სერია A. VIII ტურის წინ: შეაჩერეთ "იუვე", თორემ!..

AutoSharing Option
"უდინეზე" არასტაბილურია, მაგრამ ხანდახან გამოსდის კარგი მატჩები და ვნახოთ, შეძლებს თუ არა "იუვენტუსის" შეჩერებას.

ტურინული გრანდი შესანიშნავ ფორმაშია. სერია A-ს დაწყებიდან 7 ტური გავიდა და "ბებერი ქალბატონის" შეჩერება, ჯერჯერობით, ვერავინ მოახერხა და ეს თუ დროულად არ მოხდა, "სკუდეტოსთვის" ბრძოლა აღარ შედგება.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კრიშტიანო რონალდო დასვენებულია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე "იანგ ბოიზის" რბევაში მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღო. შესანიშნავ ფორმაში არიან სხვა ტურინელებიც - პაულო დიბალამ ჰეთ-თრიკი შეასრულა ხსენებულ "იანგ ბოიზთან" მატჩში, ხოლო მარიო მანჯუკიჩი წინა ტურში კონკურენტ
"ნაპოლისთან" დაპირისპირებისას დუბლით გამოირჩა.

ახლა სწორედ "ნაპოლიზე" უნდა ვთქვათ. კარლო ანჩელოტის გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულს" ურთულესი თამაში მოუგო, "სასუოლოს" უნდა დაუპირისპირდეს.

"მილანთან" განადგურების შემდეგ ეს გუნდი ყველანაირად ეცდება რეაბილიტაციას. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან ორივე გუნდი შეტევაზე აკეთებს აქცენტს. უპირატესობა კი, გასაგები მიზეზების გამო, "ნაპოლის" უნდა მივანიჭოთ, ოღონდ, შევთანხმდეთ, რომ ანჩელოტის ბიჭებს იოლი გასეირნება არ ექნებათ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, "სასუოლო" იოლად არაფერს თმობს.

ძალიან საინტერესო იქნება "ლაციოსა" და "ფიორენტინას" მატჩი. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და ორივეს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს იტალიური მასშტაბით. წესით, შემტევი ფეხბურთი და უშეღავათო ბრძოლა უნდა ვნახოთ.

საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა წარმატებულ სერიას "რომა"? ფაქტია, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი მშვენიერ ფორმაში შევიდა და წარმატებით თამაშობს როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ამის დასტურია ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე "პლზენის" განადგურება (5:0), ხოლო შინაურ ფრონტზე ზედიზედ 2 გამარჯვება, საერთო ანგარიშით - 7:1. ასე რომ, ბოლო სამ მატჩში "ჯალოროსიმ" 12 გოლი გაიტანა და გასაგებია, როგორი სიფრთხილე მართებს ლევან მჭედლიძის "ემპოლის".

"მილანი" სოლიდური ფავორიტია "კიევოსთან" შეხვედრაში. ბოლო დროს ეს სულ ასე ხდება და ვეჭვობთ, ამჯერად სხვანაირად განვითარდეს მოვლენები. მით უმეტეს, "სასუოლოსთან" საგარეო გამარჯვება (4:1) ჯენარო გატუზოს ბიჭებს თავდაჯერებას შემატებდა.

"ინტერს" რთული მატჩი ექნება სტუმრად სპალ-თან, მაგრამ თუ მილანელთა კლასს გავითვალისწინებთ, ფავორიტები სწორედ ისინი არიან და 3 ქულაც მათვე უნდა დარჩეთ.

ფაქტები
  • "ტორინომ" ბოლო ორ შეხვედრაში აჯობა "ფროზინონეს".
  • "კალიარისა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "რომამ" ზედიზედ მოიგო 3 მატჩი.
  • "იუვენტუსმა" მიმდინარე სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა და შვიდივე მოიგო, რაც 1930/31 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა.
  • "ჯენოამ" უკანასკნელი 2 მატჩი მოუგო "პარმას".
  • "მილანი" ბოლო 4 შეხვედრაში აღმოჩნდა "კიევოზე" ძლიერი.
  • "სამპდორიამ" ბოლო 2 მატჩში შეძლო "ატალანტას" დამარცხება.
  • "ლაციომ" უკანასკნელ 2 შეხვედრაში უქულოდ დატოვა "ფიორენტინა".
  • "ნაპოლისა" და "სასუოლოს" შორის ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

სერია A. VIII ტური
პარასკევი, 5 ოქტომბერი
ტორინო-ფროზინონე 3:2
გოლები: 1:0 ტომას რინკონ ი (20), 2:0 დანიელე ბასელი (46), 2:1 ედუარდო გოლდანიგა (58), 2:2 კამილო ჩიანო (64), 3:2 ალეხანდრო ბერენგური (71)

შაბათი, 6 ოქტომბერი
კალიარი-ბოლონია 17:00
უდინეზე-იუვენტუსი 20:00
ემპოლი-რომა 22:30

კვირა, 7 ოქტომბერი
ჯენოა-პარმა 14:30
მილანი-კიევო 17:00
ატალანტა-სამპდორია 17:00
ლაციო-ფიორენტინა 17:00
ნაპოლი-სასუოლო 20:00
სპალ-ინტერი 22:30

ბომბარდირები: 8 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 5 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), ლორენსო ინსინიე (ნაპოლი); 4 - როდრიგო დე პაული (უდინეზე), მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი არაობიექტური ჟურნალისტები გყავთ , გეტყობათ ინტერი თვალში აე მოგდით რადგან ყოველთვის ერთი წინადადებით შემოიფარგლებით ხოლმე როცა საქმე ინტერს ეხება
ირაკლი
06 ოქტომბერი 2018 14:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული