ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება თუ ცოტა რთულია, ევროპის რანგით მესამე, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში შეუძლებელი არ უნდა იყოს. გულახდილად რომ ვთქვათ, ამ ეტაპზე ამის ყველაზე დიდი იმედი თბილისის "დინამოს" უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულმა კლუბმა ბოლო წლებში რამდენიმე მწარე მარცხი იგემა, ბოლოდროინდელი თამაში და გარკვეული სასიკეთო მოვლენები პოზიტივის საშუალებას გვაძლევს. გვინდა გვჯეროდეს, ისევ იმედგაცრუებას ავცდებით...
მწვრთნელის ფაქტორი
სტილი და სიახლე
"ტორპედოსთან" პრინციპულ დაპირისპირებაში კარგად გამოჩნდა, რომ ჭიაბრიშვილის კრედო შეტევაა. საგულისხმოა, რომ ის ფეხბურთელებთან კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა. მაგალითად, საგრძნობი გახდა, რომ "ლოკოში" მისი ყოფილი შეგირდი თორნიკე კირკიტაძე, რომელიც ახლა მას ახალ კლუბში დახვდა, ჭიაბრიშვილთან თავს მშვენივრად გრძნობს და უკეთეს ფორმასა და ხასიათზეა.
რის ხარჯზე მიიღწევა წარმატება?
თბილისის "დინამოს" თამაშის წარმართვის რესურსები როგორც ფლანგებიდან, ასევე ცენტრიდან აქვს. ხსენებულ კირკიტაძესთან ერთად, მარჯვენა ფლანგზე ნიკა მალი გამოდის და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, აქ თბილისელებს ყველაზე ნაკლები პრობლემა ექნებათ. სუსტი არც საპირისპირო ფლანგია. მთავარია, ერთ დროს ძალიან პერსპექტიულად მიჩნეულმა ლევან ხარაბაძემ სტაბილურობას მიაღწიოს. გასული ევროთასები რომ გავიხსენოთ, მის კარგ თამაშს დაღს მნიშვნელოვანი შეცდომა ასვამდა. კარგად გამოიყურება გორის "დილიდან" გადაბარგებული, გვინეელი უსმანე კამარა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მას უფრო მეტი მოეთხოვება.
თუკი ცენტრალურ ზონას ავიღებთ, სანაკრებო გამოცდილების შემდეგ ანზორ მექვაბიშვილი კიდევ უფრო თავდაჯერებული ჩანს. მთავარია, მის თამაშში მეტი გამამწვავებელი პასი იყოს...
რა თქმა უნდა, "დინამოს" გაძლიერება სჭირდება და ნიდერლანდელი იმრანის
ტრანსფერი სწორედ ამაზე მიუთითებს. თუკი კირკიტაძეზე ვთქვით, ისიც ჭიაბრიშვილის "ლოკომოტივში" კარგად გამოიყურებოდა და მეტოქეთა კარის აღება არ უჭირდა.
საბა ხვადაგიანი ბოლო დროს სათანადო დონეზე ვერ გამოიყურება და "დინამოს" ცენტრალური დაცვის გაძლიერება დასჭირდება. საუბრებია "ლოკომოტივის" კიდევ ერთი ნახევარმცველის, ბექა დარცმელიას გადაბირებაზე. რაც შეეხება წინა ხაზს, უკრაინელი ბილენკი შედეგიანია, თუმცა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე გრძელი გზაა, სადაც მაქსიმალურად დიდი კონკურენციაა საჭირო. "ტორპედოს" დავით სხირტლაძემაც გაუტანა, რომელიც დანიიდან გვახსოვს და ჩვეულ სტილში აღნიშნა.
"დინამოს" უახლოესი მეტოქე
ჭიაბრიშვილის "დინამოს" ნამდვილად შეუძლია ესტონური ბარიერი დაძლიოს და მერე სომხურ "არარატ-არმენიაზე" იფიქროს.
აჰყვებიან ქართული კლუბები პოზიტიურ ფონს? - რატომ გვეშინია ევროტურნირების...