პრემიერლიგა. XXV ტური: "მანჩესტერ სიტი" "მანჩესტერს" 15 ქულით გაექცა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 25-ე ტურში "ევერტონმა" სახლში 2:1 დაამარცხა "ლესტერი". დუბლი "არსენალისგან" 22.4 მილიონ ევროდ შეძენილმა ტეო უოლკოტმა მიითვალა. მოკლედ, ლივერპულურმა გუნდმა ექვსმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ როგორც იქნა გაიმარჯვა და გაახარა მენეჯერი სემ ელერდაისი, რომლისთვისაც მწვრთნელის რანგში ეს მეათასე შეხვედრა იყო. დიდმა სემმა აქო და ადიდა უოლკოტი - ეს მართლაც კარგი შენაძენია, ძალიან გაგვაძლიერაო.

რაც შეხება "მელიებს", ერთადერთი საპასუხო გოლი პენალტით ჯეიმი ვარდიმ გაიტანა, ხოლო რიად მარეზი შემადგენლობაში საერთოდ არ ყოფილა. როგორც იუწყებიან, ის გაბრაზებულია იმის გამო, რომ "მანჩესტერ სიტის" არ მიყიდეს.

"ჩელსი" მოულოდნელად განადგურდა "სტემფორდ ბრიჯზე" "ბორნმუთთან" 0:3, "ლივერპული" დაეწია და უკეთესი ბურთების შეფარდებით გაასწრო კიდეც.

ჩემპიონთა ლიგის ზონას სათოფეზე მიუახლოვდა "ტოტენჰემი". "დეზებმა" საკუთარ მოედანზე უკვე მე-11 წამზე გაუტანეს გოლი (კრისტიან ერიკსენმა) "მანჩესტერს" (ასეთი ადრეული გოლი მანიუს პრემიერლიგაზე არასოდეს არ გაუშვია), მერე ფილ ჯონსის ავტოგოლით ანგარიში 2:0 გახდა და თამაშიც მორჩა, რადგან დღევანდელი "იუნაიტედი" ის გუნდი არაა, გასვლაზე "ტოტენჰემს" 0:2-დან თამაში რომ შემოუტრიალოს.

"მანჩესტერმა" ჩემპიონატზე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ნახევარმცველი მარუან ფელაინიც გაურკვეველი ვადით გამოაკლდა, რომელიც შეცვლაზე შესვლიდან 7 წუთში გახდა შესაცვლელი.

აღსანიშნავია, რომ მატჩს 81 978 მაყურებელი დაესწრო, რაც ინგლისის პირველობის რეკორდია.

"მანჩესტერმა" კი "ეტიჰადზე" 3:0 მოუგო "ვესტ ბრომვიჩს", უახლოესი მდევარი "მანჩესტერი" 15 ქულით ჩამოიტოვა და ფაქტიურად ოქროს მედლები გაინაღდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული