29 დეკემბერს, სერია A-ს მე-19 ტურში "იუვენტუსმა" საკუთარ მოედანზე "სამპდორია" 2:1 დაამარცხა.
დუბლი რონალდომ შეასრულა, რომელიც 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. მან წელს 49 გოლი გაიტანა. ცნობისათვის, კრიშტიანოს 2010 წლის შემდეგ ერთ კალენდარულ წელში 50 გოლზე ნაკლები არ ჰქონდა გატანილი.
35 წლის ფაბიო კვალიარელამ ზედიზედ მეცხრე მატჩში გაიტანა გოლი, რაც იტალიის პირველობაზე უკანასკნელად 2005 წელს მოხდა. მაშინ თავი ბიანკონერის ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ 92-ე წუთზე გენუელთა ნახევარმცველმა რიკარდო საპონარამ გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა პაოლო ვალერიმ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა, რადგან ჩათვალა, რომ ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
არბიტრმა "ბებერი ქალბატონის" კარში თერთმეტმეტრიანი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დანიშნა - მან დაასკვნა, რომ ჩანმა საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა.
მატჩისწინა მოთელვაზე ტრავმა მიიღო ტურინელთა მეკარემ ვოიცეხ შესნიმ და ის მატია პერინმა შეცვალა.
"სამპდორიას" პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ შეხვედრის წინ თქვა, რომ თუ მოიგებდნენ, თავის გრძელ თმას გაიკრიჭავდა. მოკლედ, გაკრეჭვას გადარჩა, თუმცა ამის საშიშროება არც ემუქრებოდა.
"იუვემ" 53 ქულა დააგროვა (ეს პირველი წრის მიხედვით იტალიის ჩემპიონატის რეკორდია) და მეორე ადგილზე მყოფ "ნაპოლის", რომელიც დღეს "ბოლონიას" უმასპინძლებს, 12 ქულით უსწრებს.
ტურინი. "ალიანს სტადიუმი".
იუვენტუსი - სამპდორია 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (2), 1:1 კვალიარელა (33, პენ), 2:1 რონალდო (65, პენ)