პრემიერლიგა. V ტური: მარტო შედეგი არა, ხარისხიც... [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსი" და "ლივერპული" - ის ორი გუნდია, მიმდინარე პრემიერლიგაში ჯერ ქულაც რომ არ დაუკარგავს.

განსაკუთრებული მნიშვნელობის თამაში მოიგეს "წითლებმა", რადგან "ტოტენჰემს" უმაღლეს მიზნებზე უჭირავს თვალი და პოტენციალიც საკმაოდ დიდი აქვს. მარტო საბოლოო შედეგით არა, თამაშის ხარისხითაც გამოჩნდა, რომ იურგენ კლოპის სამწყსო უფრო სოლიდურია და მზად არის, "მანჩესტერ სიტის" ტიტულისთვის ედავოს...

5-დან 5 მოგება - "ლივერპულის" საუკეთესო სტარტია 1990 წლის შემდეგ. კლოპი ძალიან გახარებული იყო:

"როცა დღევანდელ "ტოტენჰემს" სტუმრად უგებ, ეს ყველა შემთხვევაში ძალიან მაგარი შედეგია. ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი
თანამედროვე ფეხბურთში, შენ კი ჩამოდიხარ აქ სანაკრებო პაუზის შემდეგ და ასეთ თამაშს აჩვენებ... აღფრთოვანებული ვარ ჩემი ბიჭებით", - ამბობს კლოპი.

მაურისიო პოჩეტინო კი იხტიბარს არ იტეხდა: "სულაც არ ვარ გაბრაზებული და არც იმედგაცრუებული, რადგან ძალიან ძლიერ გუნდთან დავმარცხდით. გოლები კონკრეტული შეცდომების ბრალია, მაგრამ სიმშვიდეს არ ვკარგავ. გაიხსენეთ - როცა "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედი" დავამარცხეთ, მაშინ ვთქვი, რომ ჩვენი თამაშის ხარისხი გაუმჯობესებას ითხოვდა. დღესაც ამ აზრზე ვარ, რადგან ასეთი თამაშით ყოველთვის ვერ მოიგებ".


"ადრე ვფიქრობდი, რომ ედენ აზარი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ევროპაში. ახლა ვფიქრობ, რომ ის, ალბათ, სულაც პირველია ევროპაში", - ასეთი შეფასება მისცა მაურიციო სარიმ "ჩელსის" ლიდერს, ვინც "კარდიფთან" მატჩის შემოტრიალებაში ლომის წილი დაიდო.

სარიმ ზოგადად თამაშზეც ილაპარაკა: "ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების გამო. შესანიშნავად გავისარჯეთ შეტევაში, მაგრამ ასეთივე არ იყო ჩვენი მოქმედება უკანა ხაზში. ვფიქრობ, დღესდღეობით "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ არიან. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონისთვის შევძლებთ მათ დონეზე ასვლას".


"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ არასოდეს დაეჭვებულა ლეროი სანეს შესაძლებლობებში. 22 წლის გარემარბი ამ სეზონში პირველად გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში და ეს ამბავი გოლით აღნიშნა, როცა თამაშის დაწყებიდან სულ რაღაც წუთი და 36 წამი იყო გასული. სხვათა შორის, სანემ პრემიერლიგის ბოლო 16 საშინაო მატჩში "მანჩესტერ სიტის" 18 გოლში (6 გაიტანა, 12 გაატანინა) მიიღო მონაწილეობა.


სტარტზე განცდილ ზედიზედ 2 მარცხს "არსენალმა" მიჯრით 3 მოგება მიაყოლა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უნაი ემერიმ საქმეს საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. საინტერესოა, რომ ამ სეზონში "არსენალის" 10-ვე გოლი ათმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, თუმცა 1988/89 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ "მეთოფეებმა" 5 სასტარტო შეხვედრაში ერთხელაც ვერ შეინახეს კარი "მშრალად".


"მანჩესტერ იუნაიტედმა" სენსაციურ "უოტფორდს" პირველი მარცხი აგემა, თავად კი ზედიზედ მეორე საგარეო მატჩი მოიგო, ოღონდ არ დაგვავიწყდეს ბოლო წუთი, როცა დავიდ დე ხეამ სასწაული თავური აუღო კრისტიან კაბასელეს. ეს რომ არა, ჟოზე მოურინიოს ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან გაუფრინდებოდა.


ფაქტები
  • ჟორჟინიო ვეინალდუმმა ("ლივერპული") პრემიერლიგაში მე-19 გოლი გაიტანა, მაგრამ პირველი - სტუმრად.
  • იურგენ კლოპის მწვრთნელობის პერიოდში რობერტო ფირმინომ "ლივერპულის" 61 შედეგიან (38 გოლი/23 პასი) შეტევაში მიიღო მონაწილეობა. ეს 16-ით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მაჩვენებელი.
  • "ჩელსიმ" მეოთხედ შეძლო სტარტზე ზედიზედ 5 მატჩის მოგება.
  • პრემიერლიგაში დებიუტის (2012 წლის აგვისტო) შემდეგ ედენ აზარმა "ჩელსის" 115 გოლში (74/41) მიიღო მონაწილეობა, რაც ნებისმიერი სხვა ნახევარმცველის შედეგზე მეტია.
  • 2017 წლის იანვრის შემდეგ ოლივიე ჟირუმ პირველად შეძლო ერთ მატჩში ორი საგოლე პასის გაკეთება.
  • "მანჩესტერ სიტი" ბოლო 34 საშინაო შეხვედრაში არ დამარცხებულა პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდებთან. ბოლოს ეს 2007 წელს, "რედინგთან" მატჩში (0:2) მოხდა.
  • "ნიუკასლს" ასეთი ცუდი სტარტი 1999 წლის შემდეგ არ ჰქონია.
  • 2017 წლის მაისის შემდეგ "არსენალმა" პირველად შეძლო ზედიზედ 2 საგარეო მატჩის მოგება.
  • მესუთ იოზილმა "არსენალის" მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა.
  • ჟოზე მოურინიომ, როგორც მწვრთნელმა, "უოტფორდის" წინააღმდეგ ჩატარებული 7 მატჩიდან 6 მოიგო (1 მარცხი), აქედან ბოლო 4 - ზედიზედ.
  • ტექნიკური შედეგები იხილეთ მე-6 გვერდზე

პრემიერლიგა. V ტური
ტოტენჰემი-ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 ვეინალდუმი (39), 0:2 ფირმინო (54), 1:2 ლამელა (90+3)
ტოტენჰემი (4-1-2-1-2): ვორმი - ტრიპიეირ, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დემბელე (60. ლამელა) - დაიერი (83. ვანიამა), უინქსი (74. სონი) - ერიქსენი - ლუკას მოურა, კეინი.
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი (90. მატიპი), გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - მილნერი, ვეინალდუმი, კეიტა (83. სტარიჯი) - სალაჰი, მანე, ფირმინო (74. ჰენდერსონი).

ბორნმუთი-ლესტერი 4:2
გოლები: 1:0 ფრეიზერი (19), 2:0 ფრეიზერი (27), 3:0 ჯ. კინგი (41-პენ), 4:0 სმიტი (81), 4:1 მედისონი (88-პენ), 4:2 ოლბრაიტონი (89)
გაძევება: მორგანი (69. ლესტერი)

ჩელსი-კარდიფი 4:1
გოლები: 0:1 ბამბა (16), 1:1 აზარი (37), 2:1 აზარი (44), 3:1 აზარი (80-პენ), 4:1 ვილიანი (83)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (50. ბარკლი) - პედრო (68. ვილიანი), აზარი (84. ძაპაკოსტა), ჟირუ.

ჰადერსფილდი-კრ. პალასი 0:1
გოლი: 0:1 ზაჰა (38)

მანჩესტერ სიტი-ფულჰემი 3:0
გოლები: 1:0 სანე (2), 2:0 დავიდ სილვა (21), 3:0 სტერლინგი (47)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი (67. გიუნდოგანი) - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სტერლინგი (74. მაჰრეზი), სანე, აგუერო (54. გაბრიელ ჟეზუში).

ნიუკასლი-არსენალი 1:2
გოლები: 0:1 ჯაკა (49), 0:2 იოზილი (58), 1:2 კლარკი (90+1)

უოტფორდი-მანჩესტერ იუნ 1:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (35), 0:2 სმოლინგი (38), 1:2 ე. გრეი (65)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია (90+3. ბაილი), სმოლინგი, ლინდელიოფი, იანგი - პოგბა, ფელაინი, მატიჩი - ლინგარდი (71. მარსიალი), ალექსის სანჩესი (84. მაკტომინი), ლუკაკუ.
გაძევება: მატიჩი (90+4. მანჩესტერი)

ვულვზი-ბარნლი 1:0
გოლი: 1:0 ხიმენესი (61)

ევერტონი-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 0:1 იარმოლენკო (11), 0:2 იარმოლენკო (31), 1:2 სიგურდსონი (45+2), 1:3 არნაუტოვიჩი (61)

ორშაბათი, 17 სექტემბერი
საუთჰემპტონი-ბრაიტონი 23:00

ბომბარდირები: 5 - ედენ აზარი (ჩელსი); 4 - სადიო მანე (ლივერპული), ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ).

მომდევნო ტური
22 სექტემბერი: ფულჰემი-უოტფორდი, ბარნლი-ბორნმუთი, კარდიფი-მანჩესტერ სიტი, კრ. პალასი-ნიუკასლი, ლესტერი-ჰადერსფილდი, ლივერპული-საუთჰემპტონი, მანჩესტერ იუნაიტედი-ვულვზი, ბრაიტონი-ტოტენჰემი
23 სექტემბერი: ვესტ ჰემი-ჩელსი, არსენალი-ევერტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული