სფფ-ის საარჩევნო ყრილობა თებერვალში - ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის წევრობისათვის იბრძოლებს

AutoSharing Option
22 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

წლის ბოლო სხდომაზე 2023 წლის საარჩევნო ყრილობის თარიღი დამტკიცდა. XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს გაიმართება. სფფ-ის წევრებს, პრეზიდენტობის, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატებისა და ყრილობის დელეგატების წარსადგენად ვადა 2023 წლის 14 იანვრამდე აქვთ.

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის, უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებების 2022 წლის რედაქციის დამტკიცების შესახებ. განახლებულ რედაქციაში ეროვნული ლიგის 10 კლუბს მოთხოვნა მიეცა, შექმნან ქალთა გუნდები ან პატრონობა აიღონ არსებულ ქალთა
გუნდზე ან საფეხბურთო სკოლაზე. ამასთან, ეროვნული ლიგის 10 კლუბთან ერთად, ქალთა ლიგის მოწინავე სამეულში მყოფ კლუბებს მოეთხოვებათ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით პოლიტიკის შემუშავება, რომელსაც კლუბის მიერ დანიშნულმა პირმა უნდა უხელმძღვანელოს.

სხდომაზე შეჯამდა 2022 წელი და დაიგეგმა მომავალი წლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები. სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ გააცნო ინფორმაცია. 

Sportall.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა წლის შემაჯამებელი აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც დღეს აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს გავაცანით. 2023 წელი საარჩევნო წელია უეფასა და ფიფაში. შესაბამისად, უეფაში გაიმართება როგორც პრეზიდენტის, ისე აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნები. ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში პირველად, გადავწყვიტეთ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრობაზე სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე ვაცნობეთ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს. ლევან კობიაშვილის კანდიდატურა უეფას მიერ დადგენილ ვადებში ოფიციალურად იქნება წარდგენილი.

მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ის პროექტები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის 7-წლიან ვადაში განვახორციელეთ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველად ისტორიაში, ქართველი გახდეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი."

შეგახსენებთ, რომ უეფას წესდების შესაბამისად, უეფას წევრი ასოციაციის ერთ მოქმედ თანამდებობის პირს შეუძლია უეფას აღმასკომის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. უეფას აღმასკომის წევრების არჩევა ხდება უეფას კონგრესის მიერ 4 წლის ვადით. უეფას 2023 წლის კონგრესი 5 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება.

ინფორმაცია და ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბატონო ლევან და სფფ ძალიან გთხოვთ დაავალოთ კომპეტენტურ პირებს ყურადღება მიაქციონ საზღვარგარეთ დაბადებულ ბავშვებს რომლებიც თამაშობენ სხვადასხვა ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში.მაგალითისთვის ისრაელის U17 მიწვეულია გიორგი კუპრავა რომელიც 16 წლისაა და საკმაოდ ნიჭიერი ბიჭია.
ფანი
08:25 23-12-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული