როგორ გადაახია სასამართლომ უეფას თავზე "მანჩესტერ სიტიზე" გამოტანილი ვერდიქტი

AutoSharing Option
როგორც იცით, საერთაშორისო სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) "მანჩესტერ სიტის" სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა უეფას მიერ ამ გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთას. ეს უეფასთვის სახალხოდ არაკომპეტენტურობის დამტკიცება და სილის გაწნა გახლდათ.

"დეილი მეილი" იტყობინება, რომ "ქალაქელები" ამ საქმისათვის სამზადისს ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა, როდესაც უეფას ჯერ ვერდიქტი გამოტანილი არ ჰქონდა - შეკრიბა მაღალკვალიფიციური იურისტები და შეიმუშავა სტრატეგია, რომელსაც მთელი პროცესის განმავლობაში მიზანდასახულად მიჰყვებოდა. უკანასკნელი წელიწად-ნახევრის მანძილზე ამ ამოცანის განხორციელება მანკუნიანური კლუბისათვის პრიორიტეტული იყო.

მათ კაპიტულაცია არ გამოუცხადებიათ, კონტრარგუმენტები საფუძვლიანად მოამზადეს და შვეიცარიაში გააგზავნეს,
რომლის სპორტული სასამართლო ყოველთვის როდი იღებს პოპულარულ გადაწყვეტილებებს.

არადა, ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და წამყვანი ფეხბურთელები გუნდს დატოვებდნენ. ნურას უკაცრავად - რაც უფრო გაიწელა პროცესი, "ბრალდებულები" თავს სულ უფრო მშვიდად გრძნობდნენ. ეს გვარდიოლას საუბრის თვითდაჯერებული ტონიდანაც შეინიშნებოდა. სხვათა შორის, ნიშანდობლივი გახლდათ CAS-ის გადაწყვეტილების თაობაზე BBC-ის ჟურნალისტ იან ჩიზმენის პროგნოზი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე "ტვიტერზე" გააკეთა - ის უკვე ინფორმირებული იყო მომავალი ვერდიქტის შესახებ.

უეფა, პირიქით, გაიტრუნა, რაც მრავლის მთქმელი იყო. ახლა მდიდარი კლუბების პატრონებმა იციან, რომ მათი ძალაუფლება უსაზღვროა.

უეფას სამარცხვინო მარცხს შეიძლება უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, რამეთუ მისი ჰეგემონია ირღვევა და ევროპული ფეხბურთის მთლიანობას საფრთხე ემუქრება. არაა გამორიცხული, უახლოეს მომავალში ევროტურნირების ჩატარებას საფრთხე დაემუქროს და სუპერლიგა მართლაც შეიქმნას, რაც ევროპის წამყვანი ჩემპიონატებისთვის ძალიან სახიფათოა. სწორედ ამიტომაა აღშფოთებული ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი.

"მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი ამბობს, რომ "სიტის" უეფაზე გამარჯვება გასაკვირი არ არის, რამეთუ ამ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება არ ძალუძს და ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ "ქალაქელთა" მძლავრ იურიდიულ მანქანას გაუმკლავდებოდა.

მოკლედ, შეიხებმა გამარჯვება იზეიმეს და საინტერესოა, დაიწყება თუ არა ევროპული საკლუბო სისტემის რღვევა და რეორგანიზაცია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ფეხბურთი,ყველაზე დემოკრატიული სპორტის სახეობააო.აქამდე ასე თუ ისე,კიდევ იყო ასე.ამის შემდეგ კი,ფეხბურთი,როგორც სპორტი,მოკვდა და გადაიქცევა ფულის საჭრელ დაზგად,სადაც პირამიდის წვერზე მოექცევა რამდენიმე კლუბი და მთელ ნაღებს ის მოხდის,დანარჩენი მასა კი,უბრალოდ ჩაიძირება.ძირი ალბათ მსოფლიოს ჩემპიონატებსაც გამოეთხრება,რადგან ფულის ტომრები შეუფარავად იბატონებენ ყველაფერზე და ყველაფერში.მსოფლიოს წესრიგი,აქაც დაანგრია ფულმა და ოკეანეში, ზვიგენები ნთქავენ ყველაფერს
სოსო
22:05 14-07-2020
0
მე კი, საბრალო დაზგასთან ვდგავარ 14 საათი, ნაცვლად რვისა და თვიურად ხელფასი მაქვს 168 ლიტრი ბენზინის ეკვივალენტი, ანუ 18 კილო საქონლის ხორცი. საკითხავია ვინ არის საქონელი, მე, თუ დაკლული ძროხა?
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
20:40 14-07-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული