მიაღწევს კონტე მოურინიოს შედეგს? - ჩემპიონთა ლიგის ცენტრალური მატჩი "ნოუ კამპზე" გაიმართება

AutoSharing Option
დღეს, 2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. ადრეული თამაშები ბელგიასა და ჩეხეთში გაიმართება, ხოლო ცენტრალურ მატჩს "ნოუ კამპი" უმასპინძლებს.

"ბარსელონა" - "ინტერი"

"ბარსელონასა" და "ინტერის" დაპირისპირება დღის ცენტრალური მატჩია. ორივე გუნდმა პირველი შეხვედრები ფრედ დაასრულა.

"ბარსელონამ" დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოიპოვა 1 ქულა, ხოლო "ინტერმა" სლავიასთან 2 ქულა დაკარგა. ამ ჯგუფში ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი "ინტერისთვისაა", რადგან "ბარსელონას" მომავალი ორი დაპირისპირება "სლავიასთან" ელის.

გუნდები ერთმანეთს აქამდე 8-ჯერ შეხვდნენ. აქედან 4 მატჩი "ბარსელონამ" მოიგო, 1 -
"ინტერმა", 3 ფრედ დასრულდა. "ინტერის" 2010 წელს მოგებული ერთადერთი შეხვედრა ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობისას ჰქონდა და თან, იმ სეზონში მილანელებმა ლიგაც მოიგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გუნდების შეხვედრებში ბევრი გოლი არ გადის, 3 და მეტი გოლი მხოლოდ 2 თამაშში დაფიქსირდა. მილანელებს გასვლაზე "ბარსასთვის" არასდროს გაუტანიათ, ესპანელებმა კი მილანში 2 გოლი შეაგდეს. უკანასკნელი მატჩები ამ კლუბებს შორის შარშანდელ სეზონში გაიმართა, ჯგუფურ ეტაპზე. "ბარსამ" სახლში 2:0 დაამარცხა "ინტერი", ხოლო იტალიაში მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

  • "ბარსელონა"
კატალონიური გრანდი არც ისე კარგ ფორმაშია. ლა ლიგის საწყის 7 ტურში უკვე ორჯერ წააგო და დამაჯერებლად ბოლო შეხვედრებშიც ვერ გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, "ხეტაფესა" და "ვილიარეალის" დამარცხება მაინც მოახერხეს. მნიშვნელოვანია ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ "ბარსას" ლიდერის - ლიონელ მესის თამაში დგას. უცნობია, მოახერხა თუ არა არგენტინელმა ტრავმის მოშუშება. მესისა და ტრვმირებული დემბელეს გარდა, კატალონიელებს უმტიტი, ალბა და ფატი დააკლდებათ.

  • "ინტერი"
"ბარსელონასაგან" განსხვავებით, მშვენიერ ფორმაშია მილანის "ინტერი". თუ "სლავიასთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრას არ ჩავთვლით, გუნდს შედეგებთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს. სერია A-ში 6 ტურის შემდეგ 6 გამარჯვება აქვს და მხოლოდ 2 გოლი მიიღო საკუთარ კარში. მილანურ კლუბს დანაკლისი არ აქვს, არც ტრავმირებულია ვინმე, არც დისკვალიფიცირებული. შეხვედრის ერთ-ერთი პერიპეტია ალექსის სანჩესის "ნოუ კამპზე" დაბრუნება იქნება. ჩილელი "ბარსელონაში" 2011-დან 2014 წლამდე თამაშობდა.

სავარაუდო შემადგენლობები:
"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ჟუნიორ ფირპო, არტური, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, სუარესი, პერესი

"ინტერი": ჰანდანოვიჩი, გოდინი, დე ვრეი, სკრინიარი, დ'ამბროზიო, ბარელა, სენსი, ასამოა, ბროზოვიჩი, ლაუტარო მარტინესი, სანჩესი

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, პირველი ორი მატჩი ბელგიასა და ჩეხეთში გაიმართება. "გენკი" E ჯგუფის შეხვედრაში "ნაპოლის" უმასპინძლებს. ბელგიელებმა გასვლაზე "ზალცბურგთან" 2:6 წააგეს და სახლში მოტივირებულნი იქნებიან, ხოლო "ნაპოლიმ" "ლივერპულს" მოუგო 2:0 და დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. წესით, უხვგოლიანი და საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.

მეორე თამაში პრაღაში ჩატარდება, სადაც ადგილობრივი "სლავია" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს. ჩეხები ამ ჯგუფში აშკარა აუტსაიდერები არიან და დორტმუნდელებს პირიქით, აუცილებლად სჭირდებათ მოგება. გერმანელებს ალკასერი და შულცი დააკლდებათ. საეჭვოა ჰუმელსის თამაშიც.

პირველი ტურის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "ზალცბურგი" თავისი ყველაზე გამორჩეული ნორვეგიელი თავდამსხმელი არლინ ჰოლანით "ლივერპულს" ესტუმრება. სამწუხარო ის გახლავთ, რომ ჰოლანი ავად გახდა და შეიძლება თამაშში მონაწილეობა ვერ მიიღოს. მერსისაიდელებმა პირველი შეხვედრა "ნაპოლისთან" წააგეს და ამ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონები მოსაგებად ითამაშებენ. ამ ჯგუფის პირველი მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც ბევრი გოლია მოსალოდნელი.

გულშემატკივრები არც ისე ბევრ გოლს კი "ზენიტისა" და "ბენფიკას" შეხვედრაში ელოდებიან. რუსებმა პირველ შეხვედრაში გასვლაზე ფრედ ითამაშეს "ლიონთან", "ბენფიკა" კი სახლში "ლაიპციგთან" დამარცხდა. ორი აბსოლუტურად თანაბარი დონის გუნდის შეხვედრაში, წესით, გახსნილი ფეხბურთი არ უნდა ვიხილოთ. აღსანიშნავია ის, რომ აქამდე გუნდები 6-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და 3-3 მოგება აქვთ.

უფრო საინტერესო უნდა იყოს ამავე ქვეჯგუფის მეორე მატჩი "ლაიპციგსა" და "ლიონს" შორის. ჯგუფში არსებული მეტ-ნაკლებად თანაბარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შემდეგ ეტაპზე გასვლა ნებისმიერ კლუბს შეუძლია. ამიტომ ამ შეხვედრაზეც ბევრი იქნება დამოკიდებული. თუ "ლაიპციგი" მოიგებს, მნიშვნელოვან უპირატესობას შეიქმნის "ზენიტთან" გასამართი ორი მატჩის წინ.

საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფმა "ვალენსიამ" "ჩელსი" გასვლაზე დაამარცხა და ვერ ვიტყვით, რომ იმავე შედეგის მიღწევის შანსები "აიაქსთან" არ ექნება. თუმცა, ესპანელებს ადვილი მატჩი არ ელით, ამსტერდამელებმა რთულად დაწყებული სეზონის შემდეგ კარგი ტემპი აკრიფეს და ისევ ლამაზ, ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგის შარშანდელ სეზონში "ტოტენჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ "აიაქსს" ოფიციალურ შეხვედრაში არ წაუგია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ლილს" დამაჯერებლად მოუგო - 3:0.

საფრანგეთში კი, პირველ ტურში დამარცხებულთა შეხვედრა გაიმართება, რომელშიც აშკარა ფავორიტი ლონდონის "ჩელსი" გახლავთ. პეპეს წასვლის შემდეგ "ლილის" შემტევმა პოტენციალმა მნიშვნელოვნად მოიკლო და "მასტიფებს" იმდენი გოლი ვეღარ გააქვთ. "ჩელსი" კი ფრენკ ლამპარდის ხელში საკმაოდ შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ორივე გუნდს სჭირდება მოგება, თუ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლისთვის ბრძოლა სურთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსას მოგებას ვუსურვებთ. ბარსა! ბარსა! ბარსა! მესი აბა შენ იცი.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული