ტენდერი ზედამხედველობაზე
შპს "სტადიონის" ცნობით, სტადიონის პროექტის განხორციელება მომდევნო ეტაპზე გადადის, რადგან სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შპს "სტადიონმა" სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტი
"ჩემთვის ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, მისი განხორციელების პროცესი კი აქტიურად მიმდინარეობს. სტადიონის მშენებლობას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება და მათ ვეტყვი, რომ ქალაქს ძალიან მალე აუცილებლად ექნება მაღალი სტანდარტების სტადიონი", - ამბობს რამაზ ბოლქვაძე, რომელიც ადრე ფეხბურთელი იყო და იმედია, ამ ჩანაფიქრის განხორციელებას ბათუმში სტადიონის დანგრევიდან 10 წლის თავზე მაინც მოახერხებს.
ბათუმის ბაზა ნოემბერში დასრულდება?
ყველას კარგად გვახსოვს აქამდე წარმოდგენილი და ერთი-მეორეზე უკეთესი სტადიონის მაკეტები, რამდენიმე ტენდერი და მასში გამარჯვებული ჰოლანდიური, თურქული და ესპანური კომპანიები. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მორიგი წინასაარჩევნო დაპირება და ხრიკია. მაგრამ იმედი მაინც არ კვდება, რომ ამ ერთხელ მაინც აღარ მოგვატყუებენ.უფრო რეალური ბათუმის "დინამოს" ბაზის აშენებაა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ბათუმის "დინამოს" მშენებარე ბაზას ესტუმრნენ - აჭარის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ხელმძღვანელმა ირაკლი თოთლაძემ სტუმრები სამშენებლო კომპანიის თავკაცებს შეახვედრა.
სფფ-ის თავკაცები პროექტის მიმდინარეობას დეტალურად გაეცნენ და საწვრთნელი ბაზის დასრულების ვადებითაც დაინტერესდნენ. მშენებელთა თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და წლის ბოლოსკენ "დინამოს" თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი სავარჯიშო ცენტრი ექნება.
ბათუმური კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ასლან ბალაძის თქმით, ობიექტის მშენებლობა ნოემბრისთვის დასრულდება და გუნდი საკუთარ ქალაქს დაუბრუნდება. ამით ფეხბურთელები აშკარად ამოისუნთქავენ, რადგან ყოველდღე ქობულეთში სიარული ძნელია, მაგრამ ახლა, როცა ტურისტული სეზონი გახურდა, საშინელებაა.
ბალაძის თქმით, ბათუმიდან ქობულეთამდე მოკლე მანძილის დასაფარად "სამტრედიასთან" თამაშის დღეს საათნახევარი დასჭირდა, რადგან გზა უზომოდ გადატვირთულია.
სამთო კურორტების ბიზნესი
ინფრაქტრუქტურას შევეხეთ და გვერდს ვერ ავუქცევთ სფფ-ის მიერ გაავრცელებულ იმ ინფორმაციას, რომელიც, რატომღაც, ჩრდილში მოექცა. არადა, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება. საქმე ისაა, რომ ბათუმამდე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა დასახელებული სამეული (კობიაშვილი, იაშვილი და მუჯირი) ჩოხატაურს ესტუმრა და იქაური ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სფფ-ის ხელმძღვანელები მეორე ლიგის ბინადარ "ბახმაროს" წარმომადგენლებსაც ესაუბრნენ და რაიონის სპორტსკოლის პრობლემებს გაეცნენ.
ახლა მთავარზე: სტუმრებს ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ უმასპინძლა და სტადიონის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სპორტული ტურიზმის განვითარების გეგმაზეც ესაუბრა.
ამ კუთხით კი ჩოხატაური და მის ტეროტორიაზე მდებარე კურორტი ბახმარო უაღრესად პერსპექტიული მხარეა. თუკი ზამთარში თურქეთისა და კვიპროსის ბევრად თბილ ზღვისპირა კურორტებს გუნდების მომზადების კუთხით დიდ კონკურენციას ვერ გავუწევთ, ზაფხულის კურორტებში საქართველოს ბევრი ქვეყანა ვერ შეედრება: ბახმაროში, ბეშუმში, ბორჯომ-ბაკურიანში, კოჯორში, მანგლისში, წყნეთში, კიკეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში ზაფხულში მომზადება მისწრებაა.
მაგალითად, ნოდარ ახალკაცი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამბობდა, რომ კოჯორში თანამედროვე საწვრთნელი ცენტრის აშენებით, ახლომდებარე ქვეყნების გუნდებს მოვიზიდავთ და ავსტრია-შვეიაცარიაში მხოლოდ მდიდრები წავლენო. ის კოჯორში შესაფერისი საფეხბურთო ბაზისთვის ადგილსაც ეძებდა, მაგრამ ტერიტორიები გაყიდული დახვდა ან უზარმაზარი თანხები მოსთხოვეს. ახლა კი ბევრგან სტადიონები გაყიდულია და მხოლოდ მინი მოედნებია დარჩენილი.
გადის წლები და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ეს თემა სერიოზულად არ აღიქმება. არადა, ჩვენნაირ ქვეყანას და მის ეკონომიკასა და ფეხბურთს მსგავსი მოსამზადებელი ცენტრები ჰაერივით სჭირდება. ჩოხატაურში სფფ-ის თავკაცების ვიზიტით და იქ წამოჭრილი თემატიკით ამიტომ დავინტერესდით.
საერთოდ კი ბევრი რამაა ჩვენი, ხალხის ბრალი: გამგებლებსა თუ გუბერნატორებს კანალიზაციისა და სახურავის გადახურვასა და ასფალტის დაგებას სთხოვენ, მაგრამ ყურიდან ყურში ატარებენ, ბევრი სამთო კურორტი სტადიონის გარეშე რომ დარჩა: არადა, ეს ამ დასახლებებში შემოსავლის ერთ-ერთი პოტენციური წყაროა, რომელიც დადებითად ისევ მათ ცხოვრებაზე აისახება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"