ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: ითამაშებს ხოჭოლავა დღის ცენტრალურ მატჩში?

AutoSharing Option
დღეს, 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება, თუმცა მე-6 ტურის პირველი მატჩებისაგან განსხვავებით, საფეხბურთო ინტრიგის ხარისხი გაცილებით დაბალია.

C ჯგუფი

არა მხოლოდ ამ ქვეჯგუფის, არამედ დღის ცენტრალური მატჩი ხარკოვში გაიმართება, სადაც დონეცკის "შახტარი" ბერგამოს "ატალანტას" მიიღებს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ზაგრების "დინამო" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს. ბოლო ტურის წინ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასულები მხოლოდ ინგლისელები არიან.

მეორე ადგილზე "შახტარია" 6 ქულით, მესამეზე მყოფ "დინამოს" 5 ქულა აქვს, ხოლო ბოლოადგილოსან "ატალანტას" - 4. შემდეგი ეტაპისთვის ბრძოლა 3-ვე გუნდს შეუძლია. თუ ზაგრების
"დინამო" შინ კრიზისში მყოფ "მანჩესტერ სიტის" მიიღებს და წარმატების მიღწევის შანსები არც ისე დიდი აქვს, "ატალანტასა" და "შახტარს" უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ.

უკრაინელები გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავლენ, ხოლო "ატალანტა" გამარჯვების შემთხვევაშიც შეიძლება ჩარჩეს ჯგუფში, თუ "დინამო" "სიტის" მოუგებს. "შახტარს" კი 1/8-ფინალური საგზურისათვის ფრეც ეყოფა, თუ "დინამო" "მანჩესტერ სიტის" ვერ დაამარცხებს.

იმედია, საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველ დავით ხოჭოლავას დღევანდელ მატჩში ვიხილავთ. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 21:55 საათზე დაიწყება.

A ჯგუფი

ამ ქვეჯგუფში მერვედფინალისტების ვინაობა გარკვეულია: შემდეგ ეტაპზე "რეალი" და პსჟ ითამაშებენ. პირველი ადგილი ფრანგულ კლუბს ეკუთვნის. გასარკვევია ის, თუ რომელი გუნდი გააგრძელებს ევროპა ლიგაზე ასპარეზობას.

ამ ეტაპისთვის "ბრიუგეს" გაცილებით დიდი შანსები აქვს, რადგან 3 ქულით მესამე პოზიციაზეა, ხოლო 2 ქულის მქონე "გალათასარაის" ევროპა ლიგაზე გადასასვლელად აუცილებლად ესაჭიროება პსჟ-ს "პარკ დე ფრანსზე" დამარცხება, რაც ძალიან რთულ და ამოუხსნელ ამოცანად გამოიყურება.

"ბრიუგე" კი სახლში "რეალს" მიიღებს. მადრიდელებმა ბელგიელებს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვერ სძლიეს და ღირსების საკითხია "დათვების" დამარცხება.

მატჩები თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

B ჯგუფი

A ჯგუფის მსგასად, აქაც გასარკვევი მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურის მფლობელია და საქმეც მარტივადაა - თუ 1 ქულის მქონე პირეოსის "ოლიმპიაკოსი" 3-ქულიან ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" დაამარცხებს, ევროპა ლიგაზე გადაერთვება. სხვა შედეგის შემთხვევაში ევროტურნირზე ასპარეზობას სერბები განაგრძობენ.

მეორე მატჩი აქაც "ღირსების თამაშია", მიუნხენის "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" "ტოტენჰემ ჰოთსპურს" უმასპინძლებს. ლონდონელები საკუთარ მოედანზე შერცხვნენ და 2:7 წააგეს. ჟოზე მოურინიოს ხელში "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრას ჩაატარებს და გამარჯვებას ეცდება, რომელიც ღირსებას თუ ვერ აღუდგენს, გუნდს რწმენას მაინც შემატებს.

შეხვედრები თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


D ჯგუფი

აღნიშნულ ქვეჯგუფში ლევერკუზენის "ბაიერს" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლის თეორიული შანსი კი აქვს, თუმცა ამისათვის "ფარმაცევტებმა" შინ "იუვენტუსი" უნდა დაამარცხოს, ხოლო მადრიდის "ატლეტიკომ" სახლში სრულიად უმოტივაციო მოსკოვის "ლოკომოტივს" ვერ უნდა მოუგოს.

გამორიცხული არაფერია, თუმცა გარკვეული ის არის, რომ ამ ტურის შემდეგაც ტურინის "იუვენტუსი" ჯგუფში პირველ ადგილზე იქნება, ხოლო მოსკოვის "ლოკომოტივი" - ბოლოზე. დღევანდელი შეხვედრების შედეგები ამ ორი გუნდის პოზიციებზე არ იმოქმედებს.

აღნიშნული თამაშები თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანგარიშის გამოცნობა. ოლიმპიაკოსი-ცრვენა ზვეზდა 1-0. ვინც ნახავს ამ პროგნოზს იმას გაუმართლებს.
ზეცისმიერი
13:53 11-12-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული