გთავაზობთ 20 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს:
ანდროს თაუნსენდი კარიერას "ევერტონში" განაგრძობს, ფეხბურთელი რაფაელ ბენიტესის გუნდში "კრისტალ პალასიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. შემტევმა მერსისაიდულ კლუბთან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა. აღსანიშნავია, რომ რაფა და ანდროსი ერთად "ნიუკასლში" მოღვაწეობდნენ.
"იუვენტუსს" ჩავარდნილი სეზონის გამოსწორება სურს, "ბიანკონერის" ხელმძღვანელობას ვარსკვლავების დამატება უნდა. მაურო იკარდისა და გაბრიელ ჟესუსის მიმართ ინტერესის გამოჩენის შემდეგ იტალიელები პსჟ-ის ნახევარმცველზე, ლეანდრო პარედესზე გადაერთნენ. თუ არგენტინელი გუნდს დატოვებს, ის ჯერ იჯარის წესით წავა, შემდეგ კი კლუბს გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
მადრიდის "რეალმა" და "მილანმა" ბრაჰიმ
დიაზის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, ესპანელი ფეხბურთელი "როსონერიში" ორწლიანი იჯარით დარჩება. დიასმა გასულ სეზონში "მილანის" მაისური 39 შეხვედრაში მოირგო და თავი 7 გოლითაც გამოიჩინა.
ფაბრიციო რომანოს განცხადებით, ანტუან გრიზმანისა და საულის ტრანსფერი არ ჩაშლილა და მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივლისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები ფეხბურთელების გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ.
Tuttomercattoweb-ის მტკიცებით, მირალემ პიანიჩის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მიუხედავად ბოსნიელი ფეხბურთელის "ბლაუგრანაში" დარჩენის სურვილისა, სავარაუდოდ, ნახევარმცველს გუნდის დატოვება მოუწევს, მისი ტრანსფერით კი "ინტერი", "მილანი" და "ტოტენჰემია" დაინტერესებული.
"მარსელმა" "რომას" მეკარე პაუ ტორესი იჯარის წესით წაიყვანა. კიპერი ფრანგულ კლუბს 1 სეზონით შეუერთდა. სხვა დანარჩენი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
თუ კრიშტიანო რონალდო "იუვენტუსს" დატოვებს, მაშინ "ბიანკონერის" ხელმძღვანელობა გაბრიელ ჟესუსის გადაბირებას შეეცდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ალტერნატიული ვარიანტი პსჟ-სთან იკარდიში გაცვლა იქნება.
მოიზე კინი პსჟ-ში წარმატებული სეზონის შემდეგ "ევერტონში" დაბრუნდა. ფრანგულ კლუბს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა მერსისაიდული კლუბისთვის ჯერ არც ერთი ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.
The Sun-ის ცნობით, "ჩელსიმ" მიუნხენის "ბაიერნს" რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 58-მილიონიანი შეთავაზება გაუკეთა. შეგახსენებთ, "რეკორდმაისტერმა" "არისტოკრატების" 50-მილიონიანი შეთავაზება ერთხელ უკვე დაბლოკა. როგორც ჩანს, პოლონელი ფორვარდის ხელში ჩაგდება ლონდონელებმა სერიოზულად გადაწყვიტეს.
ინგლისური პრესის ცნობით, "მანჩესტერ სიტი" რიად მაჰრეზთან კონტრაქტის განახლებას ცდილობს. ალჟირელი ფეხბურთელი "ქალაქელებთან" 2023 წლამდეა დაკავშირებული, "სიტის" ხელმძღვანელობას კი შემტევის უფრო დიდი ხნით შენარჩუნება სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედს" კულიბალის გადაბირება სურს, თუმცა "ნაპოლის" ხელმღვანელობა სასტიკ უარზეა. როგორც La Gazzetta dello Sport-ი წერს, ინგლისურმა მხარემ 30 მილიონი შესთავაზა.
L'Equipe-ის ცნობით, "ჩელსის" სურს, რომ "ბაიერნს" კინგსლი კომანი ჰადსონ ოდოიში გაუცვალოს. გერმანული მხარე ამ გაცვლას განიხილავს.
კევინ გამეირომ "ვალენსია" დატოვა და სამშობლოში, "სტრასბურგში" დაბრუნდა. შეგახსენებთ, თავდამსხმელს დებიუტი 2005 წელს სწორედ აქ ჰქონდა. ფეხბურთელმა კლუბთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
დონი ვან დე ბეეკის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" იმედები ვერ გაამართლა. ნახევარმცველს "ბლაუგრანას" უკავშირებენ, კატალონიურ კლუბს კი ვან დე ბეეკის გადაბირება სურს. ესპანურმა მხარემ ტრანსფერში შესაძლოა სამუელ უმტიტიც ჩართოს.
პსჟ-ს 9 მეკარე ჰყავს. ამრიგად, ის უამრავი მათგანის გასხვისებას შეეცდება. პირველი სერხიო რიკო წავიდა, ფრანგულმა მხარემ ის "ბეშიქთაშში" გაგზავნა.
მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველ საულისთვის ბრძოლაში, სავარაუდოდ, "მანჩესტერ იუნაიტედი" გალიდერდა, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით ჭორია. "როხი ბლანკოს", სავარაუდოდ, "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკებები უფრო აწყობს.
მომზადებულია marca-ს მიხედვით