ლა ლიგა. XXVIII ტური. ანდალუსიაში ოთხეული დალაგდება

AutoSharing Option
ჯერ არასოდეს მომხდარა, ლა ლიგაში ლიდერს ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ტურით ადრე 8-ქულიანი უპირატესობა გაენიავებინოს და, ალბათ, არც ახლა მოხდება.

"ბარსამ" მთავარი დაპირისპირება მოილია - "ატლეტიკოს" თავისი ადგილი მიუჩინა და ახლა დარჩენილ მატჩებში მასზე 8 ქულით მეტი არ უნდა დაკარგოს.

"ბარსელონა" ანდალუსიაში ჩადის თითქმის გავარდნილ "მალაგასთან" სათამაშოდ - პირველ და ბოლოადგილოსან გუნდებს შორის ნამდვილი უფსკრულია, როგორც ქულებში (56 ქულა!), ისე თამაშის ხარისხში.

თუმცა "ბარსას" ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ანდალუსიაში გამგზავრების წინ, ბაზას მოულოდნელი სტუმრები ეწვივნენ. ფიფას ანტისადოპინგო სამსახურმა ერთბაშად 9 ფეხბურთელის სინჯები
აიღო მოულოდნელად - ტესტირება გაიარეს ბუსკეტსმა, პაულინიომ, ალბამ, დინმა, პიკემ, ანდრე გომეშმა, ტერ შტეგენმა, ვერმალენმა და ინიესტამ.

ერნესტო ვალვერდემ პირველ გუნდს კარლეს ალენია დაამატა, რადგან დენის სუარესიც ტრავმირებულია და ანდრეს ინიესტაც. სუარესი 3 კვირას ვერ ითამაშებს, ხოლო ინიესტას თამაში "ჩელსისთან" ბოლო მომენტში გადაწყდება ("მალაგასთან" არ იქნება).

თავიდან ითქვა, რომ "ატლეტიკოსთან" დაშავებული ესპანური ფეხბურთის გმირი მარტის ბოლომდე არ იქნებოდა, შემდეგ კი უფრო ოპტიმისტური პროგნოზი გაკეთდა.

ტრავმირებულია ნელსონ სემედუც და სერხი სამპერიც. ვალვერდე, სავარაუდოდ, პიკეს დასვენების საშუალებას მისცემს, რომელსაც მუხლი კატალონიის დერბის მერე აწუხებს, თუმცა მაინც თამაშობს. ასე რომ, "ლა როსალედაზე" ვერმალენისა და უმტიტის დუეტს უფრო ველით დაცვის ცენტრში.

მარცხენა ფლანგზე კოუტინიო ითამაშებს, მარჯვენაზე კი ვალვერდე პაულინიოსა და დემბელეს შორის არჩევანს გააკეთებს.

სხვათა შორის, "ბარსამ" შუა კვირაში ითამაშა - ეს იყო კატალონიის სუპერთასი - მატჩი "ესპანიოლთან" 0:0 დასრულდა და "ბარსას" გმირი მეკარე სილესენი გახდა, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი მოიგერია ლეიდაში და კატალონიურმა გრანდმა ეს ტიტული პენალტების სერიაში (4:2) მოიგო.

"სამეფო კლუბი" ბასკურ იპურუაში ჩადის "ეიბართან" სათამაშოდ. "ეიბარი" ყოჩაღი გუნდია და იოლად არაფერს თმობს, "რეალი" კი ჯერაც მეორე ადგილისთვის იბრძვის (თუმცა ზინედინ ზიდანი იმასაც აცხადებს, რომ "ბარსას" დაწევაც შეიძლება) და არც მესამე ადგილი აქვს გარანტირებული. "რეალს" ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, მათ შორის ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩიც.

ჩემპიონის მდევარი "ატლეტიკო" "ვანდაზე" "სელტას" მასპინძლობს. ევროთასებზე გადაღლილი "ატლეტიკო" გალისიური კლუბისთვის შანსია.

ტურის მთავარი მატჩი კი შაბათს "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება - "სევილია" "ვალენსიას" დაუპირისპირდება. ეს არის ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი საგზურისთვის და, ალბათ, ვინჩენცო მონტელას გუნდის უკანასკნელი შანსიც - "ვალენსია" მეტოქეს ახლა 8 ქულით უსწრებს და თუ ეს სტატუს კვო შეინარჩუნა მაინც, ცალი ფეხით ლიგაზეა.

"ღამურებს" არ ეყოლებათ "ბეტისთან" დამტვრეული სანტი მინა, არ იქნება არც ხავი ხიმენესი, ხოლო ხოსე გაიას თამაში საეჭვოა. მასპინძელთა შორის მცირე პრობლემები აქვთ კორშიასა და ხესუს ნავასს, ასე რომ, მარჯვენა ფლანგზე ისევ მიგელ ლაიუნს ვიხილავთ. "სევილია" "ვალენსიასთვის" ძალზე უხერხული მეტოქეა, მაგრამ პირველ ტურში "ვალენსიამ" ანდალუსიურ კლუბს შავი დღე აყარა - 4:0 მოუგო.

ფაქტები
  • 34 ტურია, რაც "ბარსელონას" არ წაუგია.
  • "მალაგამ" ბოლო სამი საშინაო მატჩი 1-ბურთიანი სხვაობით დათმო.
  • "რეალმა" ბოლო 8 დაპირისპირებიდან 7 მოუგო "ეიბარს".
  • "რეალს" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში, სულ მცირე, 3-3 გოლი გააქვს.
  • "რეალმა" ლა ლიგაში ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო, "ეიბარმა" - 3.
  • "ატლეტიკოს" ბოლო 15 მატჩია, რაც შინ არ წაუგია.
  • ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6-ში "ატლეტიკომ" კარი "მშრალად" შეინახა.
  • "ატლეტიკო" შინ "სელტასთან" ბოლოს 2016 წლის იანვარში "კოპა დელ რეის" მატჩში დამარცხდა - 2:3.
  • "სევილიამ" "ვალენსიას" ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 9 მოუგო.
  • "სევილიამ" შინ ბოლო 26 მატჩიდან 24 არ წააგო.
  • ბოლო 5 ტურია, რაც "ვალენსია" არ აგებს.

ლა ლიგა. XXVIII ტური
პარასკევი, 9 მარტი
ჟირონა-დეპორტივო 23:59

შაბათი, 10 მარტი
ეიბარი-რეალი 16:00
სევილია-ვალენსია 19:15
ხეტაფე-ლევანტე 21:30
მალაგა-ბარსელონა 23:45

კვირა, 11 მარტი
ესპანიოლი-სოსიედადი 15:00
ატლეტიკო-სელტა 19:15
ლას პალმასი-ვილიარეალი 21:30
ბილბაო-ლეგანესი 23:45

ორშაბათი, 12 მარტი
ალავესი-ბეტისი 23:59

ბომბარდირები: 24 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 20 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 16 - იაგო ასპასი (სელტა), კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული