ჩემპიონთა ლიგა შეიცვლება და უფრო ელიტური გახდება? - ანდრეა ანიელისა და უეფას რეფორმისტული ხედვა

AutoSharing Option
ამ გაზაფხულზე ეკა-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) 232-მა კლუბმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც, შესაძლოა, ფეხბურთი შეცვალოს.

ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მოიფიქრა ჩემპიონთა ლიგის ახალი სქემა და კლუბებს 6 ივნისამდე მისი განხილვა შესთავაზა.

6 ივნისს ევროპული კლუბების ასოციაცია ისტორიული განხილვისთვის მალტაზე იკრიბება, ხოლო 900-მა კლუბმა, რომლებსაც ანიელისაგან წერილი არ მიუღია, მაისში მადრიდრში დაგეგმა შეხვედრა იმის მოსაფიქრებლად, თუ როგორ დაბლოკონ ეს იდეა.

ანიელის საკუთარ გეგმაზე დეტალურად არ უსაუბრია, რადგან 1955 წლის შემდეგ ევროპული ფეხბურთის ყველაზე მასშტაბური ცვლილების განხილვის ფონზე, დეტალები არც ისე მნიშვნელოვანია.

აი, რა
გახლავთ მთავარი:

  • ტურნირზე დარჩება 32 გუნდი, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე 8-ის ნაცვლად იქნება ოთხი 8-8-გუნდიანი ჯგუფი. ჩემპიონთა ლიგის ყველა მონაწილე მინიმუმ 14 შეხვედრას გამართავს.
  • ყველაზე მთავარი, The Sun-ის ინფორმაციით, ჯგუფში პირველი 6 ადგილის მგლობელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ სეზონში ჯგუფში ადგილს შეინარჩუნებს. ეს ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყოველ წელს, მაქსიმუმ, 8 ახალი კლუბი შეიძლება მოხვდეს. არ კონკრეტდება, რა პრინციპით იქნება განაწილებული ეს 8 ადგილი.
  • ანიელი სთავაზობს ევროთასების მატჩების გადატანას შაბათ-კვირას, ხოლო შიდა ჩემპიონატების კვირის შუაში ჩატარებას, რაც კიდევ ერთი დარტყმა იქნება ეროვნული ჩემპიონატებისთვის. თუმცა, ანიელის აზრით, თავდაპირველად შაბათ-კვირას ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩები უნდა გადაიტანონ.

ეს არის პასუხი ინფანტინოს სუპერლიგის იდეაზე

ნოემბერში ანიელიმ უკუაგდო სუპერლიგის იდეა, რომელსაც ტოპ-კლუბები განიხილავდნენ, მათ შორის, მიუნხენის "ბაიერნი".

"მომავალი ჯერ ისევ არ არის გარკვეული, მაგრამ როგორც "იუვესა" და ეკა-ს წარმომადგენელი, უარს ვამბობ სუპერლიგის იდეაზე", - ამბობდა ანიელი ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისგან მარჯვნივ უეფას პრეზიდენტი ალეკსანდრ ჩეფერინი იჯდა.

"სუპერლიგა არ იქნება" - დაამატა ანიელიმ.

მას შემდეგ ეკა-სა და უეფას ურთიერთობა კიდე უფრო მყარი გახდა. ანიელი მაშინ დაეხმარა უეფას, როცა უეფა ძალიან რისკავდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იტალიელ ბიზნესმენს ეს ტყუილუბრალოდ არ გაუკეთებია. ისტორიული ოჯახის შთამომავალმა რეფორმების იდეა ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე გაახმოვანა. მაშინ The Guardin-თან ინტერვიუში ყველაზე მნიშვნელოვანი თეზისები წარმოადგინა.

Sportall.Ge

"ჩვენ გვსურს ევროთასების თამაშების გაზრდა და შიდა ჩემპიონატების მატჩების შემცირება. ამასთანავე, ჩვენ არ გვსურს სეზონში შეხვედრების ზოგადი ლიმიტის გადაჭარბება. შეგიძლიათ თქვათ, რომ გუნდები შიდა ჩემპიონატში ახალგაზრდული გუნდებით ითამაშებენ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ პროექტია, ჩვენ იდეების განხილვას ვაპირებთ".

ერთი წლის შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. კლუბებისთვის დაგზავნილ დოკუმენტში ვკითხულობთ:

"ახალი ფორმატი მობილურობასა და დინამიკურობას შემატებს კლუბებს გავარდნისა და მიღწევების დამსახურებით. მონაწილეთა შემადგენლობა განისაზღვრება სპორტული მერიტოკრატიის პრინციპით და არა ისტორიული პრივილეგიებით".

მარტში, ეკა-ს კონფერენციაზე ანიელის ლოგიკური შეკითხვა დაუსვეს, თუ რითი განსხვავდებოდა მისი პროექტი სუპერლიგის ვარიანტისაგან. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი პასუხი იყო, რომ პატარა კლუბების ინტერესებს ევროპა ლიგის განახლებული ვერსია და მესამე ევროტურნირი (2021/22 წლების სეზონიდან დაიწყება) დაიცავს.

"გვსურს, რომ ყველა დიდი ევროპული კლუბი მონაწილეობას იღებდეს ევროპულ სისტემაში და ამ სისტემაში გაიზარდონ" - აღნიშნა "იუვეს" პრეზიდენტმა.

შარშან ანიელიმ განმარტა, თუ რატომ იყო ეს ყველაფერი საჭირო:

"ჩვენ, ყველას, "მანჩესტერ იუნაიტედს", "რეალს", "იუვენტუსს" ან "ლეგიას"," სპორტინგსა" და "ანდერლეხტს" გვსურს საერთაშორისო გაფართოება, რათა ჩვენი ბრენდების განვითარება შევძლოთ. დღეს კი ბრენდის განვითარებას ყველაფერი ხელს უშლის".

განცხადება ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმულაციაზე არის პასუხი ჯანი ინფანტინოსა და ფიფასთვის, რომელთაც საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება სურთ (2021 წლიდან კონფედერაციის თასის ნაცვლად და მონაწილეების გაზრდას 24-მდე აპირებენ).

ანიელი და უეფა ამის წინააღმდეგნი არიან. "იუვეს" პრეზიდენტს პროექტის ჩაკეტილობა არ მოსწონს და ასევე, არც ფიფას კომერციალიზაცია ეხატება გულზე, რადგან მისი თქმით, ფეხბურთის მმართველი ორგანო მოგებაზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. თუმცა, ალბათ, საქმე მხოლოდ ამაში არაა.

ამ იდეის "გასატანად" ინგლისის პრემიერლიგის დამარცხებაა საჭირო

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დასაწყებად 2024 წელი შემთხვევით არ აურჩევიათ. ამ წელს გასდის ვადა ყველა სატელევიზიო კონტრაქტს ინგლისის პრემიერლიგაში, ხოლო ანიელის იდეა არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას, არამედ მის გარშემო ყველაფერს ცვლის.

მისი გეგმების მიხედვით, ყველა ლიგა დაზარალდება, თუმცა, განსაკუთრებით, ინგლისის პრემიერლიგა, რადგან სწორედ ეს ჩემპიონატი გამოიმუშავებს ყველაზე მეტს (ტელეტრანსლაციების საერთო ღირებულება 2019 წლიდან 2022 წლამდე 9 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს).

თუ ანიელის ოცნება ასრულდება, საქმე იქითკენ წავა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში კლუბების რაოდენობა შემცირდება და ტოპ-კლუბები აღარც მიიღებენ მასში მონაწილეობას. ინგლისში ეს ძალიან კარგად ესმით და ამიტომ, ბრიტანული კლუბები აპრილის თვეში კოლექტიურად გამოვიდნენ ჩემპიონთა ლიგის რეფორმირების წინააღმდეგ.

"ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ უეფა შეუსაბამოდ განიხილავს გეგმებს, რომლებიც ეროვნული ლიგების სტრუქტურასა და კალენდარს შეცვლის. ერთად ვიმუშავებთ პრემიერლიგის დასაცავად. ინგლისურ კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხბურთს მნიშვნელოვანი როლი აქვს. ჩვენ შესანიშნავი კომბინაცია გვაქვს კონკურენტული ფეხბურთის და ერთგული ფანებისა, რომელთაც ჩვენ აუცილებლად დავიცავთ" - ეწერა შეხვედრის საერთო განაცხადში.

ეკა-ს შემადგენლობაში 8 ინგლისური კლუბია: "არსენალი", "ჩელსი", "ევერტონი", "ლესტერი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ტოტენჰემი". არცერთ მათგანს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, მაგრამ ამის შანსი 6 ივნისს, მალტაზე ექნებათ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, თუმცა არა გადამწყვეტი. რეფორმირების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

უეფა დამოუკიდებლად ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს, თუ კლუბების მხრიდან წინააღმდეგობა იქნება.

ამ გადმოსახედიდან სიტუაცია მარტივია: ინგლისური პრემიერლიგის კლუბების გადმოსაბირებლად ანიელიმ იმაზე მეტი უნდა შესთავაზოს, ვიდრე ახლა გამოიმუშავებენ ეროვნული ჩემპიონატითა და ევროტურნირებით. თუმცა, უეფასა და "იუვეს" პრეზიდენტს ჯერჯერობით მყარი არგუმენტები არ გააჩნიათ და ეს მათი სუსტი წერტილია.

ძლიერი მხარე კი, არაინგლისური კლუბების პოტენციური მხარდაჭერა გახლავთ, რადგან ისინი იაზრებენ, რომ მათ ბრენდებს იმაზე მეტის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე ახლა იღებენ. უბრალოდ, ბაზრის შეცვლა არის საჭირო. სწორედ ბაზარი არის მოსალოდნელი ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგას ჯობია ამხელა თანხებს,რო ხარჯავენ კლუბები ფეხბურთელებზე და მათ ხელფასებზე განახევრონ მაინც. ერთი კლუბი 500 მილიონს ხარჯავს სეზონში და ახალგაზრდე ფეხბურთელების გაზრდა სულ კიდიათ. კარგმა ფეხბურთელებმა თანაბრად სხვა და სხვა გუნდში რო ითმაშოს დოე ოდნავ გათანაბრდება. აბა ეხლა საფრანგეთის ჩემპიონატს ჩემპიონატი ქვია?
გოგა
03 მაისი 2019 13:41
0
ნუ პროფესორობთ რაღაცეებს. ბარსელონა და რეალი მიეჩვიონ ჯერ მსაჯების დაუხმარებლად ლიგების მოგებას.

ეს პროექტი კარგი იქნება არამარტო იუვენტუსისთვის, არამედ ყველა ისტორიული გრანდისთვის, რომლებიც ახლა ფინანსურ შემოსავლებში კოლოსალური სხვაობიდან გამომდინარე ძალიან დაჩაგრულები არიან პრემიერლიგასთან და ბარსელონა-რეალთან შედარებით. იგივე აიაქსი, ბენფიკა თუ სხვა დიდი გუნდები აღარ იქნებიან ფარმების როლში ახლანდელი თავკომბალებისთვის, რადგან მათი შემოსავალიც მიუახლოვდება "ფულის ტომრებისას" და რეალურად შეძლებენ გუნდის შენარჩუნებას.
LOL
03 მაისი 2019 10:15
3
სერია ა ვეღარ უწევს კონკურენციას ვეღარც პრემიერლიგას, ვერც ლა ლიგას და ვერც ბუნდესლიგას და იუვენტუსის შეფიც ასე ცდილობს იყოს გრანდების მარაქაში... მაგას ჯობია სკუდეტოების მოგებას მსაჯების დახმარების გარეშე მიეჩვიოს, ეშველება იუვესაც და მთელ სერია ა-ს. იუვენტუსის ბრალია რაც დაემართა სერია ა-ს. ჩაწყობილი მატჩების სკანდალის მერე დაეცა დონეც და რეიტინგიც
ზაური
03 მაისი 2019 00:06
4
იმედია ისე დარჩება კიდე დიდხანს ეხა როგორც არის და არაფერი შეიცვლება გარდა აუცილებელი წვრილმანებისა ფეხბურთის წესებში,ანიელიმ კიდე ჯუვეს მიხედოს და დაეტიოს ტურინში ან ჯერ ლიგა მოიგოს და მერე გამოვიდეს იდეებით.
თორნიკე
02 მაისი 2019 22:33
0

სიახლეები პოპულარული