ლა ლიგა. XXII ტური: პსჟ-სთან კარსმომდგარი ბრძოლების წინ "რეალმა" კვლავ წაიბორძიკა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრიმერას წინა ტურში "მესტალიაზე" "ვალენსიას" განადგურების (4:1) შემდეგ ბევრმა იფიქრა, რომ "რეალი" როგორც იქნა ფორმაში ჩადგა და მათი ვარაუდი კიდევ უფრო განმტკიცდა, როდესაც სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერთან, "ლევანტესთან" მატჩში სერხიო რამოსმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთის თავი დაუხვედრა და მე-11 წუთზე ანგარიში გახსნა.

მან ამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და უკვე ზედიზედ მე-14 წელია ესპანეთის ჩემპიონატზე გოლი გააქვს. ცნობისათვის, ლა ლიგაზე მცველებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი მის ყოფილ თანაგუნდელს ფერნანდო იეროს აქვს, რომელმაც მიჯრით 15 სეზონში მოახერხა გოლის გატანა, ხოლო ასევე ბლანკოსის ყოფილ მცველს
მანოლო სანჩისს 14 სეზონში აქვს გოლი გატანილი. სულ სერხიოს ანგარიშზე 88 გოლია (70 რეალში) და აქედან 50 ბურთი მეტოქის კარში თავით შეაგდო. ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავია.

შთამბეჭდავს კი ვერ უწოდებ "სამეფო გუნდის" თამაშსა და შედეგს - იმის მაგივრად, რომ უპირატესობა გაეზარდა, 42-ე წუთზე საკუთარ კარში გაუშვა გოლი. მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და შეცვლაზე შესულმა ისკომ 81-ე წუთზე ისევ დააწინაურა კასტილიელები.

მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ეტყობა იფიქრა მატჩი მოვიგეთო, რონალდო შეცვალა და  ვალენსიელებმა ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი გაიტანეს - 2:2.

ერთი სიტყვით, "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან კარსმომდგარი მატჩების წინ ისევ წაიბორძიკა, რაც მისი არასტაბილური ასპარეზობიდან გამომდინარე, შემთხვევითობა აღარაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული