ლა ლიგა. VIII ტურის წინ: პირველად "ვანდაზე"...

AutoSharing Option
..."ფურია როხა" მუნდიალზეა, ესპანეთი ისევ ერთიანია და "ბარსელონაც" ისევ ლა ლიგაში ასპარეზობს. მოკლედ, მთავარი მოვლენა სწორედ ლიდერის მადრიდში სტუმრობაა.

"ვანდა მეტროპოლიტანო" პირველად მასპინძლობს "ბარსელონას". კატალონიელებს მადრიდში ჯოჯოხეთი ელით, განსაკუთრებით კი, ეს ჟერარდ პიკეზე ითქმის, რომელიც ღიად უჭერს კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს, რის გამოც კასტილიელი გულშემატკივრების ობსტრუქცია მაშინაც კი გარანტირებული აქვს, როცა სანაკრებო ფორმით გადის სათამაშოდ.

ლეო მესი არგენტინის გმირის რანგში უბრუნდება გუნდს. ურუგვაიდან ჩამოდის ლუის სუარესიც. ამ დუეტმა ახლახან კონმებოლის რეკორდი დაამყარა - საკვალიფიკაციო მატჩებში 21-21 გოლი აქვთ გატანილი. სხვა საქმეა,
რამდენად მოასწრებენ ისინი შაბათისთვის სათამაშო მზადყოფნას.

გუნდს უბრუნდება 33 წლის ვეტერანი ანდრეს ინიესტა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა.

"ატლეტიკომაც" დაიწყო მზადება "ბარსასთან" მატჩისთვის. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა თავიდან გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა. ხორვატიის ნაკრებიდან ტრავმიანი დაბრუნდა სიმე ვრსალიკო.

სიმეონეს სულ ბოლოს ურუგვაელები, ხიმენესი და გოდინი დაუბრუნდნენ. "ატლეტიკოს" მძიმე ოქტომბერი ელის - ყოველ სამ დღეში მნიშვნელოვანი მატჩი აქვს.

მასპინძელთა რიგებში ფილიპე ლუიშის, სტუმრებში კი უსმან დემბელესა და რაფინიას თამაში გამორიცხულია.

ჩემპიონ "რეალს", რომელსაც არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს 7 ტურის შემდეგ, მადრიდული დერბი ელის - "ალფონსო პერეს კოლისეუმზე" "ხეტაფეს" სტუმრობს. "რეალი" თანაქალაქელებს გოლებს "არ აკლებს" ხოლმე - ბოლო დაპირისპირებაში "სამეფო კლუბმა" "ხეტაფეს" 5 გოლი გაუტანა, იმის წინ - 4, უფრო ადრე 7 და ასე შემდეგ. ბოლო 7 დაპირისპირებაში "რეალს" მატჩში, სულ მცირე, 3 გოლი მაინც გააქვს.

ამ თამაშისთვის სპეციალურად აწესრიგებენ მინდვრის საფარს "კოლისეუმზე", რადგან ბოლო ტურებმა დიდი ხმაური გამოიწვია ცუდი საფარის გამო. "რეალს" გულის პრობლემებმა დიდი ხნით გამოაკლო დანი კარვახალი. ალბათ, ვერ ითამაშებს მეკარე კეილორ ნავასიც. არ იქნებიან გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, ტეო ერნანდესი, მატეო კოვაჩიჩი, მარსელო და შესაძლოა, არც ტონი კროოსი. მოკლედ, ზინედინ ზიდანს საფიქრალი ბევრი აქვს.

მეორეადგილოსანი "სევილია" "ბილბაოს" სტუმრობს, ხოლო მე-3 ადგილზე მყოფი "ვალენსია" სევილიაში ჩადის "ბეტისთან" სათამაშოდ.

ფაქტები
  • დიეგო სიმეონეს საშინაო პირველობაზე ჯერ არ მოუგია "ბარსელონასთვის", როგორც "ატლეტიკოს" მწვრთნელს. იყო ორი გამარჯვება, მაგრამ ორივე ჩემპიონთა ლიგაზე.
  • ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მაისურით ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) უკვე 11 გოლი გაიტანა.
  • "ბარსელონას" ბოლო 14 ტური აქვს მოგებული.
  • "ატლეტიკოს" თითქმის გაუვალი დაცვის ხაზი (პლუს მეკარე) ჰყავს - ამ სეზონში გუნდმა მხოლოდ 4 გოლი გაუშვა.
  • "ატლეტიკოს" ზედიზედ 11 მატჩია, რაც არ წაუგია.
  • "ბარსელონამ" ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ დაარტყა კარისკენ პირდაპირ საჯარიმო დარტყმით - 14.
  • "ატლეტიკოს" ბოლო 38 საშინაო მატჩიდან 35-ში არ წაუგია.
  • "რეალს" ლა ლიგის ბოლო 65 მატჩიდან 60-ში არ წაუგია.
  • "რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 7 საგარეო მატჩი ისე მოიგო, რომ პირველ ტაიმებშიც გამარჯვებული გამოვიდა.
  • "ბილბაომ" ბოლო 8 საშინაო მატჩიდან (ყველა შეჯიბრებაში) 7 მოუგო "სევილიას".
  • ბოლო 6 ტურიდან 5-ში "სევილიამ" კარი მშრალად შეინახა.
  • "ვალენსიას" ბოლო სამ ტურში თამაშში, სულ მცირე, 3 გოლი გააქვს.
  • "ვალენსია" ლა ლიგაში სამმატჩიანი მოგებათა სერიით იწონებს თავს.
ლა ლიგა. VIII ტური
პარასკევი, 13 ოქტომბერი
ესპანიოლი-ლევანტე 23:00

შაბათი, 14 ოქტომბერი
ბილბაო-სევილია 15:00
ხეტაფე-რეალი 18:15
ალავესი-სოსიედადი 20:30
ატლეტიკო-ბარსელონა 22:45

კვირა, 15 ოქტომბერი
ეიბარი-დეპორტივო 14:00
ჟირონა-ვილიარეალი 18:15
მალაგა-ლეგანესი 20:30
ბეტისი-ვალენსია 22:45

ორშაბათი, 16 ოქტომბერი
ლას პალმასი-სელტა 23:00

ბომბარდირები: 11 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 6 - სიმონე ძაძა (ვალენსია); 5 - სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), მაქსი გომესი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული