სერია A. XVI ტური: კრიშტიანოს პირველი და "იუვეს" მე-5000 [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიური უქმეების მთავარი დაპირისპირება - ტურინული დერბი "იუვენტუსმა" მოიგო.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თანაქალაქელ "ტორინოს" მინიმალური ანგარიშით მოუგო. 16 ტურის შემდეგ "ბებერი ქალბატონის" აქტივში 15 გამარჯვებაა და ეს გახლავთ სერია A-ს ისტორიაში საუკეთესო სტარტი მას შემდეგ, რაც იტალიის პირველობა არსებობს. სხვათა შორის, წინა სამი საუკეთესო სტარტის ავტორიც "იუვენტუსია". ტოპ 5-ის მასშტაბით კი, "იუვემ" გაიმეორა "მანჩესტერ სიტისა" (2017/18) და "ბარსელონას" (2012/13) მიღწევები.

"იუვემ" ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც მისგან ელოდნენ. გოლამდე, რომელიც თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 11-მეტრიანიდან კრიშტიანო რონალდომ შეაგდო, ტურინელებს
მხოლოდ ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ და ისიც - იმავე რონალდოს.

"ტორინოს" ნაადრევად დაუშავდა გამოცდილი მეკარე სალვატორე სირიგუ. მის ნაცვლად მინდორზე გამოუცდელი ურუგვაელი კიპერი სალვადორ იკასო შევიდა. გოლის მომენტში ექსიუვენტინო სიმონე ძაძამ უხერხულად დაუბრუნა ბურთი მეკარეს. იკასოს მარიო მანჯუკიჩმა დაასწრო და... თერთმეტმეტრიანი.

უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი რონალდომ მშვიდად და ზუსტად შეასრულა. ეს გოლი ტურინის "იუვენტუსისათვის" მე-5000 აღმოჩნდა იტალიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში. დავწეროთ ისიც, რომ პორტუგალიელმა პირველი გოლი შეაგდო ტურინულ დერბიში.
გოლის შემდეგ რონალდომ იკასოს დასცინა. არადა, მეკარეს ძალიან ცოტა დააკლდა პენალტის მოგერიებამდე - შესწვდა ბურთს, მაგრამ... რონალდოს ეს ჟესტი საყოველთაო განხილვის საგნად იქცა. რა თქმა უნდა, დიდებულ ფეხბურთელს ასეთი გამოხდომები ნამდვილად არ ამშვენებს და არც ეკადრება.

"ძალიან რთული თამაში იყო. ჩვენ ბოლომდე შევძელით კონცენტრაციის შენარჩუნება და ამან ბევრი გადაწყვიტა", - თქვა ნამატჩევს ალეგრიმ.


"ინტერმა" ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ ნაწილობრივ მოახერხა გულშემატკივრების თვალში რეაბილიტირება.

"ნერაძურიმ" კი ინერვიულა, მაგრამ მაინც დაამარცხა "უდინეზე". ერთადერთი გოლი მოჰყვა მაურო იკარდის მიერ ზუსტად შესრულებულ პენალტს (აქაც პენალტი!). არგენტინელმა ვარსკვლავმა ის ანტონინ პანენკას სტილში შეასრულა...


ურთულესი შეხვედრა მოიგო "ნაპოლიმ" სტუმრად "კალიარისთან". კარლო ანჩელოტიმ გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა და ამან "ნაპოლის" საქმე გაურთულა. "კალიარიმაც" კარგად ითამაშა და რამდენიმე მომენტი შექმნა.

ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როცა თამაშის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა. არკადიუშ მილიკმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და "ნაპოლის" 3 ქულა მოუტანა. ამ მოგებით კარლიტოს გუნდმა მეორე ადგილი შეინარჩუნა.


ჩეზარე პრანდელის "ჯენოამ" მაგრად იომა რომში. ორჯერ იგებდა, მესამედაც დაწინაურდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა... საბოლოოდ, კლასმა მაინც თავისი გაიტანა და "ჯალოროსიმ" 3:2 მოიგო. შეიძლება ითქვას, ეუსებიო დი ფრანჩესკო მოხსნას გადაურჩა. ისე კი ამბობენ - კლუბის ხელმძღვანელობას ათვალწუნებული ჰყავს მწვრთნელი და ერთი ფეხის დაცდენა უნდა, რომ გაათავისუფლონო...

სერია A. XVI ტური
ინტერი-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 იკარდი (76-პენ)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ჟოაო მარიო, ბროზოვიჩი, ბორხა ვალერო (55. მარტინესი) - პოლიტანო (84. ნაინგოლანი), კეიტა (70. პერიშიჩი), იკარდი.

ტორინო-იუვენტუსი 1:0
გოლი: 0:1 რონალდო (70-პენ)
იუვენტუსი (4-3-3): პერინი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, რონალდო, მანჯუკიჩი.

ფიორენტინა-ემპოლი 3:1
გოლები: 0:1 კრუნიჩი (24), 1:1 მირალასი (40), 2:1 სიმეონე (59), 3:1 დაბო (78)

ფროზინონე-სასუოლო 0:2
გოლები: 0:1 არიაუდო (44-საკ. კარში), 0:2 ბერარდი (58)

სამპდორია-პარმა 2:0
გოლები: 1:0 კარპარი (66), 2:0 კვალიარელა (69)

კალიარი-ნაპოლი 0:1
გოლი: 0:1 მილიკი (90+1)
ნაპოლი (4-2-3-1): ოსპინა - მალკუიტი (80. კალიეხონი), მაქსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი - ალანი, დიავარა (62. მერტენსი) - უნასი (71. ინსინიე), რუისი, ზელინსკი - მილიკი.

რომა-ჯენოა 3:2
გოლები: 0:1 პიატეკი (17), 1:1 ფასიო (31), 1:2 ჰილემარკი (33), 2:2 კლუივერტი (45), 3:2 კრისტანტე (59)
რომა (3-4-3): ოლსენი - ფასიო, მანოლასი, ჟეზუში - ფლორენცი, კრისტანტე, ნზონზი, კოლაროვი - იუნდერი (76. სანტონი), კლუივერტი (80. შიკი), ძანიოლო.

სპალ-კიევო 0:0

ორშაბათი, 17 დეკემბერი
ატალანტა-ლაციო 23:30

სამშაბათი, 18 დეკემბერი
ბოლონია-მილანი 23:30

ბომბარდირები: 12 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 11 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო); 9 - მაურო იკარდი (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 8 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი); 7 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი), მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური
22 დეკემბერი: ლაციო-კალიარი, მილანი-ფიორენტინა, ემპოლი-სამპდორია, ჯენოა-ატალანტა, ნაპოლი-სპალ, სასუოლო-ტორინო, უდინეზე-ფროზინონე, კიევო-ინტერი, პარმა-ბოლონია, იუვენტუსი-რომა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული