"ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
"გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე წინასწარ საუბარი არ მსურს. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. უფლის, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ, მათ ხმას გავიგონებთ.
რაც შესაძლებელი იყო, მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ. კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ, გუნდის ლიდერები ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელი არიან. მოთამაშეებთან ერთად მათი თამაში განვიხილეთ და იმედი გვაქვს, ხვალ ჩვენი ბიჭებიხალხის გასახარებლად
ცოტა ხნის წინ ითამაშეს თასის ფინალში და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი კონდიციები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი უპირატესობა ნამდვილად არ გაგვაჩნია.
ბოლო თამაში ეროვნულ ლიგაში მთლად ხარისხიანად ვერ ჩავატარეთ, რაშიც, რაღაც მხრივ, ცუდმა მინდორმაც შეგვიშალა ხელი. ხვალინდელ მატჩში კი სულ სხვა მოტივაცია გაგვაჩნია.
"კუკსის" დამარცხება თავის დროზე იოლი არ ყოფილა, გახსოვთ, როგორი მიმდინარეობაც იყო იმ მატჩში. ეს კლუბები რომ შევადაროთ, მიმაჩნია, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდია.
კლუბის პრეზიდენტმა მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა, დიდ პრემიებსაც შეგვპირდა. თუმცა თანხა მთავარი არაა, გუნდში პატრიოტები მყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სახელით თამაშობენ.
გაძლიერებას რაც შეეხება, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ლეგიონერი იქნება და იმედია, გუნდს გააძლიერებს.
გუნდში დიდი კონკურენციაა, თან ყველას გვსურს, რომ ლეგიონერმა თავიდანვე კარგად ითამაშოს. თუმცა პერნამბუკოს დრო დასჭირდება, ოჯახიდან შორსაა, 21 წლის ბიჭია, თუმცა ველოდებით, რომ იმ იმედებს, რაც პირველი თამაშით ჩაგვისახა, გაამართლებს.
ნიკა ნინუას წარმატებებს ვუსურვებ. მას საკმარისი ნიჭი აქვს და თუ მოინდომებს, შეუძლია პაოკი-ს ლიდერი გახდეს და საბერძნეთის ლიგაში წამყვან ფეხბურთელად იქცეს. "ბეშიქთაშში" ტრანსფერის ჩაშლის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმედია, ყველაფერს დაძლევს.
ქართულ კლუბებს, პირველ რიგში, ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ. ყველას ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუმცა ღმერთმა ინებოს, რომ სამივემ პირველივე ეტაპიც გადალახოს და ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიოს."
თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსიალაციას კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.