მსაჯთა ზაფხულის შეკრება თბილისში

AutoSharing Option
სფფ-ის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში მსაჯთა ზაფხულის შეკრება მიმდინარეობს. შეკრებას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსაჯებთან ერთად ახალგაზრდა არბიტრები ესწრებიან.

შეკრება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. მსაჯები ეცნობიან სიახლეებს თამაშის წესებთან დაკავშირებით და მონაწილეობენ VAR სიმულაციებში. სემინარებს სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი უძღვება ფიფას და უეფას კვალიფიციური ინსტრუქტორებთან ერთად.

შეკრებაზე მყოფ მსაჯებს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა, ხოლო ჯუნეტ ჩაქრიმა ხაზი გასუვა სამსაჯო დეპარტამენტში მიმდინარე სიახლეებს და ქართველი მსაჯების წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.

დავით მუჯირი (სფფ-ის
გენერალური მდივანი): "ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის სიახლე, რომელიც ამ შეკრებაზე დაინერგა. მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროცესში მონაწილე ყველა მოწვეულ სპეციალისტს. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მსაჯს, როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო შეხვედრებში. ბოლო წლებში დავნერგეთ ვიდეო რეფერი და მნიშვნელოვანია, რომ უკვე გვყავს სრული საერთაშორისო ბრიგადები, რომლებიც კონფერენს ლიგის პლეი ოფის შეხვედრებში იმსაჯებენ".

ჯუნეტ ჩაქირი (სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი): "მზადება სეზონის მეორე ეტაპის დაწყებამდე დავიწყეთ. გვქონდა ფიტნეს ტესტები და გავიხსენეთ, თუ რა ცვლილებები შევიდა თამაშის წესებში. შეკრებაზე უმაღლესი დივიზიონის მსაჯებთან ერთად ახალგაზრდა მსაჯებიხც გვყავს. ასევე, მსაჯების ასისტენტები და ქალი მსაჯები. შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ვეხებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ინციდენტები საჯარიმოში, ხელით თამაში, თამაშგარე და სხვა. ასევე ვატარებთ VAR სიმულაციებს, მათ შორის, ამხანაგური მატჩის ფარგლებში, რაც ძალიან კარგი გამოცდილებაა მსაჯებისთვის. ისინი ყოველდღიურად იღებენ ჩვენგან შეფასებას, რომ განაგრძონ სწავლა და სწრაფი ტემპით პროგრესირება.

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა ქართველი მსაჯების დანიშვნების რაოდენობა საერთაშორისო მატჩებზე. ეს არის დიდი შრომის და სფფ-ის მხარდაჭერის შედეგი. ისტორიაში პირველად, ჩვენმა ქალმა მსაჯებმა ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო მატჩები იმსაჯეს. ამასთან, მივიღეთ დანიშვნა კონფერენს ლიგის პლეი ოფის მატჩებისთვის, სადაც, ასევე ისტორიაში პირველად, ექვსივე მსაჯი, მათ შორის, ვიდეო რეფერი და მისი ასისტენტი, საქართველოდან იქნებიან. გავაგრძელებთ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ქართველი მსაჯები დიდ ტურნირებზე წარმოადგენენ საკუთარ ქვეყანას".

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული