VAR, მსაჯები... - ყველაფერი, რაც ევროპა ლიგის ფინალის შესახებ უნდა იცოდეთ

AutoSharing Option
ევროთასების მიმდინარე სეზონი სხვებისგან იმითაა გამორჩეული, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს ინგლისური კლუბები შეხვდებიან.

ჩვენ ევროპა ლიგის ფინალის შესახებ ყველა იმ საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც მკითხველმა უნდა იცოდეს.

როდის არის ფინალი?


ფინალური შეხვედრა დაიწყება 29 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე. ისტორიაში პირველად ხდება, რომ ევროპა ლიგის ფინალი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 4 დღით ადრე იმართება. ეს გულისხმობს, რომ გადამწყვეტი შეხვედრის გამართვამდე ნაციონალური ჩემპიონატები დასრულებული იქნება.

ვინ ითამაშებს ფინალში?


ევროპა ლიგის ტიტულისთვის ერთმანეთის წინააღმდეგ ლონდონური კლუბები: "ჩელსი" და "არსენალი"
ითამაშებენ. ევროთასებზე ეს გუნდები მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. 2003/04 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და "ჩელსიმ" 2 მატჩის ჯამში დაამარცხა "არსენალი" 3:2 (1:1,1:2).

ვინ არის ნომინალური მასპინძელი?


მარტში გამართულ კენჭისყრაზე, ადმინისტრაციული მიზნებიდან გამომდინარე, ნომინალური მასპინძელი გამოავლინეს. ეს "აინტრახტსა" და "ჩელსის" შორის გამარჯვებული გუნდი იქნებოდა. ფინალში ორივე გუნდს შეუძლია ძირითადი ფორმებით ითამაშოს, თუმცა, თუ ფერები დაემთხვევა, ნომინალურ სტუმრებს (ანუ "არსენალს") სარეზერვო ფორმით გამოსვლა მოუწევთ.

სად ჩატარდება ფინალი?


პირველად ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული თასი ბაქოში გათამაშდება. ფინალს ბაქოს "ოლიმპიური" სტადიონი უმასპინძლებს. სწორედ ამ მოედანზე გაიმართება ევრო 2020-ის 3 შეხვედრა.

სტადიონზე დაახლოებით 70 000 მაყურებელი ეტევა. ყველა მონაცემით, დასწრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება და 1999 წელს მოსკოვში დამყარებულ რეკორდს გადაასწრებს. მაშინ "პარმასა" და "ლაციოს" შორის გამართულ შეხვედრას 62 000 ადამიანი დაესწრო.

იქნება თუ არა VAR-ის სისტემა?


ეს იქნება ისტორიაში პირველი შეხვედრა ევროპა ლიგაზე, სადაც VAR-ის სისტემას გამოიყენებენ. ასევე, გუნდები მიიღებენ მე-4 ცვლილების უფლებას, თუ თამაში დამატებით დროში გადავა.

ვინ იქნებიან მსაჯები?


შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა ჯანლუკა როკის ხელმძღვანელობით მოემსახურება.

რას მიიღებს გამარჯვებული?


ევროპა ლიგის თასს. მას არ გააჩნია სახელურები და 15 კილოგრამს იწონის. ის ყველაზე მძიმე თასია ევროპული კლუბური ფეხბურთის ჯილდოებს შორის. ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბისათვის განკუთვნილი იქნება 40 მედალი. გამარჯვებული ასევე მიიღებს 8.5 მილიონ ევროსა და 2019/20 ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირდაპირ საგზურს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ, არსენალი მაინც გადის ხო ჩემპიონთა ლიგაზე? თუ მოიგებს ისედაც, და თუ ჩელსი მოიგებს, მაშინ პრემიერლიგის მე-5 გუნდად ან ევროპა-ლიგის ფინალისად გავა ხო?
ქუთაისელი
17:00 28-05-2019
0

სიახლეები პოპულარული