ჩემპიონთა ლიგა: დებიუტანტი მწვრთნელებისა და "ჩელსი"-"ბაიერნის" ჯახის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, 25 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ორი მატჩი გაიმართება - "ნაპოლი" საკუთარ არენაზე "ბარსელონას" უმასპინძლებს, ხოლო ლონდონის "ჩელსი" "სტემფორდ ბრიჯზე" მიუნხენის "ბაიერნს" დაუხვდება.

"ნაპოლი" - "ბარსელონა"

უცნაური ის არის, რომ ამ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს ექნება - ჯენარო გატუზო და კიკე სეტიენი პირველად გაიყვანენ გუნდებს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მატჩში.

"ნაპოლი" და "ბარსელონა" აქამდე ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, ამხანაგურად კი 4-ჯერ გაეჯიბრნენ და აქედან "ნაპოლიმ" 1 მოიგო, დანარჩენ 3-ში კი დამარცხდა. უკანასკნელად გუნდები 2019 წლის
11 აგვისტოს შეხვდნენ ერთმანეთს და კატალონიელებმა ნეაპოლელები 4:0 გაანადგურეს.

ნაპოლი

პირველად და უკანასკნელად იტალიელები ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში 2012 წელს იყვნენ, როცა "ჩელსისთან" 2 მატჩის ჯამში დამარცხდნენ. მას შემდეგ კამპანიელებმა ჯგუფიდან გასვლა პირველად მოახერხეს და საწყის ეტაპზევე მრისხანე მეტოქე ჰყავთ. თუმცა "სადიო სან პაოლოზე" "ნაპოლის" ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ეს ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პირველივე ტურში დაამტკიცეს, როცა "ლივერპულს" 2:0 მოუგეს.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლი" მშვენიერ ფორმაში შევიდა და უკანასკნელი 7 მატჩიდან 6 მოიგო, მათ შორის მოუგო მილანის "ინტერს", ტურინის "იუვენტუსსა" და შესანიშნავ ფორმაში მყოფ რომის "ლაციოს". ასე რომ, გატუზოს გაწვრთნილები "ბლაუგრანას" წინააღმდეგ სათამაშოდ საკმაოდ თავდაჯერებულები გავლენ.

თავად გატუზომ მეტოქის ქება არ დაიშურა:

"ჩვენ დიადი კლუბის წინააღმდეგ გვიწევს თამაში და "ბარსაში" საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ. ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველოდება, თუმცა ჩემთვისა და ჩემი მოთამაშეებისთვის ეს სიამაყის წყაროა, რადგან ვეთამაშებით ჩვენზე ძლიერ გუნდს, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ჩვენ არანაირი შიში არ უნდა გვქონდეს: პატივს ვცემთ მათ და საკუთარი ფეხბურთის თამაშს შევეცდებით ცოდნითა და სიამაყით".

სავარაუდო შემადგენლობა

მერეტი, დი ლორენცო, მანოლას, მაკსიმოვიჩი, მარიო რუი, ფაბიან რუისი, დემმე, ზელინსკი, კალეხონი, მერტენსი, ინსინიე


ბარსელონა

"ბარსამ" კიკე სეტიენის მწვრთნელობისას გასვლაზე 4 მატჩი ჩაატარა, რომლებიდანაც 2 მოიგო ("იბიცასა" და "ბეტისთან") და 2 წააგო ("ბილბაოსა" და "ვალენსიასთან"). ბოლო პერიოდში დამაჯერებლობით გასვლით თამაშებში "ბარსელონას" ფეხბურთელები არ გამოირჩევიან, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებს მიღმა გამართულ შეხვედრებში არ დამარცხებულან.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის წინა 2 სეზონში გასვლაზე მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდნენ (2018 წელს "რომასთან" და 2019 წელს "ლივერპულთან") და ორივეჯერ გამოეთიშნენ გათამაშებას.

კიკე სეტიენი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საკმაოდ თავშეკავებული იყო:

"ყოველთვის ვეუბნები ჩემს მოთამაშეებს, რომ მოწინააღმდეგე მხარისაგან საუკეთესო თამაშს უნდა ელოდონ. ყველა გუნდი წარმატებისთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება.

ვიცი, თუ რა ძალუძს "ნაპოლის" და მათ ეს ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცეს ტოპ-კლასის გუნდების წინააღმდეგ თამაშისას. დარწმუნებული ვარ, საკუთარ მოედანზე ექსტრაორდინარულად ითამაშებენ".

სავარაუდო შემადგენლობა

ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლენგლე, ფირპო, არტური, ბუსკეტსი, ვიდალი, დე იონგი, მესი, გრიზმანი


"ჩელსი"-"ბაიერნი"

"ჩელსი" და "ბაიერნი" ოფიციალურად 3-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ლონდონელებმა 2 მატჩის ჯამში 6:5 აჯობეს გერმანელებს, "არისტოკრატების" ამჟამინდელმა დამრიგებელმა ფრენკ ლამპარდმა კი ორ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. "ჩელსის" ფეხბურთელებმა 2012 წელს გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პენალტების სერიით კიდევ ერთხელ სძლიეს ბავარიელებს.

"ჩელსის" სავარაუდო შემადგენლობა

კაბალიერო, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი, ჯეიმსი, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი, ალონსო, მოუნტი, აბრაამი, ვილიანი

"ბაიერნის" სავარაუდო შემადგენლობა

ნოიერი, პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი, კიმიხი, ტიაგო, კომანი, მიულერი, გნაბრი, ლევანდოვსკი

ორივე მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული