ევროპალიგა. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: საბა VS მარიო, დუბლი მეორე

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის 15 წყვილი მერვედფინალის საგზურებს გაითამაშებს. პირველი მერვედფინალისტი კი უკვე ცნობილია - მოსკოვის ცსკა. დღეს ყველა პასუხი გვეცოდინება, ხოლო 23-ში ნიონში მერვედფინალის წილისყრაა.

მოგეხსენებათ, პლეი-ოფის ეტაპზე ევროპალიგის განაცხადებში ორი ქართველის გვარია - მოსკოვის "სპარტაკში" - ჯანო ანანიძე, ხოლო "ლოკომოტივში" - საბა კვირკველია. ჯანოს თამაში ჯერ არ განუახლებია. ასე რომ, ის არ იმყოფება ბასკეთში, სადაც რუსული კლუბი სასწაულის მოხდენას შეეცდება, რადგან შინ "ბილბაოსთან" 1:3 აქვს წაგებული და გავარდნის პირასაა.

აი, საბა კვირკველიას და მის გუნდს გაცილებით უკეთ აქვთ საქმე -
"ლოკომოტივმა" "ნიცა" 3:2 დაამარცხა მარიო ბალოტელის დუბლის (ბოლო ორ თამაშში 2 დუბლი) მიუხედავად და ახლა აშკარა ფავორიტია, საბა კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მას სასტარტო 11-ეულში ველით.

სხვათა შორის, "ლოკომოტივს" არასოდეს გაუვლია ეს ეტაპი (ევროპალიგაზე და მანამდე უეფას თასზე). გუნდი სამჯერ გააჩერეს - "სევილიამ", "ბილბაომ" და "ფენერბაჰჩემ".

15 წყვილიდან ზოგში თითქმის ყველაფერი გარკვეულია - თუ "ნიცას" კიდევ აქვს შანსი, მოსკოვში თამაში შემოაბრუნოს, "კოპენჰაგენისთვის" ყველაფერი დასრულებულია.

დანიურმა კლუბმა შინ 1:4 წააგო და "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "ატლეტიკო" ამხელა უპირატესობას მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან არ გაუშვებს ხელიდან. სასწაული უნდა მოხდეს, რომ მერვედფინალში არ გავიდეს ლისაბონის "სპორტინგი" ან "მილანი", ანაც "არსენალი".

ეს გრანდები ცალი ფეხით მერვედფინალში არიან. "ლაიპციგს" უდიდესი უპირატესობა აქვს "ნაპოლისთან" (იტალიაში 3:1 მოუგო), თუმცა ამ წყვილში მაინც სიფრთხილე გვმართებს - სერია A-ს ლიდერზე ვსაუბრობთ.

ყველაზე საინტერესო ესპანურ-ფრანგული დაპირისპირება გვგონია - შეძლებს "ვილიარეალი" "ლიონთან" 1:3-ის "ამოქაჩვას"? ყოველ შემთხვევაში, "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ამის კარგი შანსი აქვს.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლევანდელი ფინალი ლიონში გაიმართება და ფრანგული კლუბი ერთიორად მოტივირებულია. საინტერესო უნდა იყოს მატჩი ბერგამოში, სადაც "დორტმუნდი" 1-ბურთიანი უპირატესობით ჩადის.

რომში "ლაციოს" დიდი ბრძოლა მოუწევს "სტიაუასთან", მაგრამ დაკარგული ჯერ არაფერია - იტალიელებმა რუმინეთში 0:1 დათმეს.

ფაქტი
  • "ატლეტიკოს" ფორვარდ კევინ გამეიროს ევროპალიგის პლეი-ოფში 27 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი. პირველი მაჩვენებლით 30 წლის ფრანგი მეხუთეა, გოლებით კი - მესამე და თუ "კოპენჰაგენს" გაუტანს, ოსკარ კარდოსოს დაეწევა. პირველზე რადამელ ფალკაოა 20 გოლით.

ოთხშაბათი, 21 თებერვალი
ცსკა-ცრვენა ზვეზდა 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ძაგოევი (45+1)

ხუთშაბათი, 22 თებერვალი
ლოკომოტივი-ნიცა 20:00 (3:2)
ატლეტიკო-კოპენჰაგენი 22:00 (4:1)
დინამო კ.-აეკ 22:00 (1:1)
ლაციო-სტიაუა 22:00 (0:1)
პლზენი-პარტიზანი 22:00 (1:1)
ლაიპციგი-ნაპოლი 22:00 (3:1)
სპორტინგი-ასტანა 22:00 (3:1)
ვილიარეალი-ლიონი 22:00 (1:3)
ზენიტი-სელტიკი 22:00 (0:1)
მილანი-ლუდოგორეცი 00:05 (3:0)
არსენალი-ოსტერსუნდსი 00:05 (3:0)
ატალანტა-დორტმუნდი 00:05 (2:3)
ბილბაო-სპარტაკი 00:05 (3:1)
ბრაგა-მარსელი 00:05 (0:3)
ზალცბურგი-სოსიედადი 00:05 (2:2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული