პრემიერლიგა. VI ტური: დიდი რეჟისორი, ცუდი მსახიობები... [VIDEO]

AutoSharing Option
შაბათის პრემიერლიგა საინტერესო და გოლუხვი გამოვიდა. მას მერე, რაც "ჩელსიმ" ქულები დაკარგა ლონდონურ დერბიში, "ლივერპული" ერთადერთი უდანაკარგოა მიმდინარე პრემიერლიგაში...

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა "ტოტენჰემმა", ხოლო "იუნაიტედი" კრიტიკის ახალ ქარიშხალს ელოდება "ვულვზთან" შინ დაკარგული ქულების გამო...

"მანჩესტერ სიტი" კი, ჩემპიონთა ლიგაში "ლიონთან" ფრიად მოულოდნელი საშინაო მარცხის შემდეგ, უელსში ჩავიდა და ჯავრი "კარდიფზე" იყარა - 5:0.

ანგარიში გახსნა სერხიო აგუერომ, ვინც თამაშის წინ "სიტისთან" ახალი 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ჯამაგირად კვირაში 220 ათასი ფუნტიც დაირტყა. ეს კი, ალბათ, იმის მომასწავებელია, რომ
"კუნმა" კარიერა სწორედ "სიტიში" დაასრულოს (იმ დროისთვის 33 წლის იქნება). ბარემ აქვე დავძინოთ, რომ ჩვენ ახლა "ქალაქელთა" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირზე (204 გოლი) ვლაპარაკობთ და ნურც იმას გამოვრიცხავთ, აგუერომ რამე თანამდებობაც მიიღოს "მანჩესტერ სიტის" იერარქიაში...

ერთიც ვთქვათ და გვეყოფა პეპ გვარდიოლას გუნდზე - "ლესტერიდან" მოსულმა რიად მაჰრეზმა "სიტის" მაისურით პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა...


თუ მანჩესტერის ერთი ნაწილი ხარობს, მეორე ისევ იმედგაცრუებულია - "იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში ვერ მოუგო "ვულვზს". ისე, მოგებას ვინ ჩივის, ბოლო წუთზე დავიდ დე ხეამ იყოჩაღა, თორემ პრემიერლიგაში დაბრუნებული "მგლები" სულაც 3 ქულას წაიღებდნენ. საინტერესო კია - "ვულვზმა" მეორე მანჩესტერულ გრანდსაც დააკარგვინა ქულები.

"იუნაიტედის" უნიათო გარჯა მაინცდამაინც სერ ალექს ფერგიუსონის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას დაემთხვა. მაისში გადატანილი ინსულტის შემდეგ ის შაბათს პირველად გამოჩნდა მშობლიურ არენაზე და ლოჟაში კუთვნილი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, "ოცნებების თეატრი" დიდ "რეჟისორს" ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებიც არ დაიშურა... ეგ იყო, იმ დღეს მსახიობებმა ვერ ითამაშეს ისე, როგორც სერ ალექსს მოეწონებოდა...

"სტუმრები უფრო აგრესიულები და მოტივირებულები იყვნენ. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია. მათ დაიმსახურეს ეს ქულა, ჩვენ კი დავიმსახურეთ ის სასჯელი, რაც მივიღეთ. პირველი ტაიმი ისე ცუდად დავიწყეთ, გაგვიმართლა, ანგარიში ჩვენ რომ გავხსენით", - თქვა ჟოზე მოურინიომ.


მისგან განსხვავებით, კმაყოფილების საბაბი აქვს მაურისიო პოჩეტინოს, რომლის გუნდმა ზედიზედ 3 მარცხის (ჩემპიონთა ლიგაში "ინტერთან" წაგებაც მივიღოთ სათვალავში) შემდეგ გაიმარჯვა. სწორედ ეს მოგება გვჭირდებოდა საიმისოდ, რომ სწორ გზაზე დავბრუნდეთო, - თქვა "ტოტენჰემის" არგენტინელმა თავკაცმა და ვნახოთ, არის თუ არა ეს "ის" გზა...


გზა და გეზი "ლივერპულს" რომ აქვს, ისეთი უნდა - იურგენ კლოპის ბიჭებმა მიმდინარე პრემიერლიგის პირველი 6 თამაში მოიგეს. ჯერ კიდევ წინა ტურში ვთქვით, რომ ეს არის "წითლების" საუკეთესო სტარტი 1990/91 წლების სეზონის შემდეგ.

ახლა კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა - კლოპმა საუთჰემპტონელ კოლეგა მარკ ჰიუზს 5 უშუალო დაპირისპირებიდან ხუთივე მოუგო. ბურთების სხვაობაც შთამბეჭდავია - 16:3. მსგავსი შედეგი გერმანელს პრემიერლიგის არცერთ სხვა ვიზავისთან არ აქვს.


კვირას "არსენალმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო სტარტზე განცდილი ორი წაგების შემდეგ და ლიდერებს მიუახლოვდა. როგორც ჩანს, უნაი ემერი ალაგებს სიტუაციას "მეთოფეებში", თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი მეორე გოლის ეპიზოდში აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო...


ფაქტები
  • "ბარნლიმ" 4 გოლი გაუტანა "ბორნმუთს", რაც იმაზე მეტია, პრემიერლიგის წინა 8 მატჩში რომ შეაგდო.
  • მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელია, "ქალაქალებმა" 10-ჯერ მოახერხეს ერთ მატჩში 5 და მეტი გოლის გატანა, რაც 4-ჯერ მეტია ნებისმიერი სხვა გუნდის მაჩვენებელზე.
  • 1994 წლის შემდეგ "კარდიფმა" პირველად წააგო საწინაო მატჩი 5 ბურთის სხვაობით.
  • "ლესტერმა" "ჰადერსფილდს" ბოლო 8 საშინაო დაპირისპირებიდან ყველა მოუგო. ეს არის "მელიების" უგრძესი წარმატებული სერია ცალკე აღებული ერთი გუნდის წინააღმდეგ.
  • ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდებთან 7 საშინაო მატჩში 6 ქულა დაკარგა, იმაზე მეტი, ვიდრე წინა 10 სეზონის განმავლობაში ერთად (5).
  • "მანჩესტერ იუნაიტედთან" საგარეო ფრით "ვულვზმა" დაასრულა "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ 8 მარცხისგან შემდგარი სერია, რომელიც სათავეს 1980 წლის ნოემბერში იღებს.
  • პრემიერლიგის ბოლო 48 მატჩში "ჩელსიმ" მეორე 0:0 ითამაშა.

პრემიერლიგა. VI ტური
ფულჰემი-უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 ე. გრეი (2), 1:1 მიტროვიჩი (78)

ბარნლი-ბორნმუთი 4:0
გოლები: 1:0 ვიდრა (39), 2:0 ლენონი (41), 3:0 ბარნსი (83), 4:0 ბარნსი (88)

კარდიფი-მანჩესტერ სიტი 0:5
გოლები: 0:1 აგუერო (32), 0:2 ბერნარდო სილვა (35), 0:3 გიუნდოგანი (44), 0:4 მაჰრეზი (67), 0:5 მაჰრეზი (89)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო (74. სტოუნზი), გიუნდოგანი (69. ფოდენი) - სტერლინგი, სანე, აგუერო (61. მაჰრეზი).

ლესტერი-ჰადერსფილდი 3:1
გოლები: 0:1 იორგენსენი (5), 1:1 იჰეანაჩო (19), 2:1 მედისონი (66), 3:1 ვარდი (75)

ლივერპული-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 ჰუდტი (10-საკ. კარში), 2:0 მატიპი (21), 3:0 სალაჰი (45+3)
ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი (55. გომესი), რობერტსონი - ვეინალდუმი (70. კეიტა), ჰენდერსონი - სალაჰი, შაჩირი (46. მილნერი), მანე - ფირმინო.

მანჩესტერ იუნ-ვულვზი 1:1
გოლები: 1:0 ფრედი (18), 1:1 მოუტინიო (53)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - პოგბა, ფელაინი, ფრედი (63. მარსიალი) - ლინგარდი (75. ანდრეას პერეირა), ალექსის სანჩესი (63. მატა), ლუკაკუ.

ბრაიტონი-ტოტენჰემი 1:2
გოლები: 0:1 კეინი (42-პენ), 0:2 ლამელა (77), 1:2 ნოკერტი (90+3)
ტოტენჰემი (4-2-3-1): გასანიგა - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, დემბელე - ლუკას მოურა (78. ლუკას მოურა), ერიქსენი, სონი (68. ლამელა) - კეინი.

ვესტ ჰემი-ჩელსი 0:0
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი (69. კაჰილი), დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (79. ბარკლი) - ვილიანი, აზარი, ჟირუ (65. მორატა).

არსენალი-ევერტონი 2:0
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (56), 2:0 ობამეიანგი (59)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, პაპასტატოპულოსი (39. ჰოლდინგი), მონრეალი - ტორეირა, ჯაკა - იოზილი, რემზი (80. უელბეკი), ობამეიანგი (69. ივობი) - ლაკაზეტი.

კრ. პალასი-ნიუკასლი 0:0

ბომბარდირები: 5 - ედენ აზარი (ჩელსი), ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი); 4 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), გლენ მარეი (ბრაიტონი).

მომდენო ტური
29 სექტემბერი: ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი-უოტფორდი, ევერტონი-ფულჰემი, ჰადერსფილდი-ტოტენჰემი, მანჩესტერ სიტი-ბრაიტონი, ნიუკასლი-ლესტერი, ვულვზი-საუთჰემპტონი, ჩელსი-ლივერპული
30 სექტემბერი: კარდიფი-ბარნლი
1 ოქტომბერი: ბორნმუთი-კრ. პალასი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული