2022 წლის შეჯამება - ინტერვიუ ალექსანდრე იაშვილთან

AutoSharing Option
საქართველოში საფეხბურთო წელი დასრულდა. ახლა შეფასებებისა და მომავლის გეგმების დროა. SPORTALL.GE-მ ამისთვის საინტერესო რესპონდენტი შეარჩია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიენტი და სანაკრებო კურატორი ალექსანდრე იაშვილი…

- გასულ წელს საქართველოს ნაკრებს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა; ბოლოს მაროკოს ნაკრებთან დავმარცხდით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან წარმატებულია. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი თამაშის ხარისხში ხარვეზები იყო, რაც მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმაც აღნიშნა, თუნდაც, გიბრალტარის ნაკრებთან სტუმრად მოგებულ მატჩში...
- ეროვნულ ნაკრებს წარმატებული 2022 წელი ჰქონდა. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ და ყველა ასაკობრივი ნაკრების შედეგების გათვალისწინებით,
უკმაყოფილონი ვართ. მუდამ ვცდილობთ, თვითკრიტიკულები ვიყოთ და ჩვენი მიზანია, პროგრესი ყოველწლიურად თვალსაჩინო გახდეს და უფრო მეტად განვვითარდეთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ასაკობრივ ნაკრებებში ცუდი შედეგები გვქონდა და ის მოლოდინები, რაც არსებობდა, არ გამართლდა. აუცილებელია, ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ, რადგან იქ მოთამაშე ფეხბურთელები ხომ ეროვნული ნაკრების ხვალინდელი დღე არიან.

რაც შეხება ეროვნულ ნაკრებს, ხარვეზები ყოველთვის არსებობს, ეს გრანდების შემთხვევაშიც კი ასეა. რაც მთავარია, პროგრესი სახეზეა და მთავარი მიზანი, რაც დავისახეთ, შესრულდა - "ერთა ლიგის" ჯგუფში გამარჯვება. ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს. როცა სავსე სტადიონის თვალწინ ამარცხებ ჩრდ. მაკედონიას, უკვე ჯგუფის გამარჯვებული ხარ და ამ სტატუსით ჩადიხარ გიბრალტარში სათამაშოდ, სადაც არის ცუდი ხელოვნური საფარი და განსხვავებული ატმოსფერო, გამარჯვება შედარებით რთულია, თუმცა მას მაინც უნდა მიაღწიო და ასეც მოხდა. უპირველესი შედეგია და დივიზიონის საუკეთესო გუნდი გავხდით, რაც ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის საშინაო არენაზე ჩატარებას ნიშნავს. გვსურს, შედეგთან ერთად, ხარვეზები გამოვასწოროთ. მთავარია, წარმატებას მივაღწიოთ. ეროვნულ ნაკრებს შვედეთთან, ჩრდ. მაკედონიასთან, ბულგარეთთან თუ ალბანეთთან ხარისხიანი მატჩები ჰქონდა. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ვილი სანიოლის გუნდი სწორ გზაზეა.

- მსოფლიო ჩემპიონატს ვუყურებთ და ამა თუ იმ გუნდში ლიდერის როლს კარგად ვხედავთ. საქართველოს ნაკრებში ასეთი ხვიჩა კვარაცხელიაა. მის გარეშე და მასთან ერთად სანიოლის ნაკრები სხვადასხვაა. ხომ არ არის გუნდის წარმატება ერთ ფეხბურთელზე ზედმეტად დამოკიდებული? ასევე, არსებულ ტაქტიკურ სქემასთან ერთად, გვაქვს თუ არა ე.წ. გეგმა ბ, რომლის გამოყენებაც საჭირო შეიძლება გახდეს?
- ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთვისაც და "ნაპოლისთვისაც" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ლიდერს კლუბსაც და ნაკრებშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ფეხბურთი გუნდური სპორტია. შესაბამისად, გამორჩეულ ფეხბურთელს დიდი ძალა მაშინ აქვს, როცა გუნდში ყველას თავისი ადგილი გააჩნია, ყველაფერი სწორად ფუნქციონირებს. მართლაც, თითოეულმა მოთამაშემ იცის, რა გააკეთოს. ნაკრებში კარგი ატმოსფეროა, ძლიერი მწვრთნელითა და ფეხბურთელებით, კაპიტნითა თუ ვიცე-კაპიტნით. ყველაფერი ეს საერთო შედეგებს ქმნის. ყველა მწვრთნელს გარკვეული დრო სჭირდება, თავისი გუნდისთვის შესაფერის ტაქტიკურ სქემას მიაგნოს. სანიოლის შემთხვევაში ასეც მოხდა. ამის მიუხედავად, სათადარიგო ვარიანტი ყოველთვის არსებობს და თუ საჭიროება იქნება, მას აუცილებლად დავინახავთ.

Sportall.Ge

- როცა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა და "ერთა ლიგის" პლეი-ოფის ფინალის სამზადისში ვიყავით, თითქოს გულშემატკივრებიც, მწვრთნელიცა და ფეხბურთელებიც მხოლოდ იმ მატჩზე და ევროპის ჩემპიონატთან ახლოს ყოფნაზე ფიქრობდნენ, ამასობაში კი შესარჩევ ციკლსა და უკვე მომდევნო "ერთა ლიგაზე" წარუმატებელ გამოსვლას სათანადო ყურადღება მაინც არ მიექცა. ახლაც, პლეი-ოფამდე დიდი დროა და მოხდება თუ არა ვილი სანიოლის მუშაობის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლით შეფასება?
- შემდეგი შესარჩევი ციკლი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია, ჯგუფში მე-2 ადგილისთვის ვიბრძოლოთ. ერთ-ერთი მთავარი ახლა სწორედ მარტისთვის მომზადება და ნორვეგიის ნაკრების დამარცხებაა. მოგეხსენებათ, ვილი სანიოლს ხელშეკრულება გაუგრძელდა. ის მიზანზეა ორიენტირებული. თავიდანვე ასე იყო - შესარჩევ ეტაპზე მინიმუმ მე-3 ადგილზე უნდა გავსულიყავით ან მოგვეგო "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპი. დარწმუნებული ვარ, ძალიან რეალურია, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. მსოფლიო ჩემპიონატმა დაგვანახა, რომ თამაში და გამარჯვება ყველასთან შეიძლება.

- თქვენი ერთ-ერთი და საკმაოდ წარმატებული მიმართულებაა, ქართული გვარის მქონე მოთამაშეების, რომლებიც უცხოეთში გამოდიან, ჩვენი ქვეყნის ნაკრებში გამოსვლა. არაერთი გვარის დასახელება შეგვიძლია - მიქაუტაძე, წიტაიშვილი, საზანოვი... ველოდოთ უნდა თუ არა ისევ ამ მიმართულებით სიახლეებს?
- ჩვენი ამოცანა თავიდანვე იყო და არის, ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც უცხოეთში გამოდიან, სრული ინფორმაცია გვქონდეს, სელექცია ჩატარდეს. ამ მიმართულებით ანალიტიკოსთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რათა არაფერი გამოგვრჩეს. 17-წლამდელთა ნაკრებში დაახლოებით 10 მოთამაშე იყო, რომლებიც სწორედ ესპანეთში, იტალიასა თუ საფრანგეთში გამოდიან. დიდი ქვეყნებიც, როგორიც გერმანია და ინგლისია, ზუსტად ამას ცდილობენ. ამით მწვრთნელს დიდი არჩევანი აქვს, კონკურენციაც იზრდება. ასევე, ამ ახალგაზრდებს სხვა მენტალიტეტი და პროფესიონალიზმი შემოაქვთ და მთლიან სურათს ეხმარება, რათა ის უკეთესი გახდეს.

- როგორც ვიცით, მარტში, შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე, ამხანაგური შეხვედრის ჩატარება იგეგმება. მეტოქის შესარჩევად რა მიმართულებით მიდის მუშაობა?

- ამ პროცესში მთავარი მწვრთნელიცაა ჩართული. ორი მიმართულება გვაქვს - ან ნორვეგიელთა მსგავსი დონისა და სტილის მეტოქეს დავუპირისპირდეთ, ანაც შედარებით, სუსტი მოწინააღმდეგე შევარჩიოთ. დარწმუნებული ვართ, ხელსაყრელ მეტოქეს შევხვდებით.

- ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, ეს მატჩი საქართველოში გაიმართოს, რადგანაც პირველი ოფიციალური მატჩი სწორედ საშინაო გვაქვს. აქვე მინდა აქტუალურ თემაზე გკითხოთ - სად შეიძლება შედგეს ნორვეგიასთან 1-ლი ტურის დაპირისპირება?
- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებისას, "დინამო არენაზე" სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ასეთი ვითარება რამდენიმე სტადიონზე შეიძლება იყოს, ამიტომ დიდი შანსია, ნორვეგიასთან შეხვედრა ბათუმში შედგეს, თუმცა მანამდე დიდი დროა და როცა გადაწყდება, მაშინ გავახმოვანებთ.

Sportall.Ge

- ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შეხვედრები, ასევე ეროვნული ნაკრების ივნისის მატჩები, რომლებიც ერთ პერიოდში იმართება. ეროვნულ ნაკრებში არაერთი მოთამაშეა, რომლებსაც ევროფორუმზე გამოსვლაც შეუძლიათ - კვარაცხელია, დავითაშვილი, მამარდაშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი... თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
- რა თქმა უნდა, ორივეს მნიშვნელობა დიდია. უმთავრესია, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს შორის კარგი კომუნიკაცია არსებობდეს, რაც მუდამ ასეცაა. დარწმუნებული ვართ, რომ ის დრო მოვა, ისეთი გადაწყეტილება იღება მიღებული, ორივე ნაკრებისთვის სასარგებლო იქნება.

- 21-წლამდელებს წინ დიდი ამბები ელით, უკანასკნელი ამხანაგური მატჩების უმეტესობაში კი ძალიან უარყოფითი შედეგები და თამაშის ხარისხი იყო...
- რადგანაც შესარჩევი ეტაპიდან თავისუფალი ვართ, ჩვენი მიზანი იყო, ამხანაგური მატჩები ძლიერ გუნდებთან ჩაგვეტარებინა. ამის მიხედვით შევარჩიეთ ინგლისის, პორტუგალიისა თუ ისრაელის ნაკრებები. რა თქმა უნდა, თურქეთსა და პორტუგალისთან თამაშის ხარისხი და შედეგი ცუდი იყო, თუმცა ეს მიმდინარე პროცესია. მწვრთნელი სხვადასხვა მოთამაშესაც გამოცდის, რათა ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნოს. ამხანაგური მატჩი უფრო მეტად ამას ემსახურება. მარცხი ყოველთვის უსიამოვნოა. მარტში ძლიერ მეტოქეებთან 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. რაც მთავარია, ეს გუნდი მზადაა ევროფორუმზე ბრძოლისა და წარმატებისთვის.

- თავად თქვით, რომ ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლით უკმაყოფილო ხართ. საკადრო რესურსი, მწვრთნელების შეცდომები - მაინც რას უკავშირებთ ამ მდგომარეობას?
- უმთავრეს მიზანს, ელიტრაუნდში გასვლა, ვერც 17 და ვერც 19-წლამდელთა ნაკრებში ვერ მივაღწიეთ. ჩემთვის აუხსნელი იყო, რომ 19-წლამდელებმა ამხანაგური შეხვედრები მაღალ დონეზე ჩაატარეს, თუმცა შესარჩევ ციკლთან, ფაქტობრივად, მოშლილი გუნდი ვნახეთ. არ მინდა კონკრეტულ დეტალებში შესვლა. წელი ძალიან ცუდი იყო. ახლა მთავარი სწორი ანალიზია. როცა რაღაც არ გამოდის, აქ ყველას პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ჩემი, როგორც სანაკრებო კურატორის.

- დაბოლოს, ეროვნული ლიგის სეზონიც დასრულდა. ისევ გვაქვს ევროთასებზე წარმატების მოლოდინი, რაც გასულ წელს, ისევ გაგვიცრუვდა. რა მოლოდინი გაქვთ ახლა?
- კარგი მოლოდინი მაქვს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კლუბები მაქსიმალურად შორს გავიდნენ. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს განავითარებს, კონკურენციას გააძლიერებს. მაყურებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, მხოლოდ სანაკრებო მატჩებს არ ელოდებოდნენ და ევროპული ფეხბურთის ხილვის შესაძლებლობა უფრო ხშირი იყოს. იმედია, ჩვენი კლუბებიც საკუთარ მაგალითზე ისწავლიან, რა შეიძლება უკეთ გააკეთონ.

წარმატებულ 2023 წელს გისურვებთ!

altსაქართველოს ნაკრები "გაიჭედა" - რას შეცვლიან კვარაცხელია და სანიოლი გაზაფხულზე?

altსანიოლმა ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას მდგომარეობასა და ყაზაიშვილის არგამოძახებაზე ისაუბრა

altსაქართველოს ნაკრების შანსები, უპირატესობები და პრობლემები - მომავლის ვარსკვლავები ერთ ჯგუფში

altსაქართველოს ნაკრების მეკარის რთული და სევდიანი ისტორია - საამაყო მომენტში ყველაზე დიდი გულშემატკივრის გარეშე...

მკითხველის კომენტარები / 11 /
ასაკობრივებში შედეგი საიდან იქნება? შიდა ჩემპიონატის დონე ფსკერზეა დაცემული,ბავშვების უმეტესობამ ამიტომაც უკლეს თამაშს.ნაკრებები სულ მე 2 ნომრად თამაშობენ, აზერებთანაც კი.ეს უკვე ჩვენი სტილი გახდა და ამ ტაქტიკაში თუ კვარაცხელია ან 1,2 სწრაფი გამქცევი არ გყავს, ვერავის მოუგებ.კლასი საიდან ექნებათ,როცა თამაშები 9-0 მთავრდება? უ21 შიც ბევრმა უკლო თამაშს,თითქმის ყველამ,ეროვნული ლიგის დონეც დაცემულია,რაც ევროთასებზე ყველაზე კარგად ჩანს.გაზაფხულ-შემოდგომის სისტემამაც არ გაამართლა.ეროვნულიც კვარაცხელიას გარეშე ვნახეთ რასაც წარმოადგენს. მოკლედ,თავს ნუ მოვიტყუებთ, სიტუაცია საგანგაშოა და ბევრი რამეა შესაცვლელი
გია
18:52 16-12-2022
0
ფედერაციას მინდა ვთხოვო რომ ყურადღება მიაქციოს ისრაელში დაბადებულ და გაზრდილ ბიჭს გიორგი კუპრავას რომელიც ნეს ციონას საფეხბურთო კლუბის წევრია და ისრაელის ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს
ქართული ფეხბურთის ქომაგები
08:51 15-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული