თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ამხანაგურ მატჩში კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა.
ამჯერად "დინამოს" გაცილებით უფრო მაღალი დონის მეტოქე შეხვდა; უნდა ითქვას, საკმაოდ ორგანიზებულად ითამაშა, მეორე ტაიმში შედარებით აქტიურად შეუტია კიდეც, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია და სამწუხაროდ, ისევე, როგორც გასულ შეხვედრაში "კოლოსთან", გოლი კომპენსირებულ დროში გაუშვა - კობოურმა საკუთარ საჯარიმოში ბუიალსკი წააქცია, პენალტი კი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
"დინამო" (თბ) (სასტარტო): კვასხვაძე, კობოური, ბენიო, მონხილი, მექვაბიშვილი, პაპავა, წოწონავა, ქარდავა, სპორკსლედი, გაბედავა, მარუშიჩი
ეს შეკრებაზე თბილისის "დინამოს" მეოთხე მატჩი იყო - აქამდე "რადნიკთან" 0:1 წააგო, "ნაპრედაკს" 1:0 მოუგო, "კოლოსს" კი დაუზავდა 1:1. 4 თებერვალს გიორგი ნემსაძის გუნდი ბულგარეთის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.