ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. 28 თებერვალს გუნდები ერთმანეთს "მიხეილ მესხი 2"-ზე დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასას მოედანზე" გამართა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა და ნინო პასიკაშვილმა გააკეთეს.

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხზე შემოგთავაზებთ. შეხვედრაზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის 25 თებერვალს ჩატარებული პირველი ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მეორე შეხვედრას უცვლელი შემართებით ვხვდებით. მოთამაშეებმა, რომლებიც მოედანზე გავლენ, უნდა აჩვენონ, რომ ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ შეუძლიათ მეტოქის დამარცხება. პირველ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშეს და ვფიქრობ, რომ ამას მეორე მატჩშიც მოახერხებენ.

მართალია, ცოტა ცივა, თუმცა მაინც ვეპატიჟები გულშემატკივარს სტადიონზე. ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობენ, როდესაც მათ მხარდაჭერას გრძნობენ. ვიმედოვნებ, ჩვენი გულშემატკივრები მოვლენ სტადიონზე დროშებით და იამაყებენ საკუთარი ქვეყნით".

ნინო პასიკაშვილი (საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): "პირველი მატჩის შემდეგ ბედნიერები ვართ, რადგან დასახული მიზანი შევასრულეთ. ძალიან რთულია მცირე მონაკვეთში ერთ გუნდთან ორი თამაშის ჩატარება. ჩვენც და მეტოქემაც ერთმანეთი შევისწავლეთ. მიუხედავად ამისა, მიზანი უცვლელია. გვინდა, შეკრება დადებითად დავასრულოთ, თამაში მოვიგოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. გვაქვს მცირე ტრავმები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ თამაშისთვის კარგად მომზადებას მოვახერხებთ".

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი), თათია გაბუნია (კვარტალი, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (კოლხეთი, ხობი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ტრაბზონსპორი, თურქეთი), ტატიანა მატვეევა (ასია სპორტი, თურქეთი), ანა პავლიაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სალომი დიმოპულო (კვარტალი, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ანა ჩემინავა (ტრაბზონსპორი, თურქეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები!
ლაშა
21:24 27-02-2024
0
თავდამსხმელი არ ჰყავთ? მეკარეები, დაცვა და ნახევარდაცვა წერია
დავით 67
00:54 28-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული