[PREVIEW] "იუნაიტედის" აუცილებლად მოსაგები მატჩი და ხავის დებიუტი ლიგაზე

AutoSharing Option
დღეს, 23 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის 8 შეხვედრა გაიმართება, დავიწყოთ ნაადრევი მატჩებით (21:45).
კიევის "დინამო" - მიუნხენის "ბაიერნი"
E ჯგუფში კიევის "დინამო" "ბაიერნს" მასპინძლობს.
"რეკორდმაისტერი" ლიგაზე წაუგებლად ასპარეზოს, 4 გამართული შეხვედრის შემდეგ გერმანელებს 12 ქულა აქვთ და მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდეს, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინელებზე, "დინამო" 1 ქულით ბოლო ადგილს იკავებს და ფაქტობრივად მე-4 პოზიციისთვისაა განწირული.
მასპინძლებს არტემ ბასედინი და ბენჟამინ ვერბიჩი გამოაკლდებათ.
მიუნხელების დანაკლისი გაცილებით მასშტაბურია - ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი, სერჟ გნაბრი, იოზუა კიმიხი, ნიკლას ზულე და დაიოტ უპამეკანო, კითხვის
ნიშნის ქვეშაა კინგსლი კომანისა და მარსელ ზაბიცერის თამაშიც.
ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 6 გერმანელებმა მოიგეს, 2 - უკრაინელებმა, 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
"ვილიარეალი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
F ჯგუფში "ვილიარეალი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს.
4 ტურის თავზე ორივე გუნდს თანაბარი 7-7 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილს იკავებენ, გატანილსა და გაშვებულ გოლებს შორის უკეთესი სხვაობით ესპანელები წინ არიან (+4/+1).
დღევანდელ შეხვედრაში "წყალქვეშა ნავებს" ოფიციალურად არავინ აკლია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა პაკო ალკასერის, არნაუტ დანუმას, ხერარდ მორენოს, ეტიენე კაპუსა და სერხიო ასენხოს თამაში.
"წითელი ეშმაკების" მხრიდან კი მოედანზე შესაძლოა ედინსონ კავანი და ლუკ შოუ ვერ ვიხილოთ.
ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ინგლისელებმა 1 მატჩი მოიგეს, 4 შეხვერა კი ფრედ დასრულდა.
გადავიდეთ 00:00 საათიან თამაშებზე.
"ბარსელონა" - "ბენფიკა"
E ჯგუფში "ბარსელონა" "ბენფიკას" მასპინძლობს.
"ბლაუგრანას" 4 ტურის თავზე 6 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს, პორტუგალიელები კი 4 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.
"ლურჯ ბროწეულისფერების" დანაკლისი დიდია, კატალონიელებს მარტინ ბრაიტვეიტი, ანსუ ფატი და პედრი არ ეყოლებათ, ასევე აღარ ითამაშებს სერხიო აგუეროც (გულის პრობლემის გამო კარიერას ამთავრებს), კითხვის ნიშნის ქვეშაა უსმან დემბელეს, სერხიო ბუსკეტსის, სერჟინიო დესტისა და ოსკარ მინგესას თამაში.
"ბენფიკას" ლუკას ვერისიმო, როდრიგო პინო, დიეგო გონსალვესი და ნემანია რადონჟიჩი გამოაკლდება.
ეს გუნდები ისტორიაში 8-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ესპანელებმა 3 შეხვედრა მოიგეს, ამდენივე მატჩი დასრულდა ფრედ, პორტუგალიელებმა კი 2 მატჩში იმარჯვეს.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელების მწვრთნელს, ხავის ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ექნება.
"იანგ ბოიზი" - "ატალანტა"
F ჯგუფში "იანგ ბოიზი" "ატალანტას" დაუპირისპირდება.
შვეიცარიელები 3 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, ბერგამოელებმა კი 4 ტურის თავზე 5 ქულა მოაგროვეს და მე-3 პოზიციას იკავებენ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს მოჰამედ კამარა, კრისიან ფასნახტი, აბდულა ლაიდანი, ჯან-პიერე ნსამე, ჩედრიგ ზესიგერი, დავიდ ვონ ბალმოსი და ჯოელ მონტეირო გამოაკლდებათ.
ლომბარდიელები მოედანზე ჰანს ჰატებორის, რობინ გოსენსისა და მატეო ლოვატოს გარეშე გამოვლენ.
ეს გუნდები ისტორიაში ერთადერთხელ დაუპირისპირდნენ (მიმდინარე სეზონის მე-2 ტურში), გამარჯვება კი იტალიელებმა მოიპოვეს.
"ლილი" - "ზალცბურგი"
G ჯგუფში "ლილი" "ზალცბურგს" უმასპინძლებს.
ლიგა 1-ის მოქმედ ჩემპიონებს 4 ტურის თავზე 5 ქულა აქვთ და მე-2 ადგილს იკავებენ, ავსტრიელები კი 7 ქულით 4-ეულს ლიდერობენ.
ფრანგებს დღევანდელ შეხვედრაში ბენჟამინ ანდრე, ჯონათან ბამბა, სვენ ბოტმანი და ჯონათან იკონე გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა გაბრიელ გუდმონდსონისა და რენატო სანჩესის თამაში.
"ზალცბურგს" თამაში ზლატკო იუნუზოვიჩის, კამილ პიატკოვსკისა და ბრაიან ოკოს გარეშე მოუწევს, საეჭვოა ნოა ოკაფორის ასპარეზობაც.
ეს გუნდები ისტორიაში პირველად მიმდინარე სეზონის მე-2 ტურში დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ავსტრიელებმა მოიპოვეს.
"სევილია" - "ვოლსბურგი"
იმავე G ჯგუფში "სევილია" "ვოლსბურგს" მასპინძლობს.
ანდალუსიელები 3 ქულით ბოლო, მე-4 ადგილს იკავებენ, გერმანელები კი 5 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.
ესპანელებს დღევანდელ შეხვედრაში იუსუფ ენ-ნესირი, ერიკ ლამელა, ხესუს ნავასი და სუსო არ ეყოლებათ.
"ვოლსბურგს" კი ბარტოჟ ბიალეკის, ადმირ მეჰმედის, პაულო ოტავიოს, ხავიერ შლაგერის, რენატო შტეფენისა და ვილიანის გარეშე მოუწევთ თამაში.
გრანდები წინა გუნდების მსგავსად ისტორიაში პირველად მე-2 ტურში დაუპირისპირდნენ, მათი მატჩი ფრედ დასრულდა.
"ჩელსი" - "იუვენტუსი"

H ჯგუფში სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში, ადგილობრივ "ჩელსისა" და "იუვენტუსს" შორის გაიმართება.
მოქმედი ჩემპიონები 4 ტურის თავზე 9 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ, "ბიანკონერი" კი 12 ქულით 1-ელ ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლა უკვე განაღდებული აქვს.
"არისტოკრატებს" დღევანდელ შეხვედრაში მატეო კოვაჩიჩი გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა რომელუ ლუკაკუს თამაშიც.
"ბებერი ქალბატონი" მოედანზე ფედერიკო ბერნანდესკის, ჯორჯინიო კიელინის, მატეო დე შილიოსა და დანილოს გარეშე გამოვა, დანაკლის შესაძლოა აარონ რემზი და პაულო დიბალაც დაემატოს.
ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 მატჩი ტურინელებმა მოიგეს, ამდენივე მატჩი დასრულდა ფრედ, 1 შეხვედრა კი ინგლისელებმა "წამოიღეს".
"მალმიო" - "ზენიტი"
იმავე H ჯგუფში "მალმიო" "ზენიტს" უმასპინძლებს.
შვედებს 0 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე იმყოფებიან, რუსები კი 3 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ.
მასპინძლებს დღევანდელ შეხვედრაში ოლა ტოივანენი, იონას კნუდსენი, პატრიოტ სეჟდუ და ფელიქს მეიჯიმო გამოაკლდება, კითხვის ნიშნის ქვეშაა ანდერს კრისტიანსენისა და ჯო ინგე ბერგეტის მონაწილეობაც.
"ზენიტი" ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება, ერთადერთი შეიძლება დანილ კრუგოვოი დააკლდეთ.
ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება რუსებმა მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული