ფეხბურთი დეგრადირებულ-სეკვესტრირებული დაგვიბრუნდება? - გერმანიის შემდეგ წესების ცვლილებას ინგლისშიც აპირებენ

AutoSharing Option
კორონავირუსი ყველაფერზე და მათ შორის, ფეხბურთზეც დიდ გავლენას მოახდენს და შესაძლოა, ისეთი ვეღარ ვიხილოთ, როგორიც ეპიდემიამდე იყო. ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

გადაწყდა, რომ ბუნდესლიგა 15 მაისს განახლდება, რა თქმა უნდა, მაყურებლების გარეშე და არაა გამორიცხული, ეგზოტიკური სიახლეებით: ფეხბურთელები და მსაჯები მოედანზე სპეციალური დამცავი ნიღბებით გავლენ; დროდადრო მატჩი შეწყდება, რათა ნიღბები გამოიცვალონ; ხელის ჩამორთმევა, გოლის აღნიშვნა და ლაპარაკი აიკრძალება. ეს ყველაფერი ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია.

8 ივნისს სეზონის განახლებას ბრიტანეთშიც აპირებენ და ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PFA) ხელმძღვანელმა გორდონ ტეილორმა ბრძანა,
რომ სათამაშო დროის შემცირების ვარიანტს განიხილავენ.

"არ ვიცით, რა იქნება მომავალში, მაგრამ ვიცით, როგორ იდეებს წამოვაყენებთ: ცვლილებების გაზრდას, 45-წუთიანი ტაიმების დამოკლებას და ნეიტრალურ მოედნებს. იდეალური იქნებოდა შეჯიბრებების მთლიანობის შენარჩუნება, შეხვედრების შინ და გასვლაზე ჩატარება, შემადგენლობების არსებული სახით შენარჩუნება. ბევრი აზრი გამოითქმება, თუმცა მთავარია, სეზონი დავასრულოთ და ეს უსაფრთხოდ გავაკეთოთ", - განუცხადა ტეილორმა BBC Sport-ს.

"ტელეგრაფის" ცნობით, პრემიერლიგის წარმომადგენლები სათამაშო დროის შემცირებას არც განიხილავენ, 5 ცვლილების განხორციელების შესაძლებლობას კი შეისწავლიან.

მოკლედ, ჯერ ეს ყველაფერი განსახილველია. ერთი რამ კი ცხადია: ფეხბურთი, როგორც სპორტის უპირველესი სახეობა, კონსერვატიული თამაშია, რევოლუციური ცვლილებები მთელ ხიბლს დაუკარგავს და თქვენ წარმოიდგინეთ, რას დაემსგავსება, სულაც სოციალური დისტანციის დაცვა რომ მოითხოვონ. დიახ, დიახ, ისეთ იდეებს სთავაზობენ გუნდებს, რომ არც ეს გახლავთ გამორიცხული...

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული