"ნაპოლის", რომელმაც წინა ტურში პირველი ქულები დაკარგა (0:0 "ინტერთან" საშინაო მატჩში), საბრძოლო შემადგენლობა ეყოლება "ჯენოასთან" გასვლით მატჩში, ისევე, როგორც "რომას", რომელიც ვალდებულია, "კროტონე" "ოლიმპიკოდან" უქულოდ გაუშვას.
ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ლაციო" იოლ თამაშს არ უნდა ელოდოს ბოლონიაში, მით უმეტეს, საკადრო დანაკლისის ფონზე - რომაელებს ტრავმების გამო არ ეყოლებათ დუშან ბასტა, ფელიპე ანდერსონი, ჯორდან ლუკაკუ, ფედერიკო მარკეტი და უოლასი.
"იუვენტუსს" დისკვალიფიცირებული ჰყავს "უდინეზესთან" მატჩში (6:2) გაძევებული ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, ხოლო მცველ ბენედიკტ ჰიოვედესს ტრავმა აწუხებს.
კრიზისში მყოფ "მილანს" ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის (დისკვალიფიკაცია) გარეშე მოუწევს ფონს გასვლა "კიევოსთან", რომელიც ბოლო 6 მატჩში არ დამარცხებულა და განსაკუთრებით სახიფათოა საკუთარ კედლებში.
"ტორინოს" ძალიან დააკლდება ტრავმირებული ფორვარდი ანდრეა ბელოტი "ფიორენტინასთან" საგარეო დაპირისპირებაში.
"ინტერმა" შინ "სამპდორიას" მოუგო და სატურნირო ცხრილში დროებით, მაგრამ პირველია.
ფაქტები
- 2017 წლის დასაწყისიდან "ატალანტამ" 16 საშინაო მატჩი გამართა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (10 მოგება, 5 ფრე).
- * * "რომას" ბოლო 7 საშინაო მატჩიდან 6-ში მინიმუმ 3-3 გოლი გაჰქონდა, უკანასკნელი 35 საშინაო თამაშიდან კი 34-ში გაიტანა თითო გოლი მაინც.
- "ბოლონია" ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
- "ლაციოს" ბოლო 9 საგარეო მატჩში გავიდა 2.5 გოლი საშუალოდ თამაშში.
- "კალიარის" ბოლო 5 მატჩში 1 ქულაც არ აუღია.
- "ბენევენტო" ერთადერთი გუნდია მიმდინარე სერია A-ში, რომელსაც ჯერ ქულაც არ მოუპოვებია.
- "მილანმა" ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 2 ქულას მოუყარა თავი, ბოლო 10 საგარეო შეხვედრიდან კი 1 მოიგო.
- "კიევომ" "მილანი" შინ ბოლოს 2005 წლის დეკემბერში დაამარცხა (2:1). იქიდან მოყოლებული, ამ გუნდებს შორის გამართული 21 მატჩიდან 18 "მილანმა" მოიგო, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
- ყველა ტურნირის ჩათვლით, 1995 წლის შემდეგ "ტორინომ" "ფიორენტინას" სტუმრად მხოლოდ ერთხელ მოუგო.
- "ნაპოლის" სერია A-ში 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია (1:2 "იუვენტუსთან").
- "ნაპოლიმ" ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 6-ში 3 და მეტი გოლი გაიტანა.
- "ნაპოლიმ" "ჯენოას" სტუმრად ბოლო 2014 წლის აგვისტოში მოუგო (2:1), "ჯენოამ" კი სერია A-ს ლიდერს შინ უკანასკნელად 2012 წლის იანვარში სძლია (3:2).
- "იუვენტუსს" არ წაუგია ზედიზედ 2 საშინაო მატჩი 2011 წლის შემდეგ.
- "სასუოლოს", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ წაუგია "უდინეზესთან" ბოლო 6 მატჩი.
ინტერი-სამპდორია 3:2
გოლები: 1:0 შკრინიარი (18), 2:0 იკარდი (32), 3:0 იკარდი (32), 3:1 კოვნაცკი (64), 3:2 კვალიარელა (85)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, ნაგატომო (84. სანტონი) - ვესინო (74. ჟოაო მარიო), გალიარდინი - კანდრევა, ბორხა ვალერო, პერიშიჩი - იკარდი (87. ედერი).
25 ოქტომბერი
ატალანტა-ვერონა 20:30
რომა-კროტონე 22:45
ბოლონია-ლაციო 22:45
კალიარი-ბენევენტო 22:45
კიევო-მილანი 22:45
ფიორენტინა-ტორინო 22:45
ჯენოა-ნაპოლი 22:45
იუვენტუსი-სპალ 22:45
სასუოლო-უდინეზე 22:45
ბომბარდირები: 13 - ჩირო იმობილე (ლაციო); 11 - მაურო იკარდი (ინტერი); 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 7 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"