ჩემპიონთა ლიგა. I ტურის წინ: "ლივერპულს" ახსოვს ფინალი...

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე I ტურის დანარჩენი მატჩები იმართება. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება ორი დაპირისპირება - "ტოტენჰემი"-"დორტმუნდს" მასპინძლობს, ხოლო "ლივერპული" "სევილიას" მიიღებს.

ამას გარდა, დღეს მოედანზე გავლენ "შახტარი" და "სპარტაკიც", სადაც დავით ხოჭოლავა და ჯანო ანანიძე თამაშობენ...

ტოტენჰემი-დორტმუნდი
საინტერესო თამაშს ველოდებით "უემბლიზე", სადაც კარგ ფორმაში მყოფმა "ტოტენჰემმა" იმ "დორტმუნდს" უნდა უმასპინძლოს, რომელიც ბუნდესლიგის სტარტზე შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება და თან საკადრო პრობლემებიც აწუხებს.

"ტოტენჰემმა" გასულ წელს მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "მონაკოსა" და "ლევერკუზენის" შემდეგ. ცხადია, მაურისიო პოჩეტინოს ძალიან
უნდა, დაამტკიცოს, რომ მისი გუნდი გაცილებით მეტს იმსახურებს, თუმცა წილისყრამ არ გაუმართლა - "მამლები" ახლა უფრო რთულ ჯგუფში არიან და პლეი-ოფში მოსახვედრად მეტი ძალისხმევაც დასჭირდებათ.

"დორტმუნდს" სხვა პრობლემები აწუხებს. ცოტა ხნის წინ რაინფესტფალიელები უსმან დემბელეს დაემშვიდობნენ, ტრავმირებულია მარკო როისი, სულ ბოლოს კი დაშავდა მარსელ შმელცერიც, რომელსაც გუნდი თვეზე მეტხანს მოისაკლისებს.

რაც შეეხება "ტოტენჰემის" პრობლემას, პოჩეტინოს მხოლოდ დელე ალის დისკვალიფიკაცია აღელვებს. დღევანდელის გარდა, 21 წლის შემტევი ჯგუფური ეტაპის კიდევ 2 მატჩს გამოტოვებს.

ფაქტები
  • 2015/16 წლების სეზონში "ტოტენჰემი" და "დორტმუნდი" ევროპალიგის 1/8-ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გერმანელებმა ორივე თამაში მოიგეს: 2:1 - სტუმრად, 3:0 - საკუთარ მოედანზე.
  • 2016/17 წლების სეზონში "ტოტენჰემმა" ევროტურნირის 4 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
  • "ტოტენჰემი" დაუმარცხებელია შინ ბუნდესლიგის კლუბების წინააღმდეგ - 6 მოგება, 1 ფრე.
  • "დორტმუნდმა" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 11 საგარეო მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

ლივერპული-სევილია
"ლივერპული" ნეგატიური განწყობით ხვდება "სევილიასთან" მატჩს - შაბათს იურგენ კლოპის სამწყსო "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტისთან" განადგურდა (0:5). თუმცა გერმანელი სპეციალისტი კარგი მოტივატორია და რაღაცნაირად მოიყვანდა გუნდს თამაშის იშტაზე...

"წითლებს" ტრავმირებული ჰყავთ ადამ ლალანა, თუმცა ინგლისის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კარგა ხანია მკურნალობს და "ლივერპული" მის გარეშე თამაშს როგორღაც შეეჩვია.

შესაძლოა, დღეს მოედანზე გამოჩნდეს ფილიპე კოუტინიო, ვის გარშემოც ამ ზაფხულს დიდი აჟიოტაჟი იყო. ბრაზილიელი პლეიმეიკერი "ბარსელონაში" გაშვებას ითხოვდა, თუმცა მერსისაიდელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს.

კლოპმა თქვა, რომ ახლა მთავარია მისი სწრაფი რეინტეგრაცია ძირითად შემადგენლობაში, თუმცა პრობლემაა ზურგის ტრავმა, რომელიც კოუტინიოს ბოლო დროს აწუხებდა. მან რამდენიმე დღის წინ განაახლა ვარჯიში და ითამაშებს თუ არა დღეს, კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რაც შეეხება "სევილიას", ედუარდო ბერიცოს გუნდი, ჯერჯერობით, კარგად გამოიყურება ლა ლიგაში, სადაც 3-დან 2 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. თუმცა ანდალუსიელებმა ძალიან იწვალეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, როცა თურქული "ბაშაქშეჰირის" ბარიერი (2:2, 2:1) ძლივს გადალახეს.

ფაქტები
  • "ლივერპული" და "სევილია" 2016 წლის 18 მაისს ევროპალიგის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ესპანურმა კლუბმა 3:1 გაიმარჯვა.
  • ბოლო 8 სეზონში "ლივერპული" მეორედ მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
  • "ლივერპულმა" ბოლო 6 საშინაო ევრომატჩიდან ყველა მოიგო, სულ კი დაუმარცხებელია ევროტურნირის უკანასკნელ 10 საშინაო შეხვედრაში.
  • "ლივერპულის" მარცხენა მცველმა ალბერტო მორენომ პროფესიული კარიერა "სევილიაში" დაიწყო.
  • ესპანური კლუბების წინააღმდეგ "ლივერპულმა" შინ 5 თამაში მოიგო, ამდენივე წააგო, ხოლო 6 ფრედ დაასრულა.
  • "სევილიამ" ბოლო 8 საგარეო ევრომატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (შარშან, "ლესტერთან" - 0:2). ეს იყო ესპანური გუნდის ზედიზედ მესამე საგარეო ევრომარცხი პრემიერლიგის წარმომადგენელთან.

პორტუ-ბეშიქთაში
ფაქტები

  • "პორტუ" და "ბეშიქთაში" ბოლოს ერთმანეთს ევროპალიგის 2010/11 წლის სეზონში შეხვდნენ. პორტუგალიურმა გრანდმა შინ 1:1 ითამაშა, სტუმრად კი 3:1 გაიმარჯვა. სულ კი "ბეშიქთაშს" 4 ურთიერთშეხვედრიდან 3 მოუგო და 1 ფრედ დაასრულა. საერთოდ კი, თურქული კლუბების წინააღმდეგ 8 მატჩში 6 გამარჯვება და 2 ფრე აქვს.
  • "პორტუმ" ადგილობრივ ჩემპიონატში პირველი 5 მატჩი ისე მოიგო, გოლიც არ გაუშვია.
  • "ბეშიქთაშმა" პორტუგალიურ კლუბებთან ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან 2 მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და წააგო.
  • "პორტუმ" ბოლო 7 საშინაო ევრომატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.

ლაიპციგი-მონაკო
ფაქტები

  • "ლაიპციგი" ევროტურნირების დებიუტანტია.
  • ბუნდესლიგის კლუბებთან 8 გასვლითი მატჩიდან "მონაკომ" 4 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და ამდენივე წააგო.

ფეიენოორდი-მანჩესტერ სიტი
ფაქტები

  • "მანჩესტერ სიტის" ტრავმირებული ჰყავს ძირითადი მეკარე ედერსონი და ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი.
  • ბოლო 15 წელიწადში "ფეიენოორდი" პირველად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაშინ, როცა "მანჩესტერ სიტი" მთავარი ევროტურნირის ამ სტადიაზე ზედიზედ მეექვსედ თამაშობს.
  • "ფეიენოორდმა" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 12 საშინაო მატჩიდან 5 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.
  • "მანჩესტერ სიტის" ჰოლანდიური ვიზიტებისას მხოლოდ 1 მარცხი აქვს - 2012 წლის 24 ოქტომბერს "აიაქსთან", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - 1:3.

რეალი-აპოელ
ფაქტები

  • 2011/12 წლების სეზონში აპოელ-მა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სადაც "რეალთან" საერთო ანგარიშით 2:8 დამარცხდა (0:3 შინ, 2:5 სტუმრად).
  • აპოელ-ი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედ თამაშობს.
  • ტრავმების გამო "რეალის" შემადგენლობაში არ იქნებიან რაფაელ ვარანი და ქარიმ ბენზემა.

შახტარი-ნაპოლი
ფაქტები

  • "შახტარს" არ ეყოლება ტრავმირებული ცენტრალური მცველი სერგეი კრივცოვი. ცენტრალური მცველი (ვლად კირიკეში) დაუშავდა "ნაპოლისაც".
  • უკრაინული გრანდისთვის ეს არის ჩემპიონთა ლიგის მე-12 ჯგუფური ეტაპი.
  • იტალიურ კლუბებთან წინა 18 მატჩიდან დონეცკელებმა 12 წააგეს (4 მოგება, 2 ფრე), სერია A-ს წარმომადგენლებთან 9 საშინაო მატჩში კი 3-ჯერ გაიმარჯვეს და 6-ჯერ დამარცხდნენ.
  • 2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ნაპოლიმ" 9 საგარეო ევრომატჩიდან მხოლოდ 2 წააგო.
  • უკრაინულ კლუბთან ნეაპოლელთა ბოლო მატჩი ერთი წლის წინ იყო, როცა კიევის "დინამოს" 2:1 მოუგეს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში.

მარიბორი-სპარტაკი
ფაქტები

  • ეს გუნდები ევროტურნირებში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
  • "მარიბორს" ბოლო 255 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია.
  • "მარიბორს" უკანასკნელ შვიდ საშინაო მატჩში წაგება არ აქვს.
  • 2012/13 წლების სეზონის შემდეგ "სპარტაკი" ჯგუფურ ეტაპზე პირველად მონაწილეობს.

G ჯგუფი
პორტუ-ბეშიქთაში 22:45
ლაიპციგი-მონაკო 22:45

H ჯგუფი
ტოტენჰემი-დორტმუნდი 22:45
რეალი-აპოელ 22:45

E ჯგუფი
ლივერპული-სევილია 22:45
მარიბორი-სპარტაკი 22:45

F ჯგუფი
შახტარი-ნაპოლი 22:45
ფეიენოორდი-მანჩესტერ სიტი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული