ლა ლიგას 32-ე ტურში "ბარსელონა" ვიგოში "სელტას" დაუზავდა - 2:2.
დუბლი "ბარსას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა შეასრულა. ტერ შტეგენის კარი კი რუსმა ფორვარდმა ფედორ სმოლოვმა (მან ამ სეზონში "რეალსაც" გაუტანა) და იაგო ასპასმა დალაშქრეს. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ნოლიტოს შეეძლო მასპინძლებისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
"ბარსელონა" 69 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა თუ 28 ივნისს "რეალმა" სტუმრად აუტსაიდერი "ესპანიოლი" დაამარცხა, 2 ქულით ჩამოიტოვებს.
კატალონიურმა გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატის მატჩებში ბოლო 5 წუთში 5 ქულა დაკარგა, რაც "ვალენსიას" მსგავსად ყველაზე უარესი მაჩვენებელია.
ორი საგოლე გადაცემა "ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ გააკეთა - მის ანგარიშზე პრიმერაზე 11 საგოლე პასია და ამ მაჩვენებლით ტოპ 5-ის ჩემპიონატების ლიდერია.
1-ელ ივლისს "ბარსა" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, ხოლო 3 ივლისს "რეალი" "ხეტაფეს".
სელტა - ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 სუარესი (20), 1:1 სმოლოვი (50), 1:2 სუარესი (67), 2:2 ასპასი (88)