1970 წელს ინგლისში მოულოდნელი რამ მოხდა - ერთმა წაგებამ მთავრობის შეცვლაც გამოიწვია [VIDEO]

AutoSharing Option
Netflix-ის სერიალ "გვირგვინში" ნაჩვენებია ედვარდ ჰითი. 1970 წელს სწორედ მან შეცვალა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჰაროლდ უილსონი, თუმცა სერიის ავტორებმა არ გახსნეს სიუჟეტი ბოლომდე და არ ჩათვალეს საჭიროდ ეჩვენებინათ, თუ რამ გამოიწვია ხელისუფლების ცვლილება.

აღსანიშნავია, რომ 1970 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო თასზე წააგო. უკმაყოფილო ბრიტანელები კი ყველაფერში გუნდის მთავარ მწვრთნელს, მეკარესა და "ლეიბორისტებს" ადანაშაულებდნენ.

1966 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრები და მისი გულშემატკივრები დიდი გამარჯვებების მოლოდინში იყვნენ. საშინაო კედლებში მუნდიალის მოგების შემდეგ ბრიტანელი ფანატები თვლიდნენ, რომ
მათი ნაკრები არავისზე ნაკლები არ იყო. ეიფორიის დონე დაუნინგ სთრითზეც ასწიეს.

1964 წელს საპარლამენტო არჩევნები "ლეიბორისტულმა პარტიამ" (ინგლისის ორი დიდი პარტიიდან ერთ-ერთი, რომელიც უფრო მემარცხენე პოლიტიკას უჭერდა მხარს, ემხრობოდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევასა და სოციალური დახმარებების ფართო პაკეტს) მოიგო და დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჰაროლდ უილსონი გახდა.

Sportall.Ge

1966 წლის გამარჯვების შემდეგ უილსონმა საჯაროდ განაცხადა: "სანამ მთავრობაში "ლეიბორისტები" არიან, ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატს ყოველთვის მოიგებს". ეს სიტყვები კი 4 წლის შემდეგ მტკივნეულად დაუბრუნდა.

უილსონი იმდენად დარწმუნებული იყო ინგლისის წარმატებაში, რომ 1970 წელს არჩევნები 18 ივნისს დანიშნეს - მსოფლიო თასის გახურების პერიოდში... პრემიერ-მინისტრმა ჩათვალა, რომ ეს კარგი იდეა იყო, რადგან პატრიოტული გრძნობებით გამსჭვალული წარმატების მოლოდინი ელექტორატს არსებული ხელისუფლების მხარდაჭერისკენ უბიძგებდა.

ჰაროლდს ამგვარად ფიქრის საფუძველი ჰქონდა: მუნდიალი მექსიკაში იმართებოდა, იქ კი ინგლისის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრა. როგორც 1966 წელს, ახლაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ალფ რამსი იყო. კართან გორდონ ბენქსი იდგა, დაცვაში ბობი მური ყველაფერს წმენდდა, თავდასხმაში კი ყველას ჯეფ ჰერსთის იმედი ჰქონდა.

ახალი გამარჯვებისთვის ცოცხალი მუხტი ახალ სიმღერას უნდა მიეცა. თუ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ლეგენდარული სიმღერა "Football coming home" დაწერეს, 4 წლის შემდეგ BBC-ზე ჯგუფ Golden Earring-ის "Back Home" ისმოდა. საბოლოოდ კი, მოწოდებას "სახლში დაბრუნება" გუნდმა შესაბამისად უპასუხა, სწრაფად გამოვარდა ტურნირიდან და სწრაფადვე დაბრუნდა სახლში.


უკვე ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებს პრობლემები შეექმნა. ბრიტანელებმა ჯგუფის მოგება ვერ მოახერხეს. მათთან ერთად საკმაოდ ძლიერი გუნდები თამაშობდნენ: ბრაზილია, ჩეხოსლოვაკია და რუმინეთი. ბრაზილიასთან წაგება აკლიმატიზაციასა და სტადიონის სპეციფიკურ ადგილმდებარეობას მიაკუთვნეს (შეხვედრა გვადალახარაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე გაიმართა). ამ წარუმატებლობამ ინგლისელებს გული ვერ გაუტეხა, რადგან შეჯიბრების ფორმატი ფინალში რევანშის აღების შანსს ტოვებდა.

ჯგუფში მეორე ადგილმა ინგლისის ეროვნული გუნდი არა პერუზე, არამედ დასავლეთ გერმანიაზე გაიყვანა. გფრ-ის გუნდი 1966 წელს მუნდიალის ფინალში გავიდა და უემბლიზე გამართული მატჩი მხოლოდ დამატებით დროში დათმო. ინგლისელებს არ სურდათ დაჯერება, რომ გერმანელების შემადგენლობა საკმაოდ გაძლიერდა: ფრანც ბეკენბაუერისა და უვე ზეელერის გარდა, ნაკრებში გერდ მიულერი და ბერტი ფოგსტი თამაშობდნენ.

Sportall.Ge

1/4-ფინალში ინგლისელები 68-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ. რამსი თავდაჯერებულობამ დაღუპა: ჩათვალა, რომ საქმე მოთავებული იყო და მოედანზე რეზერვისტები შემოიყვანა, იტალიელებთან თამაშზე დაიწყო ფიქრი... მთავარმა მწვრთნელმა ვერ გაითვალისწინა, რომ ბენქსის ტრავმის გამო კარში გამოუცდელი პიტერ ბონეტი იდგა. "ჩელსის" მეკარემ იმ საღამოს კარიერის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა: ჯერ იყო და, ბეკენბაუერის საჯარიმო დარტყმას გააყოლა თვალი, შემდეგ კი დაუდევრად გამოვიდა კარიდან და ზეელერს უმარტივესი გოლის გატანის საშუალება მისცა.

Sportall.Ge

დამატებით დროში ინგლისელთა მეკარემ საოცრებების კეთება განაგრძო და 108-ე წუთზე მესამე გოლიც გაუშვა. მარჯვენა ფლანგიდან გრაბოვსკიმ შორეულ ძელთან ჩააწოდა, იქიდან ბურთი მიულერს დაუგდეს, ფორვარდმაც უპრობლემოდ შეაგდო ბურთი ინგლისელთა კარში. ბონეტიმ კი, კარის ხაზზე წინ და უკან სირბილის გარდა, ვერაფერი შეძლო. 3:2 - გერმანია ინგლისელებს ამარცხებს და მედლებისკენ მიმავალ გზას აგრძელებს.


როგორც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებს, ისე "ლეიბორისტებსაც" სჯეროდათ, რომ ბოლო მომენტამდე ყველაფერს აკონტროლებდნენ. პარტიის პოლიტიკა არც ისე წარმატებული გამოდგა. ევროპის ეკონომიკურ კავშირში მათი გაწევრიანება შარლ დე გოლმა დაბლოკა. მიუხედავად ამისა, გამოკითხვების თანახმად, არჩევნების წინ კონკურენტებს 8%-ით უსწრებდნენ.

უკვე მატჩიდან მეორე დღეს "ლეიბორისტების" წარმომადგენელი როი ჯენქინსი იძულებული იყო, ამომრჩეველთან შეხვედრაზე არა პარტიის პოლიტიკურ პროგრამაზე, არამედ ნაკრების წაგებაზე ესაუბრა. ბირმინგემის ფაბრიკაში იმიგრაციის პრობლემასა და შრომის პირობების განხილვის ნაცვლად იმას ეკითხებოდნენ, ვინ უფრო დამნაშავე იყო დამარცხებაში - რამსი თუ ბონეტი.

20 წლის შემდეგ სპორტის მინისტრმა დენის ჰაუელმა მემუარებში დაწერა: "მას შემდეგ, რაც ბონეტიმ მესამე შეცდომა დაუშვა, ჩვენი პარტიისთვის საქმე უკან და უკან წავიდა."

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ედვარდ ჰითს გამარჯვების ილუზიები არც კი გააჩნდა.

Sportall.Ge

ნაკრების წაგებიდან 4 დღის შემდეგ "ლეიბორისტებმა" არჩევნებში 9%-ით წააგეს. "კონსერვატიული პარტიის" ლიდერ ედვარდ ჰითს ფეხბურთის შესახებ ხმამაღალი განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა ხელისუფლებაში დიდი ხნით მაინც ვერ დარჩა. 3 წლის შემდეგ ჰითი ისევ ჰაროლდ უილსონმა ჩაანაცვლა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
შეგძლებიათ საინტერესო სტატიების წერა თუ თარგმნა :)
ინოკენტი
16 დეკემბერი 2020 16:58
0
3-2 ზე, თურმე რა 100%-იანი პენალი არ დაუდვია მსაჯს გერმანელების კარში! იძახე ბეკენბაუერიო, და ისე მოცელა, რომ არგენტინელი მსაჯის იმედით. მართალია ჯერ ფოლკლენდის ომი არ ყოფილა, მაგრამ არგენტინა ინგლისს შორის უკვე იყო უდიდესი შუღლი. და არც დადო ნაღდი პენალტი!
alexandre
16 დეკემბერი 2020 14:47
0
ე ბიჯო, თანამედროვე ტექნოლოგიებით ვერ დაუდგენიათ ბოლომდე, იყო ის გოლი თუ არა და რაღა ტოფიკა ბახრამოვს გადაეკიდეთ :) ბოლო გოლიც სადაო იყო და ტოფიკამ ჩაუთვალა?
:)
16 დეკემბერი 2020 05:24
2
მაგათ რაც მოიგეს ისიც არ ეკუთვნოდათ. იაპონია-კორეაზე ნაკლებად სამარცხვინო არ იყო 1966-ის ჩემპიონატი.
შეტევა
15 დეკემბერი 2020 19:06
0
არ მითხა ვუყურებდი და მახსოვს ყველა თამაშიო
Gia
16 დეკემბერი 2020 12:30
0
ჰო ისე 2002 წელს კორეაში ესპანეთს რა უქნეს, როგორ უნამუსოდ დაჩაგრა მსაჯმა. ძალით გაათრიეს კორეა ნახევარფინალში.
გენა
16 დეკემბერი 2020 10:39
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული