"სევილია" ამ ტურამდე ლიდერის რანგში მოვიდა, მაგრამ "კამპ ნოუზე" დაიწყო თამაში და "ბარსა" ეკვეთა მეტოქეს და პირველ 15 წუთში უკვე 2:0-ს უგებდა. მერე იყო ლეო მესის დაცემის ეპიზოდი, რომელმაც ყველაფერი გააფერმკრთალა, თვით გახსნილი და სანახაობრივი თამაშიც, რომელშიც 6 გოლი გავიდა და ჩემპიონმა ლიდერობა დაიბრუნა.
თავიდან მესის იდაყვის რადიალური ხრტილის დაზიანებას ვარაუდობდნენ.
ოფიციალური დასკვნა ასეთია - ლეომ სამი კვირა უნდა იმკურნალოს. ის 6 მატჩს გააცდენს, მათ შორის, მთავარს - 28 ოქტომბერს "ბარსელონა" "რეალს" მასპინძლობს. შემდეგ იწყება სანაკრებო პაუზა.
ასე რომ, არგენტინელს 24 ნოემბრამდე, "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებამდე აღარ უნდა ველოდოთ. მესი "ელ კლასიკოს" ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად გამოტოვებს. შესაბამისად, ეს ამ ხნის განმავლობაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა "ბარსასა" და "რეალის" დაპირისპირებაში არც კრიშტიანო რონალდო იქნება და არც მესი.
რადგან რონალდო ვახსენეთ, ვთქვათ, რომ მის გარეშე დარჩენილ "რეალს" ცუდად მისდის საქმეები - "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ლევანტესთან" მარცხი უკვე მეტისმეტი იყო და ამბობენ, რომ ხულიენ ლოპეტეგის დღეები "სამეფო კლუბში" დათვლილია.
მისი სავარაუდო შემცვლელი კი "რეალის" ექსფეხბურთელი სანტიაგო სოლარია. "რეალს" კი "ლევანტესთან" ისკოს დაბრუნებამაც ვერ უშველა. შეგახსენებთ, რომ შემტევი ნახევარმცველი ბრმა ნაწლავის ოპერაციის გამო უქმობდა. "მარკას" მკითხველთა 53% მოითხოვს, რომ "რეალმა" ლოპეტეგი კლასიკომდე მოხსნას.
ვერ მოიგო დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ". ვერც ეს მადრიდული კლუბია წლეულს დამაჯერებელი. დაცვაში ყველაფერი წესრიგშია, აი, წინ კი - არა. თამაშის შემდეგ სიმეონე ოპტიმისტად დარჩა - ლიგაში ისეთი ქაოსია, ქულაც კი კარგი შენაძენიაო.
9 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში ორი ბარსელონური კლუბია. მათ ბასკური "ალავესი" მიჰყვება, "ვალიადოლიდი" მე-7 ადგილზე მყოფ "რეალს" უსწრებს. მოკლედ, ბევრი უცნაურობაა.
ფაქტები
- "ალავესმა" "ბალაიდოსზე" ისტორიაში პირველად მოიგო (3 ფრე, 7 წაგება).
- "ალავესმა" ამ ლა ლიგაში 6 გოლი გაიტანა სტანდარტული მდგომარეობებიდან, ყველაზე მეტი ჩემპიონატში.
- "რეალმა" პირველ 15 წუთში ორი გოლი 2017 წლის თებერვლის შემდეგ პირველად გაუშვა. მაშინ "ვალენსიასთან", ახლა ვალენსიურ "ლევანტესთან".
- მარსელომ (რეალი) "ლევანტეს" კარიერაში მესამე გოლი გაუტანა. ეს მისთვის საუკეთესო შედეგია - 2-ზე მეტი გოლი ლა ლიგაში სხვა არცერთი გუნდისთვის არ გაუტანია.
- "ვალენსიამ" მე-7 მატჩი ითამაშა ფრედ ამ სეზონში (შარშან მთელ სეზონში და თან ყველა შეჯიბრებაში ჰქონდა 7 ფრე). ეს ევროპის ტოპ-5 ლიგის საუკეთესო შედეგია.
- "ატლეტიკო" ევროპის ტოპ-5 ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც პირველ ტაიმში ჯერ გოლი არ გაუშვია.
- იან ობლაკმა (ატლეტიკო) ამ სეზონში 14 ზუსტი დარტყმიდან 13 მოიგერია.
- ლიონელ მესიმ (ბარსელონა) 25-ე გოლი გაუტანა "სევილიას" და ის კრიშტიანო რონალდოს გაუთანაბრდა.
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენს (ბარსელონა) "სევილიასთან" 5 "სეივი" ჰქონდა, ყველაზე მეტი ამ სეზონში.
- რაულ დე ტომასმა (ვალეკანო) საშინაო მატჩებში სამჯერ ითამაშა და ყოველ შეხვედრაში გაიტანა.
- ინიაკი ვილიამსმა (ბილბაო) ლა ლიგაში ბოლო 12 გოლი სტუმრად გაიტანა.
- ბილბაოს "ატლეტიკს" 2005 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი სერია აქვს - 7 მატჩია არ მოუგია ლა ლიგაში (5 ფრე, 2 წაგება).
- "ბეტისი" ევროპის ტოპ-5 ლიგის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ამ სეზონში პირველ ტაიმში გოლი არ გაუტანია.
ლა ლიგა. IX ტური
სელტა-ალავესი 0:1
გოლი: 0:1 პინა (58)
რეალი-ლევანტე 1:2
გოლები: 0:1 მორალესი (6), 0:2 როხერ მარტი (13-პენ), 1:2 მარსელო (72)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა (46. ბეილი), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, ისკო (60. ბენზემა) - ვასკესი, მარიანო დიასი, ასენსიო (60. სებალიოსი)
ვალენსია-ლეგანესი 1:1
გოლები: 0:1 გუმბაუ (63-პენ), 1:1 გაია (85)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი (59. ბატჩუაი), გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია - ვასი, კოკლენი (78. ფ. ტორესი), პარეხო, ჩერიშევი (16. სოლერი) - როდრიგო, გამეირო
ვილიარეალი-ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ფილიპე ლუიში (51), 1:1 მარიო გასპარი (65)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში (77. გოდინი) - საულ ნიგესი, როდრი (46. ლემარი), თომასი, კოკე - გრიზმანი, კალინიჩი (46. ა. კორეა)
ბარსელონა-სევილია 4:2
გოლები: 1:0 კოუტინიო (2), 2:0 მესი (12), 3:0 ლ. სუარესი (63-პენ), 3:1 სარაბია (79), 4:1 რაკიტიჩი (88), 4:2 მურიელი (91)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტური (67. სერხი რობერტო), ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი (26. უ. დემბელე), ლ. სუარესი (81. ელ ჰადადი), კოუტინიო
სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - კიაერი (54. მერკადო), კარისო, გომესი - ხესუს ნავასი, ბანეგა, ფ. ვასკესი (69. მესა), არანა - ანდრე სილვა (78. მურიელი), ბენ იედერი
ვალეკანო-ხეტაფე 1:2
გოლები: 0:1 ფულკიე (63), 0:2 აკიემე (67. ს. კ.), 1:2 დე ტომასი (74)
გაძევება: ტრეხო (92. რაიო ვალეკანო)
ეიბარი-ბილბაო 1:1
გოლები: 1:0 შარლესი (17-პენ), 1:1 ვილიამსი (21)
უესკა-ესპანიოლი 0:2
გოლები: 0:1 იგლესიასი (41), 0:2 იგლესიასი (64)
ბეტისი-ვალიადოლიდი 0:1
გოლი: 0:1 ანტონიტო (35)
ორშაბათი. 22 ოქტომბერი
სოსიედადი-ჟირონა 23:00
ბომბარდირები: 8 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 7 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ანდრე სილვა (სევილია).
III ტურის გამოტოვებული მატჩი
24 ოქტომბერი: რაიო ვალეკანო-ბილბაო
მომდევნო ტური
26 ოქტომბერი: ვალიადოლიდი-ესპანიოლი
27 ოქტომბერი: ჟირონა-რაიო ვალეკანო, ბილბაო-ვალენსია, სელტა-ეიბარი, ლევანტე-ლეგანესი, ატლეტიკო-რეალ სოსიედადი
28 ოქტომბერი: ხეტაფე-ბეტისი, ბარსელონა-რეალი, ალავესი-ვილიარეალი, სევილია-უესკა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"