მაურისიო სარის "ჩელსიში" რთული პირველი სეზონი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელები ევროპა ლიგის ნახევარფინალში ფრანკფურტის "აინტრახტს" ხვდებიან და პრემიერლიგაში მეოთხე პოზიციას იკავებენ, წელი მაინც წარუმატებელია.
სარი, ჟოზე მოურინიოს და ანტონიო კონტეს მსგავსად, უკმაყოფილო დარჩა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით და ბევრ მოთამაშესთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. 60 წლის სპეციალისტი, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულს იტალიაში დაბრუნდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ინგლისში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩეს.
ასე რომ, "ჩელსის" გამოსავლის პოვნა სჭირდება და ეს გამოსავალი შესაძლოა, ფრენკ ლამპარდი იყოს.
40 წლის ვეტერანმა
ფეხბურთელმა "დერბი" ჩემპიონშიფის პლეი-ოფში გაიყვანა და პირველივე სეზონში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მიუხედავად ამისა, უცნობია, რამდენად შეძლებს იმავეს გამეორებას "სტემფორდ ბრიჯზე".
სარის შემცვლელებად "უოტფორდის" დამრიგებელი ხავი გრასია და "ვულვერჰემპტონის" მწვრთნელი ნუნუ ესპირიტო სანტოც შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა "ჩელსის" რეპუტაციამ, რომ თითქოს ის მწვრთნელების სასაფლაოა, შესაძლოა, მათ ამ პოსტზე უარი ათქმევინოს.
ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ FIFA-მ "არისტოკრატებს" ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მოთამაშეების დარეგისტრირება აუკრძალა, მიზეზი კი 18 წლამდე ფეხბურთელთა გაფორმების რეგულაციების დარღვევაა.
თუ ეს აკრძალვა შენარჩუნდა და "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, ნამდვილი კოშმარი დაიწყება. ახალი მწვრთნელი იძულებული იქნება, ახალი გუნდის შენება სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობის გარეშე დაიწყოს, თან დაკარგოს ისეთი მოთამაშე, როგორიც, მაგალითად, ედენ აზარია.
ESPN-ის ინფორმაციით, ფრენკ ლამპარდი იმ შემთხვევაშიც კი არ შეშინდება, თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება. ინგლისელმა ლონდონურ კლუბში გატარებული 13 წლის განმავლობაში ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო და კლუბს შესანიშნავად იცნობს.
"ჩელსის" ახალგაზრდულმა გუნდმა FA თასის ბოლო 7 ტურნირიდან 6 მოიგო. მიუხედავად ამისა, აკადემიიდან ძირითად გუნდში ფეხბურთელები თითქმის არ წინაურდებიან. გარდა ამისა, "არისტოკრატებს" 42 ფეხბურთელი იჯარის წესით ჰყავთ გაშვებული, მათ შორის, მეისონ მაუნთი, რომელიც ლამპარდის გაწვრთნილ "დერბიში" თამაშობს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რის ჯეიმსი "უიგანშია" განათხოვრებული. ფრენკის აზრით, პრემიერლიგაში თამაში მასაც შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელს "დერბიში" კარგი სეზონი აქვს, მათი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. კლუბი იბრძვის. მისი მეტოქეები "მიდლსბრო" და "ბრისტოლ სიტი" არიან, დარჩენილ მატჩებში მარცხის შემთხვევაში კი, შესაძლოა, ლამპარდის კლუბმა საპლეიოფო ექვსეული დატოვოს.
კლუბმა საკუთარი არენა 80 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გაყიდა. მიმდინარე სეზონში მოთამაშეთა ხელფასები გაზრდილია და თუ "დერბიმ" პრემიერლიგაში გადასვლა ვერ მოახერხა, ზარალს მიიღებენ.
და რაც ყველაზე მთავარია, თუ "დერბი" ჩემპიონშიფში დარჩა, ისინი ლამპარდს ვეღარ შეინარჩუნებენ.
ESPN-ის ცნობით, ფრენკ ლამპარდის ანაზღაურება მილიონ ფუნტს აღემატება, რაც ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში განსაკუთრებით მაღალი რიცხვია. როგორც მინიმუმ, პრემიერლიგის ორ მწვრთნელს აქვს ნაკლები ხელფასი.
თუ "დერბი" ჩემპიონშიფში დარჩება, ხელმძღვანელობას ხარჯების შემცირება მოუწევს, რათა ლამპარდს ხელფასი მოუმატოს, ეს კი ინგლისელის საქმეს გაზრდის.
იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსიში" ფრენკ ლამპარდის დანიშვნა რეალური გახდა, ეს ორივე კლუბისთვის კარგი გამოსავალი იქნება. მას დიდი ცოდნა და ავტორიტეტი აქვს, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" სიტუაცია დაალაგოს.