ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზინედინ ზიდანს საკუთარი შვილის, ლუკას ზიდანის "რეალის" მეორე მეკარედ ხილვა სურდა. მოგვიანებით, ესპანურმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა არ ეთანხმებოდა ფრანგს და მეორე მეკარედ გუნდის უკრაინელ ლეგიონერ ანდრეი ლუნინს განიხილავდნენ, რომელიც წინა წელს "ლეგანესში" იყო განათხოვრებული. "რეალის" მთავარი მწვრთნელი აღნიშნულ თემას შეეხო და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
"მე არ მითხოვია კლუბისთვის, რომ ლუკა მეორე მეკარე იყოს. ვნახოთ რა იქნება მომავალში. ეს ჭორებს უფრო ჰგავს. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. რაც შეეხება მეკარის საკითხს, ამას მე გა
დავწყვეტ და ის ყველასათვის გასაგები იქნება. მე ვარ მთავარი მწვრთნელი და ყოველთვის იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი. თუ სიტუაცია ამისგან განსხვავებული იქნება, მე წავალ"- გადმოსცემს ფრანგის მწვრთნელის სიტყვებს El Mundo Deportivo.
წლევანდელ სეზონში ანდრეი ლუნინმა ლა ლიგაში 6 მატჩი ითამაშა "ლეგანესის" მაისურით და 5 გოლი გაუშვა. ამასთანავე, 3 თამაშში კარი მშრალად შეინახა. ლუკა ზიდანმა ძირითად გუნდში წელს მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა. ასევე 27 თამაშში იცავდა "კასტილიის" კარს სეგუნდა ბ-ში და 33 გოლი გაუშვა.