სევილიაში 150 ათასი გერმანელი და შოტლანდიელი გულშემატკივარი ჩავიდა და მატჩის დაწყებამდე მაგრადაც იჩხუბეს. "აინტრახტის" ფანებმა სტადიონზე უეფას ბანერები ჩამოგლიჯეს და მაისურებით ტრიბუნებზე წარწერა გამოსახეს: "F**k UEFA". მოედანზე კი უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. პირველ ტაიმში ფრანკფურტელები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.
შესვენების შემდეგ ისევ "აინტრახტი" უტევდა, დაწინაურება კი არიბოს გოლით გლაზგოელებმა მოახერხეს, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა და ტურნირზე პირველად გაიტანა. თუმცა მერე ბოდემ ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მეკარე ტრაპმა დამატებით დროში ორჯერ გადაარჩინა ფრანკფურტელები, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, სადაც რამზის დარტყმული მოიგერია და "აინტრახტმა" 5:4 გაიმარჯვა.
გუნდი, რომელიც ბუნდესლიგაში მე-11 ადგილზე გავიდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს (ისტორიაში პირველად) და 10 აგვისტოს უეფას სუპერთასზე "რეალსა" და "ლივერპულს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სევილია. "სანჩეს პისხუანი". 38 842 მაყურებელი
აინტრახტი - რეინჯერსი 1:1 (პენ. 5:4)
გოლები: 0:1 არიბო (57), 1:1 ბორე (69)