ევრო 2020. საკვალიფიკაციო: კოსოვო დამარცხდა და თბილისში ბელორუსი მოდის - ევროპირველობის საგზური ათმა გუნდმა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
14 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები სამ ჯგუფში გაიმართა.

A ჯგუფი
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კოსოვოს შეხვედრა იყო, რადგან ჯგუფიდან ამ გუნდის გასვლის შემთხვევაში, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე შეიცვლებოდა. თუმცა ჩეხეთმა სახლში თამაში შემოუტრიალა, 2:1 მოუგო, მეორე ადგილი გაინაღდა და ჯგუფში ჩატოვა.

მატჩი მეტად დაძაბული გამოვიდა. მასპინძლები თამაშით სჯობდნენ მეტოქეს, თუმცა სტუმრები სტანდარტულებისას ძალიან სახიფათონი იყვნენ და შესვენების შემდეგ "შეფილდ უენდსეის" 30 წლის თავდამსხმელმა ატდჰე ნუჰიუმ (სიმაღლე 197 სმ) ანგარიში გახსნა. დაწინაურებული კოსოვო ამის მერე დაცვაში ჩადგა, 2 უპასუხო
გოლი გაუშვა და დამარცხდა.

ასე და ამგვარად, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ბელორუსს უმასპინძლებს.

პლზენი. "დოოსან არენა"
ჩეხეთი - კოსოვო 2:1
გოლები: 0:1 ნუჰიუ (50), 1:1 კრალი (71), 2:1 ცელუსტკა (79)


ინგლისმა საიუბილეო, მეათასე ოფიციალურ მატჩში (პირველი შეხვედრა 1872 წლის 30 ნოემბერს გლაზგოში შოტლანდიასთან ჩაატარა) მონტენეგრო 7:0 გაანადგურა და ევროპირველობის საგზური გაინაღდა.

ჰარი კეინმა პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა, მიმდინარე ტურნირზე 11 გოლი გაიტანა და ერან ზაჰავის (ისრაელი) დაეწია.

"სამი ლომის" მცველმა ბენ ჩილუელმა პირველი ტაიმის 13 წუთში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ლონდონი. "უემბლი". 77 277 მაყურებელი
ინგლისი - მონტენეგრო 7:0
გოლები: 1:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (11), 2:0 კეინი (18), 3:0 კეინი (24), 4:0 რეშფორდი (30), 5:0 კეინი (37), 6:0 სოფრანაცი (66, საკ. კარში), 7:0 აბრაჰამი (84)


B ჯგუფი
პორტუგალიამ საკუთარ მოედანზე ლიეტუვა 6:0 დაამარცხა და 14 ქულით მეორე ადგილზეა.

რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა (ეს მისი 55-ე ჰეთ-თრიქია - 9 ნაკრებში). მან ლიეტუვას კარიერაში 7 გოლი გაუტანა. კრიშტიანოს უფრო მეტი გოლი არც ერთი ნაკრებისთვის არ გაუტანია. ამას გარდა, ნაკრებში 98 გოლი გაიტანა და ირანელი ალი დაეის რეკორდამდე 11 გოლი აკლია.

ალგარვე. "ესტადიო დო ალგარვე"
პორტუგალია - ლიეტუვა 6:0
გოლები: 1:0 რონალდო (7, პენ), 2:0 რონალდო (22), 3:0 პიცი (52), 4:0 პასიენსია (56), 5:0 ბერნარდო სილვა (63), 6:0 რონალდო (65)


სერბეთმა სახლში ლუქსემბურგს 3:2 სძლია, მესამე პოზიცია უკავია და პორტუგალიას 1 ქულით ჩამორჩება.

ბელგრადი. "რაიკო მიტიჩი"
სერბეთი - ლუქსემბურგი 3:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (11), 2:0 მიტროვიჩი (43), 2:1 როდრიგესი (54), 3:1 რადონჩიჩი (70), 3:2 ტურპელი (75)

H ჯგუფი
საფრანგეთმა და თურქეთმა შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ევროპირველობის საგზურები მოიპოვეს.

პარიზი. "სტად დე ფრანსი"
საფრანგეთი - მოლდოვა 2:1
გოლები: 0:1 რატა (9), 1:1 ვარანი (35), 2:1 ჟირუ (79, პენ)


ელბასანი. "ელბასან არენა"
ალბანეთი - ანდორა 2:2
გოლები: 1:0 ბალაი (6), 1:1 მარტინესი (18), 1:2 მარტინესი (48), 2:2 მინაი (55)

სტამბული. "ტელეკომი"
თურქეთი - ისლანდია 0:0

ევროპირველობის საგზური ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა, თურქეთმა, ინგლისმა და ჩეხეთმა მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ წინადადებაში რაღაც ვერაა:

ჰარი კეინმა პირველივე ტაიმში ჰეთ-ტრიკი შეასრულა, მიმდინარე ტურნირზე 11 გოლი გაიტანა და ერან ზაჰავის (ისრაელი) დაეწია. ამდენივე გოლი ინგლისელი ჰარი კეინის ანგარიშზეა.
ზვიადი
09:26 15-11-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული