს გაგრძელდეს. ხშირია შემთხვევა, რომ ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ვერ ამართლებს, რადგან მოედანზე სირბილი და ტაქტიკური მონახაზების გაკეთება სხვადასხვა საქმეა. თუმცა მას ჰყავს თუნდაც გვერდით ზაურ სვანაძე, რომელსაც შეუძლია რაღაცები ასწავლოს და ქართულ-ესპანური კონსესუსი მივიღოთ. მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ მწირი რესურსით მწვრთნელი საოცრებებს ახდენს. ასეთები არიან ჩვენს ჩემპიონატშიც, მაგრამ სხვა გუნდებში მუშაობენ.
წარმოსახვის ძიებაში გვავიწყდებოდა ის ფაქტი, რომ "დინამოს" კარში იყო ხოსე პერალესი, რომელიც დიდი ალბათობით, ესპანეთის საუკეთესო მეკარეების ასეულში ვერ მოხვდება, ვერც საქართველოს ეროვნული ლიგის მეკარეების სამეულში. მეტსაც ვიტყვი, ის სათამაშო კლასით თითქმის იმავე დონეზეა, როგორც - დემეტრე ბულისკერია, ლუკა შეროზია, გიორგი ჩოჩიშვილი, ბექა ქურდაძე და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ ამ ბიჭებს კარგი გამოწრთობის შემთხვევაში უფრო დიდი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე პერალესს.
"დინამოს" ორი არჩევანი ჰქონდა, უნდა ეთამაშა ან ყრუ დაცვა, ან ერთი გადახუნებული ფრაზისთვის დაეჯერებინა: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა". მაგრამ ორივე შემთხვევაში პრობლემა იყო, რადგან არც საყრდენი ზონა და არც დაცვის ხაზი არ იყო მზად, იდეალურად დასდგომოდა მეტოქეს.
ზოგს შეტევაში სირბილი უფრო შეეძლო, ვიდრე ზონების შევსება; ზოგს მაღალ ბურთზე უჭირდა თამაში, ზოგს მეორე ტაიმში ფიზიკური მომზადება არ ეყო, ზოგსაც არ შეეძლო მეტოქის მოძრაობის გამოცნობა და ზოგსაც მხოლოდ ის აბედნიერებდა, რომ "დე კუიპზე" თამაშობდა.
"ფეიენოორდი" არ არის ევროპულ ასპარეზზე მაღალი დონის კლუბი, დღესდღეობით საშუალო დონის გუნდია ნაკლებად "ფერადი" ფეხბურთით. თუ მკითხავთ, წინა სეზონში მხოლოდ ვან პერსი სძენდა მათ თამაშს გარკვეულ ხიბლს. ჩვენ ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობის იმედზე ვიყავით. გვეგონა, რომ იქ ლევან შენგელიას ბენეფისი შედგებოდა ან ნიკა ნინუა ჯარიმიდან გაიტანდა, როტერდამიდან კი გატანილი გოლით, ფრით ან მინიმალური ანგარიშით დამარცხებულები დავბრუნდებოდით. მაგრამ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ ეს გუნდი წელიწადში რამდენჯერმე ამომავალი ტალანტებით გადაძეძგილ "აიაქსს" და პსვ-ს ეთამაშება, რომლებიც ინდივიდუალური შესაძლებლობით გამორჩეულ ცხვირმოუწმენდავ ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო კრებენ და ვარსკვლავებად აქცევენ.
დიახ, "ფეიენოორდის" მცველები მათ უმკლავდებიან. წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.
ჰოდა, არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს, სანამ "დინამოში" "გუნდის" გაკეთება არ დაიწყება; სანამ არ დასრულდება კლუბის პოლიტიკა, რომლის მიხედვით, აკადემიაში გამოზრდილ ნიჭიერ ბიჭებს ევროპის დაბალი დონის კლუბებში ასხვისებს. მალე შენგელიაც წავა, შემდეგ ნინუაც, დიდი ალბათობით, ზარიაც და გაგრძელდება ის, რაც არაერთხელ გვინახავს.
P.S. ათწლედში ერთხელ შეიძლება წილისყრაში გაგიმართლოს ან არა. შეეშვით წარმოსახვებით გამოკვებას და "დატკბით" რეალობით.
თბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]
თბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით
იაპ სტამი თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით მოგებაზე: ამან არ გამაკვირვა
არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ.
სტატია მომეწონა.