პრემიერლიგა. VI ტურის წინ: ვინ დარჩება უდანაკარგოდ?

AutoSharing Option
ამ დროისთვის პრემიერლიგაში ორი უდანაკარგო გუნდია - "ლივერპული" და "ჩელსი". ჩვენც მათი ამბებით დავიწყოთ. მერსისაიდელები "საუთჰემპტონს" უმასპინძლებენ, რომელიც ბოლო დროს, პრაქტიკულად, თავიანთ ფარმკლუბად აქციეს.

რა თქმა უნდა, იურგენ კლოპის გუნდი ფავორიტია, მით უმეტეს, იმ ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ, რომელიც გუნდმა "პარი სენ ჟერმენთან" შეხვედრაში მოიპოვა. მასპინძელთა შორის, წესით, ძირითადში დაბრუნდება რობერტო ფირმინო, ვისაც უკვე მოუშუშდა "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ნატკენი თვალი და მეტიც - გამარჯვების გოლიც გაიტანა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში.

ლონდონურ დერბიში "ჩელსი" ფავორიტის სტატუსით ეწვევა "ვესტ ჰემს". მაურიციო სარის გაწვრთნილი გუნდი
სეზონის დაწყების შემდეგ ქვას ქვაზე არ ტოვებს მოწინააღმდეგეებისგან. "ვესტ ჰემი" კი მხოლოდ ბოლო ტურში მოფერიანდა "ევერტონთან" საგარეო გამარჯვების (3:1) შემდეგ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან გულშემატკივრები ფეხბურთელებს უბრალოდ არ მისცემენ მოწყენის საშუალებას. "ჩელსი" კი სერიოზულად აპირებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ სარის ეს უფრო რეალურად მომდევნო სეზონში მიაჩნია.

ფილ ჯოუნსი, ნემანია მატიჩი (დისკვალიფიკაცია), მარკოს როხო და ანტონიო ვალენსია - ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტედს" დააკლდებიან "ვულვზთან" შეხვედრაში, ჟოზე მოურინიო კი "მგლების" პორტუგალიურ დიასპორას დაუპირისპირდება. "იუნაიტედი" თითქოს ფორმაში შედის, მისი მეტოქე კი, რომელიც პრემიერლიგაში ამ სეზონიდან დაბრუნდა, ყოჩაღად გამოიყურება - ჯერ მხოლოდ ერთხელ დამარცხდა...

ჩემპიონთა ლიგაში ყველასთვის მოულოდნელად "ლიონთან" დამარცხებული "მანჩესტერ სიტი" ხასიათის გამოკეთებას "კარდიფის" სტუმრად ძლევით ეცდება. "ქალაქელებს" ისევ ვერ დაეხმარება დაშავებული კევინ დე ბრუინი.

ფაქტები
  • "ფულჰემისა" და "უოტფორდის" ბოლო სამ მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "ბარნლისა" და "ბორნმუთის" უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.
  • "მანჩესტერ სიტი" სულ სამჯერ ეთამაშა "კარდიფს" და 2 მატჩი მოუგო.
  • "კრისტალ პალასისა" და "ნიუკასლის" ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "ლივერპულმა" ბოლო ორი თამაში მოუგო "საუთჰემპტონს".
  • "იუნაიტედმა" უკანასკნელ ორ შეხვედრაში დაჯაბნა "ვულვზი".
  • "ბრაიტონისა" და "ტოტენჰემის" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "ვესტ ჰემისა" და "ჩელსის" ბოლო ორ მატჩში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "არსენალი" უკანასკნელ სამ შეხვედრაში "ევერტონზე" ძლიერი აღმოჩნდა.

პრემიერლიგა. VI ტური
შაბათი, 22 სექტემბერი
ფულჰემი-უოტფორდი 15:30
ბარნლი-ბორნმუთი 18:00
კარდიფი-მანჩესტერ სიტი 18:00
კრ. პალასი-ნიუკასლი 18:00
ლესტერი-ჰადერსფილდი 18:00
ლივერპული-საუთჰემპტონი 18:00
მანჩესტერ იუნ-ვულვზი 18:00
ბრაიტონი-ტოტენჰემი 20:30

კვირა, 23 სექტემბერი
ვესტ ჰემი-ჩელსი 16:30
არსენალი-ევერტონი 19:00

ბომბარდირები: 5 - ედენ აზარი (ჩელსი); 4 - სადიო მანე (ლივერპული), ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), გლენ მარეი (ბრაიტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული