"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი - ინტერვიუ

AutoSharing Option
"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" მიმართ ქართველ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი და დეტალებში უკეთ გარკვევის სურვილი აქვთ. თანაც, ეროვნული ლიგა მალე დაიწყება და შორს არც ევროტურნირებია.

sportall.ge ფონდის ხელმძღვანელ შალვა გოგოლაძეს ექსკლუზიურად ესაუბრა და მისგან მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციაც მიიღო.

- შეძლებისდაგვარად, მოკლედ რომ გვიამბოთ "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" საქმიანობის ესახებ. ამ თემის ირგვლივ გულშემატკივრებს სხვადასხვა, ზოგჯერ ნაკლებად ინფორმირებული მოსაზრება გააჩნიათ...
- მოგეხსენებათ ფონდის დაარსებამდე არსებული სიტუაცია -  თუ არ ჩავთვლით რამდენიმე კერძო კლუბს, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, ფეხბურთის დაფინანსება
ხდებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ, რომლის ფარგლებში წელიწადში დაახლოებით 25-30 მილიონი ლარი იხარჯებოდა, ისიც მხოლოდ პროფესიონალურ გუნდებზე.

დაფინანსება არასტაბილური იყო, ვინაიდან მისაღები თანხის მოცულობა ძირითადად რეგიონის მმართველზე იყო დამოკიდებული. გვქონდა შემთხვევები, როცა კლუბს ერთი წელი დაფინანსება რამდენიმე მილიონი ჰქონდა, ხოლო იგივე საფეხბურთო კლუბი მეორე წელს მინიმალური დაფინანსებით ხვდებოდა. ამის შედეგად კლუბის ხელმძღვანელები ვერ ახდენდნენ გრძელვადიან, განვითარებაზე ორიენტირებულ გეგმებს, რის გამოც იქმნებოდა ე.წ. ერთწლიანი კლუბები. ბევრი კლუბი სეზონის დაწყებიდან ვერ აღწევდა სეზონის ბოლომდე, ჩემპიონატის მსვლელობის დროს კლუბები იშლებოდნენ, მოიხსნენ ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებიდან ან დაქვეითდნენ ქვედა ლიგებში.

ფონდის დაარსების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ის თანხები, რაც იყო მუნიციპალიტეტების განკარგულებაში, იხარჯებოდა ყოველგვარი კონტროლის გარეშე, არ არსებობდა ინფორმაცია, თუ რაში ხარჯავდნენ კლუბები გამოყოფილ თანხებს, 2016 წლიდან ერთ სტრუქტურაში აკუმულირდა და ახლა სრულიად შეცვლილი მოდელი გვაქვს - ვიცით, თუ რას ხმარდება ჩვენ მიერ გადარიცხული ყოველი ლარი, დაფინანსება გახდა უფრო ფართოსპექტრიანი, გამჭვირვალე და გარდა საფეხბურთო კლუბებისა, მოიცვა ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი ელემენტები. კერძოდ:

• მოწესრიგდა და ჩარჩოებში მოექცა კლუბების დაფინანსების სისტემა; წინასწარ ხდება ბიუჯეტების შეთანხმება და დაგეგმვა ისე, რომ კლუბი (ძირითადად, საუბარია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ანუ სახელმწიფო კლუბებზე) არ აღმოჩნდეს ზედმეტი ფინანსური ვალდებულებების წინაშე;

• კლუბებს ჩამოშორდა ზედმეტი კადრები - როცა გუნდები ფინანსდებოდა მუნიციპალიტეტების მიერ, ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა ზოგ შემთხვევაში შეადგენდა 40-50 ადამიანს, რაც ყოვლად ზედმეტი და მიუღებელი იყო ჩვენთვის; ხოლო მას შემდეგ, რაც კლუბები ფინანსდებიან ფონდიდან, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლუბებში ადმინისტრაციულ ნაწილში ხდება მხოლოდ სფფ-ის ლიცენზირებით გათვალისწინებული კადრების დაფინანსება;

• დაიწყო საფეხბურთო საგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ - სფფ-სთან ერთობლივად გამოვლინდა ის მიმართულებები, სადაც პრიორიტეტულად საჭიროა განათლების დონის ამაღლება. ესენია: მწვრთნელების როგორც გადამზადება (REFRESH), ასევე მათთვის ახალსაგანმანათლებლო საფეხურზე გადასვლა (PRO, A, B ლიცენზია);

• ეროვნულ ლიგებში მონაწილე გუნდების ტექნიკური მხარდაჭერა ხდება, რათა კლუბებმა თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხი აუწყონ. ჩვენი და სფფ-ის დახმარებით, ეროვნული ლიგის კლუბებს უსასყიდლოდ გადაეცათ POLARIS ანალიტიკური სისტემა, ჩაუტარდათ შესაბამისი სემინარები, ასევე ხელმისაწვდომი გახდა მათთვის ისეთ პროგრამებზე წვდომა, როგორებიცაა INSTA და WYSCOUT-ი.

• გარდა ძირითადი გუნდისა, მხარს ვუჭერთ როგორც ამ გუნდის აკადემიებს, ასევე მათ საფეხბურთო სკოლებს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება 3 აკადემია ("დინამო თბილისი", "ლოკომოტივი", "მარტვილი") და 80 სკოლა (მათ შორის, დამოუკიდებელი-კერძო საფეხბურთო სკოლებიც), რომლებმაც გაიარეს სფფ-ის კატეგორიზაცია, ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით იღებენ ყოველწლიურ დაფინანსებას, რათა შეძლონ ბავშვებისთვის სპორტული ეკიპირების, ინვენტარის და ასევე მოედნების მოვლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა;

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ, რაც ფონდმა გასულ, 2021 წლის განმავლობაში განახორციელა?
- 2021 წელს, ეროვნული ლიგის გუნდების დაფინასების გარდა, მხარი მასობრივ და საგანმანათლებლო პროექტებს დავუჭირეთ - მოყვარულთა ლიგა, მასტერ ლიგა, ქალთა საფეხბურთო ჩემიონატი, რომელიც წელს ყველაზე მასშტაბური იყო და 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა; ფუტსალის ჩემპიონატი, ბავშვთა რეგიონალური ტურნირები, დავეხმარეთ სხვადასხვა კატეგორიის მწვრთნელებს გადამზადებაში და ახალ საფეხურზე ასვლაში.

- როგორ მოწმდება თანხების პროდუქტიულობა და შესაბამისად, განკარგვა სუბიექტებისგან, რომელთაც თანხები ერიცხებათ?
- საფეხბურთო კლუბების და ნებისმიერი ბენეფიციარის მიერ ფონდში თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშის წარმოდგენა თვეში ერთხელ ხდება, როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდმატარებლის სახით, ყოველი საანგარშო თვის დასრულებიდან მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

ასევე, საანგარიშო თვეში მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების, ზედნადები, ფაქტურა, მიღება-ჩაბარების, ბრძანებების და სხვა საფინანსო დოკუმენტის ასლებს, რომლებსაც შემდეგ ფონდის ანგარიშგების მენეჯერები დეტალურად ამოწმებენ, ადარებენ ფონდთან არსებულ ხელშეკრულებას და ასევე, მიზნობრიობას - თუ რამდენად სწორად იყო თანხა გახარჯული. დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ კლუბის ინფორმირება ხდება, რის შემდეგაც კლუბი ახდენს არამიზნობრივად გახარჯული თანხის მობრუნებას კლუბში და მის ხარჯვას ფონდთან შეთანხმებული ბიუჯეტის მიხედვით.

- რა შეგიძლიათ თქვათ იმ მოსაზრების საპირისპიროდ, რომ ფონდის თანხები არამიზნობრივად იხარჯება ან სათანადო შედეგები არ აქვს?

- არამიზნობრივი ხარჯვა ხორციელდებოდა მაშინ, როდესაც კლუბებს აფინანსებდნენ მუნიციპალიტეტები. გუნდები სტაბილურად მონაწილეობენ უკვე მე-6 წელია და მათ უმრავლესობას არ შექმნია არსებობის პრობლემა, ეროვნული ლიგა არ დაუტოვებია არცერთ კლუბს ფინანსების არქონის გამო. თუნდაც პანდემიის პერიოდში, ჩვენ შევინარჩუნეთ ყველა საფეხბურთო კლუბი, ფეხბურთელები, მწვრთნელები, ადმინისტრაციის თანამშრომლები. 

ასევე, ვაფასებთ ნებისმიერი პროექტის ეფექტიანობას. მაგალითად, მოყვარულთა ლიგაში მონაწილეობა მიიღო დახლოებით 30-მა გუნდმა. დღეს ეს ციფრი 440-ზეა ასული და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით 15,000 მოყვარული ფეხბურთელია ჩართული. იგივე შეიძლება ითქვას 7X7 მასტერ ლიგაზეც.

აქვე აღვნიშნავ საგანმანათლებლო პროექტების ეფექტიანობას. ერთი პროექტი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით ჩატარდა, არის მსაჯების აკადემია, რომლის სამი გამოშვების ფარგლებში ჩვენ გვყავს უკვე დაახლოებით 100-მდე ახალგაზრდა მსაჯი, რომლებიც უკვე ემსახურებიან ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა, ასევე, სამოყვარულო და ფუტსალის ლიგას.

- გაცემული თანხებიდან რა ადგილი უჭირავს/ როგორ ნაწილდება საკლუბო აკადემიების განვითარება, სახელფასო ვალდებულებები და კლუბების სხვა ხარჯები?
- კლუბებს საბაზისო დაფინანსების ფარგლებში აქვთ შემდეგი შეზღუდვა - დაფინანსების მთელი მოცულობის არაუმეტეს 60% შეუძლიათ მიმართონ ხელფასებში. ეს შეზღუდვა იმისთვისაა დაწესებული, რომ კლუბს წლის განმავლობაში არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა და კლუბის სხვადასხვა საჭიროებისათვის გამოიყენონ, როგორიცაა მგზავრობა, მივლინება, სამედიცინო ხარჯი, ეკიპირების შეძენა, მატჩის ორგანიზების ხარჯი და ა.შ.

- როცა ქართული კლუბები ევროტურნირებზე წარმატებას ვერ აღწევენ, ხშირად აპელირება ფონდის ხარჯებზე ხდება. რა შეიძლება განაპირობებდეს მსგავს მიდგომას და თქვენი მხრივ, არის თუ არა შესაძლებელი, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგათ? - უნდაც, საერთაშორისო ედეგების გაცემულ ანხებთან მიბმა?
- ფონდის სახსრები არაა საკმარისი იმისთვის, რომ ფინანსურად კონკურენცია გაუწიო ევროპულ და თუნდაც მეზობელი ქვეყნების გუნდებს. აუცილებელია სწორი მენეჯმენტის პირობებში გუნდში მოზიდულ იქნეს დამატებითი თანხები, მაქსიმალურად მოხდეს ბიზნესის ჩართვა და სპონსორების მოძიება.

ასევე მნიშვნელოვანია კლუბების ფინანსურად ძლიერი მეპატრონის ხელში გადასვლა, მათი სტაბილურობა და სწორი განვითარება. იმედი მაქვს, ეს კლუბები სამომავლოდ გაძლიერდებიან და უფრო კარგად წარმოაჩენენ თავს როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე.

- ფონდისთვის განკუთვნილი თანხები რამდენად საკმარისია და იგეგმება თუ არა გაზრდა? თუ კი, რა მიმართულებით გაიზრდება, რას მოხმარდება?
- 37 მილიონი ლარი, რაც გამოყოფილია სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის დაფინანსებაზე, ხმარდება როგორც ეროვნულ ლიგებში მონაწილე კლუბებს (70 გუნდი), ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ მასობრივ პროგრამას. დღევანდელი მოცემულობით, ეს თანხა არის 10 მილიონი ევრო, რაც ტოპ 5 ლიგის ჩემპიონატში ორი საშუალო დონის ფეხბურთელის ხელფასის ექვივალენტია, საშუალოევროპული გუნდის წლიურ ბიუჯეტზე ნაკლებიც იყოს.

რა თქმა უნდა, ეს თანხა საკმარისი არაა, სასურველია მეტი იყოს, თუმცა ამ ეტაპზე ეს მოცემულობა გვაქვს. დაფინანსების გაზრდის შემთხვევაში თანხები მიმართული უნდა იყოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ასევე - საგანმანათლებლო პროგრამებზე, მწვრთნელების გადამზადებაზე და ა.შ.

alt"პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება" - ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგია

altაღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ფეხბურთის ფედერაციაში


მკითხველის კომენტარები / 14 /
ლიცენზირებულ კადრებს ვაფინანსებთო რომ ამბობს, 24 ფეხბურთელი ხო ჭირდება მინიმუმ. 10-12 კაცი სამწვრთნელო და სამედიცინო კუთხით. დირექტორი ფინ მენეჯერი. იურისტი, ლიცენზირების მენეჯერი, სტადიონის 2-3 მუშა. გამოვიდა მინიმუმ 44 ხელფასიანი კადრი. გაყავით ლიგა3 ის სახელფასო ფონდი:150000 ლარი 12 თვეზე და 44 კაცზე და მიიღებთ საშუალოდ 285 ლარს. და როგორ განავითარებს 285 ლარიანი ფეხბურთელებით და მწვრთნელებით ეტყობა კიდეც კლუბებს
კობა
17 თებერვალი 2022 16:38
1
ამ ფონდმა რაიმე განვითარება მოუტანა ქართულ ფეხბურთს? უფრო სწორი სახელი იქნებოდა 'ქართული ფეხბურთის ხელოვნური სუნთქვის პროგრამა'. ყველა აღიარებს ეს პროგრამა რომ არა ალბათ რამოდენიმე კლუბი იარსებებდა საქართველოში და ფაქტიურად ფეხბურთი არ იქნებოდა. ჩემი აზრით სანამ ბიზნესი არ დაინტერესდება და კლუბები მოგებაზე იმუშავებენ და არა სახელმწიფოდან დახმარებაზე მანამდე ესე ვიქნებით. ერთადერთი ნათელი წერტილი ალბათ მინიფეხბურთის ნაკრებია, რომელმაც შედეგი დადო. იმას არავინ უარყოფს რომ მუნციპალიტეტს რომ ებარა ფული ჯობია ფონდმა განკარგოს, უბრალოდ ფონდის მუშაობა მაშინ შეფასდება დამაკმაყოფილებლად როდესაც ამ ფონდის საჭიროება აღარ იქნება.
აზრი
17 თებერვალი 2022 14:36
1
რას არ იტყვის ამის ენა, რომ დიდი ხლფასი შეინარჩუნოს, დასაქმებული ჰყავდეს მეგობრები. რას არ იკადრებენ რომ სახელმწიფო ფული გახარჯონ.
უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს ზღვარი არა?
მოშორდით ელიგის პირველ სამ ლიგას. აღიარეთ ისინი პროფესიულ ლიგებად, იქ იყოს მხოლოდ კერძო საკუთრების კლუბები. დანარჩენი სამოყვარულოები დაყავით უმაღლეს და პირველ ლიგებად, შეგიძლიათ ლიგები ზონებად დაყოთ და მიეცით ყველას მხოლოდ 250 000 ლარი, ასეთი იქნება სულ 40 კლუბი ანუ 10 მილიონი ლარი სამოყვარულო ლიგებს. პროფლიგები კი თქვენ რომ გაქრებით, თვითონ დალაგდებიან.სანამ თქვენ ხართ მაგ ლიგებში კერძო კლუბების სპონსორები, მანამ იქ წესიერი სპონსორი არასოდეს მივა.
Jango
21 დეკემბერი 2021 16:54
5
საფეხბურთო ინფრასტრუქტურას და სისტემას რომ მიეხედოს, ჯერ სპორტული ჟურნალისტიკაა მისახედი და სასწავლი. პატიოსანი და პროფესიონალი ჟურნალისტები, რომლებიც ყველა იმ მანკიერებას გამოააშკარავებენ რაც ფეხბურთშია და სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ობიექტური კრიტიკის ქვეშ უნდა ამყოფონ საფეხბურთო მესვეურები, რადგან კამათში იბადება ჭეშმარიტება.
ირაკლი
21 დეკემბერი 2021 12:42
2
ხალხო, როცა ქვეყნაში ფეხბურთის განვითარებაზე იმდენი იხარჯება, რამდენიც ტოპ-5-ის საშუალო სიძლიერის ფეხბურთელის ხელფასია, რა ფეხბუთის განვითარებაზეა საუბარი? ამ სიტუაციაში გამოსავალი ასეთი უნდა იყოს: რეგიონებში უნდა შეიქმნას 10-ამდე საფეხბურთო სკოლა და ტალანტები იქ ვავარჯიშოთ მთელი ქვეყნიდან. საქართველოში უნდა დარჩეს ორი ლიგა, ასევე უნდა აიკრძალოს ამ ლიგებში 27-28 წელზე მეტი ფეხბურთელის თამაში, ანუ ან ხარ ფეხბურთელი და მიდის საზღვარგარეთის გუნდებში ან ისწავლე ხელობა, რომელმაც დარჩენილი ცხოვრება უნდა გარჩინოს. სხვათაშორის ასეთი რამ გაკეთდა 80-იან წლებში.
ჟორა გაბრიჭიძე
21 დეკემბერი 2021 12:08
3
მე, პირადად, დასამალი არაფერი მაქვს. წლების მანძილზე ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი. მეგობრებო, ამ ფონდში თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ (დავით ლაშხი, გიორგი კალანდაძე, პეტრე ბახტაძე). თითოეულ თეთრს აკონტროლებენ და კლუბებს *თავის ჭკუაზე* მოქმედების საშუალებას არ აძლევენ, არადა ამის ბევრი მცდელობაა! პრობლემა ფონდის არსებობა და დაფინანსება კი არა, თანხების არასწორად განკარგვაა და ესაა სწორედ პრობლემა. ყველაზე დიდი პრობლემა ჩაწყობილი თამაშებია, რომელიც ათეულობით ტარდება მთელი სეზონის მანძილზე. და კაცი არ გამოჩნდა, რომ ქმედითი ბრძოლა გამოუცხადოს ამ სენს. ჩარარდა ერთი კონკრეტული შეხვედრა, რომელზეც დიდი ეჭვი გვქონდა, რომ გარიგებული იყო და დავიწყე დეტალების გარკვევა. საბოლოოდ, იქამდე მივედი, რომ დამემუქრნენ და თუ არ გავჩუმდებოდი, ჩემ შვილს შეუქმნიდნენ სერიოზულ პრობლემას. საქმის კურსში ჩავაყენე ფეხბურთის ფედერაცია. ისე დავტოვე კლუბიც და მერე საქართველოც, ამ საქმეზე რეაგირება არ მომხდარა. უამრავი ბევრი ფაქტი ვიცი კლუბების მეპატრონეებზე, ხელმძღვანელებზე, თანაშების ჩამწყობებზე. სამწუხაროდ, ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა. მათ შორის არც მედია. ამდენად, პრობლემა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაში კი არაა, არამედ თანხების არასწორად ხარჯვაში.
მიშა
20 დეკემბერი 2021 22:13
0
მართალი ბრძანდებით, ამათ ლიჟბი ჩაატარონ ჩემპიონატი და წინასწარ იციან ანგარიშებიც , სირცხვილია ეს, არადა როგორ კარგად შეიძლება კარგი ჩემპიონატი ჩატარდეს და დიდი პროდუქტი რომ შეიქმნას, რუსეთი, უკრაინა, ხაზახეთი, აზერბაიჯანი, უკვე მოლდოვაც, ჩვენ კი უფრო მეტს შევძლებთ, ძველი დინამო იმიტომ იყო დინამო რომ არ მიდიოდნენ სხვაგან სათამაშოთ, ახლაც ის ტალანტები 18 წლის ასაკში კაპიკებად რომ არ წავიდნენ იგივე იქნება, ფეხბურთელს გასაქცევად არ უნდა ჰქონდეს საქმე, აქ რომ გექნება ის პირობა რაც უკრაინა რუსეთშია საშუალო გუნდებში, მაქეთ არავინ წავა და მაგარი ჩემპიონატიც გვექნება, ხალხიც ივლის და ის სიხარული და სითბო იქნება, ყველა ქალაქსა თუ რაიონში არის მილიონფები, ყველას შეუძლია ითავოს დაფინანსება, მაგრამ არა, ჰკიდიათ ყველას, ფედერაციამ პროექტი უნდა შექმნას და დააინტერესოს ბიზნესი, თუ არ შეიფუთა სულ ვივლით ერთ კრუგზე და ვიძახოთ მერე ვერ გავიარეთ ერთი ეტაპიო, სირცხვილია, თუნდაც კოლხეთი რუსთავის მატჩი ავიღოთ, სვისტოკით დატოვეს რუსთავი
ზუკა
21 დეკემბერი 2021 01:21
2
წყალში იყრება ეგ ფული. მართლა რამე კაი საქმეს ეყოფოდა
მარი
20 დეკემბერი 2021 17:42
6
ჩემი აზრით ფეხბურტის განვითარების ფონდი კი არა მაგას უნდა ერქვას ბიუჯეტიდან კლუბების დახმარების ფონდი .
და მაშინ ყველა მიხვდება სადაც მიდის.
სამარცხვინო სისტემაა და მეტი არაფერი.
ძალიან უსამართლო.
როცა ბავშვთა ბეხბურთის გუნდები ეზოების სტადიონებზე თამაშობენ.
ბიუჯეტი არის საერტო სახალხო. და რატომ აძლევენ კერძო კლუბებს.
მოკლედ 100 არგუმენტი შეიძლება მოიყვანო ამ ფონდის წინააღმდეგ მაგრამ მერამდენე წელია მაინც არსებობს ამ ფორმით..
რა ვიცი.
მეტის ღირსები ვართ ჩვენი ფულის მოვლა არ ვიცით.
არც ქვეყნის მოვლა.
lsd
20 დეკემბერი 2021 16:18
6
ჩემი აზრით ფედერაცია უკუღმა აკეთებს საქმეს, ვფიქრობ ნაადრევია 10 გუნდიანი ეროვნული ლიგა, საერთოდ ზედმეტია ეროვნულ ლიგა 2 შიც 10 გუნდი, მე ჩემს აზრს ვიტყვი, ეს უნდა მოხდეს იმ დროს როდესაც 20, 25 გუნდს კერძო სპონსორი ეყოლებათ, სტადიონები ექნებათ, ბაზა და საფეხბურთო აკადემია, ეს არის მინიმუმი და დაფინანსება უნდა ჰქონდეთ იმდენი რომ რუსეთსა და უკრაინაში არ გარბოდნენ, პირობები როდესაც იქნება ჩემპიონატიც ძლიერი გვექნება, ნიჭიერ ახალგაზრდებს კარგი ლეგიონერები მაგრად აიწევა დონე, ჩვენ ქართველები ფეხბურთშიც ნიჭიერები ვართ და რაც აზერბაიჯანი აკეთებს ორჯერ და 3 ჯერ მეტ პროდუქტს შევქმნით, ამის მერე მაგარი 10 გუნდიანი იქნება და მეორე ლიგაც 10 უნდა იყოს და მესამეც, ვფიქრობ ზედმეტია მე 4 ლიგა, უნდა იყოს რეგიონალური ლიგა და ვისაც ლიცენზია არ ექნება ანუ სტადიონი ბაზა და ასე შემდგომ ის ვერ უნდა გადადიოდეს მე 3 ლიგაში, ასე მე 3 ლიგაც პროდუქტიული იქნება, უნდა იყოს სატელევიზიო არხები სადაც მოხდება მატჩების განხილვა და პირდაპირი რეპორტაჟები, ტელევიზიებიც დაინტერესდება მეტი ბიზნესი იქნება და როდესაც პროდუქტიული იქნება იქ უკვე ბიზნესიც იქნება და ევროტურნირებიდან პირველი და მეორე ეტაპიდან კი არ გამოვარდებით, მინიმუმ 2 გუნდი სულ გვეყოლება ჯგუფში, მერე კვოტაც მოგვემატება და წარმატება ასე მოდის სწორი გზით, ჯგუფში რომ ითამაშებ და ახლა რომ ყიდიან 1 მილიონად, მერე 10 და 15 და 20 გაყიდი, ანუ გუნდიც ვითარდება ფინანსურად, ლიგაზე მოხვდები ჯგუფში უკვე 16 მილიონი გაქვს, ვსიო საქართველოდან უკვე ფეხბურთელს რუსეთში წასვლა არ მოუნდება, პირდაპირ ტოპ ლიგებში წავლენ, თორემ ახლა არა ჩემო კარგებო 10 გუნდიანი, ახლა რა აზრი აქვს, ახლა უნდა იყოს 16, 16 რომ მეტი ფეხბურთელმა მიიღოს გამოცდილება, კარგით რა მართლა საქმე გააკეთეთ თავიდან, თითო ქალაქში ბიზნესმენება აიყვანოს გუნდები, როგორც ბათუმში მპხდა, ფოთსა და ზუგდიდში რა არ არის ბიზნესმენები, ძალიან ბევრია, ასევე სხვა ქალაქებში, ანუ ამ პროექტის განხორციელება რეალურია.
ზუკა
20 დეკემბერი 2021 15:32
11
მანდ რომ მიხვიდე,ჯერ ფეხბურთი უნდა გქონდეს და სწორედ ამას ემსახურება ეგ ფონდი.სააკაშვილმა კვლევითი ინსტიტუტები დახურა,ფული არა გვაქვსო.ახლა აღარც ინსტიტუტები გვაქვს,აღარც მეცნიერები,აღარც მეცნიერება და აღარც სპეციალისტები.უამრავმა დარგმა შეწყვიტა არსებობა და მათ აღდგენას,100-ჯერ მეტი თანხა დასჭიდება,დიდი დრო და კიდევ საკითხავია,აღდგება თუ ვერა.მემკვიდრეობითობა თუ გაწყდა,მორჩა,ნულიდანაა დასაწყები ყველაფერი.
სოსო
20 დეკემბერი 2021 18:40
2
რაში იხარჯება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი? პასუხი მარტივია: აფრიკიდან ჩამოყვანილი უნიჭო და დაბალი დონის "ფეხბურთელებზე".
მწარე სიმართლე
20 დეკემბერი 2021 14:58
4
მე საუბარი მაქვს, საქართველოს ჩემპიონატზე, თორემ უცხოეთის ლიგებზე, პროფესიონალი და მართლა მაგარი ფეხბურთელები მიყავთ, თავიანთ გუნდებში. აქ ჩვენთან, რა ხდება? მოყავთ და ვერ ამართლებენ, უბრალოდ ამდენი თანხები არაფერში იყრება. დავიჯეროთ, საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები, აღარა გვყვავს? რაღა აფრიკიდან? (რომლებითაც აივსო ჩვენი გუნდები)
დათოს
20 დეკემბერი 2021 16:41
2
უნიჭო რატო მეგობარო ბევრი აფრიკელი ფეხბურთელი (თუნდაც იაფი) კარგად თამაშობენ, არ არის აუცილებელი რომ ყველამ გოლი გაიტანოს მათ თავიანთი პოზიციიდან გამომდინარე უნდა გააკეთონ საქმე, და აფრიკელებს ეგ არ ეშლებათ რამდენი კარგი აფრიკელი ფეხბურთელია აი თუნდაც ჩელსიმ რომ იყიდა მენდი (მეკარე), 1მილიონად იყიდა აფრიკელი ფეხბურთელი და ვერ ხედავ რეები ქნა? ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფის ბოლო თამაშამდე არ გაუშვა გოლი (ასევე იყო პრემიერ ლიგაშიც).
დათო
20 დეკემბერი 2021 16:12
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული