[PREVIEW] ხოჭოლავა "დორტმუნდის" წინააღმდეგ, ცენტრალური მატჩი პარიზში - ლიგა ბრუნდება

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება. 

"დორტმუნდი" - "კოპენჰაგენი"

პირველივე დღეს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დათა ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" იასპარეზებს. G ჯგუფში დანიური გუნდი "დორტმუნდს" დაუპირისპირდება. გერმანელები შეხვედრის უპირობო ფავორიტად ითვლებიან. 

სკანდინავიელებს კამილ გრაბარა, ნიკოლაი ბოილესენი და რუნი ბარგჯი დააკლდებიან. თავის მხრივ, "ყვითლების" დანაკლისი უფრო მასშტაბურია - მაჰმუდ დაჰუდი და სებასტიან ალე გამოაკლდებათ, კითხვის ნიშნის ქვეშაა რაფაელ გერეიროს, კარიმ ადეიემისა და დონიელ მალენის თამაში. 

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე
დაიწყება.

"სევილია" - "მანჩესტერ სიტი"

იმავე G ჯგუფში გათამაშებაში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ სიტი" ჩაერთვება. "ქალაქელები" თავის პირველ შეხვედრას ანდალუსიაში, ადგილობრივ "სევილიასთან" გამართავს. 

ესპანელებს ხესუს კორონა გამოაკლდებათ, პეპ გვარდიოლას გუნდს კი - აიმერიკ ლაპორტი და კაილ ვოლკერი. საეჭვოა კალვინ ფილიპსის თამაშიც.

საფეხბურთო გრანდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და ორივე მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა.

ზაგრების "დინამო" - ლონდონის "ჩელსი"

E ჯგუფში ლონდონის "ჩელსი" ზაგრების "დინამოს" ესტუმრება. ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ პირველ შეხვედრას ჩაატარებენ. 

ხორვატებს ბოშკო შუტალო დააკლდებათ, ინგლისელები კი ხსენებულ შეხვედრას, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. ტომას ტუხელს ოფიციალური დანაკლისი არ აქვს, თუმცა საეჭვოა ედუარდ მენდის, ნგოლო კანტესა და ტრევორ ჩალობას თამაში. 

მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

"მილანი" – "ზალცბურგი"

იმავე E ჯგუფში "მილანი" "ზალცბურგს" ესტუმრება.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გუნდები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეში "როსონერიმ" იმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრაში ავსტრიელებს ერთბაშად 8 მოთამაშე დააკლდებათ, რაც მათ მდგომარეობას ერთიორად ართულებს. "მილანი" სათამაშოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის, რადე კრუნიჩისა და ალესანდრო ფლორენცის გარეშე გამოვა. შესაძლოა, დანაკლისს ანტე რებიჩიც დაემატოს.

"სელტიკი" – მადრიდის "რეალი"

F ჯგუფში ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის "რეალი" "სელტიკს" ესტუმრება. საფეხბურთო გიგანტები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს.

გლაზგოელები შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. შოტლანდიელების მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშაა კიოგო ფურუაშის თამაში. შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდება "ბლანკოსიც", "სამეფო გუნდის" მხრიდან საეჭვოა ალვარო ოდრიოსოლას თამაში.

"ლაიპციგი" – დონეცკის "შახტარი"

იმავე F ჯგუფში "ლაიპციგი" დონეცკის "შახტარს" უმასპინძლებს. გუნდები დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

გერმანელებს დანი ოლმო, ლუკას კლოსტერმანი და იუსუფ პოულსენი დააკლდებათ.

უკრაინელები სათამაშოდ ვიქტორ კონიენკოს გარეშე გამოვლენ.

"პარი სენ ჟერმენი" – "იუვენტუსი"

ტურის ცენტრალური შეხვედრა H ჯგუფში "პარი სენ ჟერმენსა" და "იუვენტუსს" შორის გაიმართება.

პსჟ და "ბიანკონერი" ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ფრანგებს ოფიციალური დანაკლისი არ აქვთ. კითხვის ნიშნის ქვეშაა პაბლო სარაბიასა და ვიტინიას თამაში.

"ბებერ ქალბატონს" ვოიცეხ შესნი, პოლ პოგბა და ფედერიკო კიეზა გამოაკლდებიან.

"ბენფიკა" - მაკაბი "ჰაიფა"

იმავე ჯგუფში ლისაბონის "ბენფიკა" მაკაბის "ჰაიფას" უმასპინძლებს.

დღეს გუნდები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

"არწივებს" ჟოაო ვიქტორი და ლუკას ვერისიმო გამოაკლდებიან.

"ჰაიფა" მოედანზე რეზ მაირისა და მაჰმუდ ჟაბერის გარეშე გამოვა.

შეხვედრები, რომლებსაც დრო არ აქვს მითითებული, 23:00 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ხოჭო კარგი გამოცდილებაა
რაბუ
20:16 06-09-2022
0

სიახლეები პოპულარული