მაურო კამორანეზი - იტალიური ფეხბურთის დავიწყებული ტიტანის ულმობელი ბედი

AutoSharing Option
  • სამშობლოში - არაღიარებული, იტალიაში - განაწყენებული

მაურო კამორანეზი საფეხბურთო სამყაროსთვის გამოცანად რჩება. მან დაიმსახურა, რომ ყველას ახსოვდეს. მას მართლაც აქვს ბევრი რამ დასაკვეხნი თავისი მდიდარი კარიერის მანძილზე. მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი ქება მიღებული არაა, ხოლო იმ დროის იტალიელ გმირებად სულ სხვები შერაცხეს.

მაუროს რომ ინგლისის პრემიერლიგაში ეთამაშა, მასზე სიმღერებს შეთხზავდნენ და იმღერებდნენ. ის იყო შრომისმოყვარე, ერთგული, აგრესიული, ძლიერი, მიზანმიმართული, ოსტატური, უანგარო, გამბედავი და უამრავი სხვა თვისება-უნარით დაჯილდოებული ადამიანი. მოკლედ, საკულტო ფიგურას წარმოადგენდა, მაგრამ რაღაც მიზეზებით მაურო შეუმჩნეველი დარჩა თავის
თანამედროვეთა ჩრდილში.

მაურო კამორანეზი 1976 წელს არგენტინის ქალაქ ტანდილეში, ბუენოს აირესის პროვინციაში დაიბადა. იგი ყველაზე ნათელ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთელი გახდებოდა და მსოფლიო ჩემპიონატში იტალიის ნაკრების ფორმას ჩაიცვამდა.

მაუროს პაპის პაპა, სახელად ლუიჯი, იტალიელი იყო, რომელიც არგენტინაში ემიგრანტად 1873 წელს ჩავიდა. სანამ მომავალი "ტანდილეს ჯადოქარი" იზრდებოდა, იგი ადგილობრივ "რივერ პლეიტს" გულშემატკივრობდა, მაგრამ პირველი ნაბიჯები პროფესიული საფეხბურთო კარიერისაკენ მეორე დივიზიონში მოთამაშე "ალდოსივში" გადადგა.

უკვე იმ ხანებში პატარა მაუროს ცხოვრება ისე აეწყო, რომ ადგილობრივი ფეხბურთის ცნობილი ფიგურები მას ვერ ამჩნევდნენ. კამორანეზი ვერ შენიშნეს ვერც არგენტინელი გრანდების სკაუტებმა და ვერც ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებმა. 19 წლის რომ გახდა, მექსიკის "სანტოს ლაგუნადან" მიიღო შეთავაზება, სადაც მან სასარგებლო და იმავდროულად, რთული ერთი წელი გაატარა. განსაკუთრებულად თავი არ გამოუჩენია - იშვითად თუ ენდობოდნენ.

მექსიკაში კარიერის გაკეთება რომ ვერ გამოუვიდა, არგენტინელმა "გუდა-ნაბადი" შეკრა და მონტევიდეოში (ურუგვაი) ჩავიდა, თუმცა იქაც მორიგი იმედგაცრუება ელოდა: "მოტევიდეო უონდერერსში" ძირითადად სულ სათადარიგოთა სკამს ცვეთდა, მხოლოდ ექვსი მატჩი ითამაშა. სასოწარკვეთილი მაურო 1997-98 წლების სეზონისათვის სამშობლოში დაბრუნდა.

"ბანფილდი" სწორედ მაშინ გამოვარდა უმაღლესი ლიგიდან და ახალწვეულებს თამაშის გამო მაინცდამაინც არ საყვედურობდნენ. Primera B Nacional-ში (მეორე დივიზიონის ჩემპიონატი) თამაშისას მაურო კამორანზმა, როგორც იქნა, ყურადღება მიიპყრო: იგი სტაბილურად აწვდიდა ბურთს ალეხანდრო გლარიოს, რომელიც, მაუროს წყალობით, დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თვითონ მაურომ თავის აქტივში 13 გოლი ჩაიწერა, რის შედეგადაც "ბანფილდი" "მეტროპოლიტანის ზონის" ყველაზე მაღალ ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში გამარჯვება "ბელგრანოს" დაუთმო.

მაუროს იმედი გაუჩნდა, რომ უკვე "უჩინარ" ფეხბურთელად აღარ დარჩებოდა და "დიდ ფეხბურთში" გზას გაიკვალავდა, მაგრამ... ყველა დუმდა. მაურომ მზერა ისევ მექსიკას მიაპყრო და ბედი "კრუს ასულში" სცადა, რომელმაც მექსიკის ჩემპიონობა ის-ის იყო აღნიშნა.

ამჯერად ლეგიონერს მხარი დაუჭირეს და მან ორი სეზონი შედეგიანად ჩაატარა, საუკეთესოდ ითამაშა ხუან ფრანცისკო პალენსიასთან, თუმცა სპორტული ჯილდო მაინც "ხელიდან გაუსხლტა" - ჩემპიონი "პაჩუკა" გახდა. მექსიკელებმა კარგად დაიმახსოვრეს თავიანთი ახალი კუმირის სახელი, მაგრამ დანარჩენი მსოფლიოსათვის მაურო კამორანეზი ისევ უცნობი რჩებოდა.

იგი არც ქვეყნის ნაკრებში არ მიუწვევიათ, ახალგაზრდულშიც კი... დრო გადიოდა და ნახევარმცველი 23 წლის გახდა. ამასობაში "კრუს ასულიც", როგორც იტყვიან ხოლმე, ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა, თუმცა თვითონ მაურო კარგად და სტაბილურად თამაშობდა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელზე ძალიან იმოქმედა ქვეყნის თასზე ბრძოლაში დამარცხებამ.

მაშინ, როცა არგენტინა ტანდილელ სპორტსმენს აიგნორებდა, იგი ევროპაში როგორღაც შეამჩნიეს. 2000 წლის ზაფხულში იტალიის "ვერონამ" მექსიკელებს საკმაო რაოდენობით ფული შესთავაზა თავის ვარსკვლავთან დასამშვიდობებლად...

"ვერონაში" გადასვლა მაურო კამორანეზს სტაგნაციიდან გამოსვლაში დაეხმარა. მან იქ აჩვენა ყველაფერი, რაც კი შეეძლო. მაუროსთან ერთად გუნდში გამოდიოდნენ ისეთი ტალანტის მქონენი, როგორებიც იყვნენ ალბერტო ჯილარდინო, ადლიან მუტუ და ემილიანო ბონაცოლი. მაგრამ ზოგადად შემადგენლობა ჯერ კიდევ "ნედლი" იყო, რის გამოც "ვერონა" არსებობისთვის ბრძოლას ძლივძლივობით აგრძელებდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ კამორანეზი განწირული იყო, ერთი ნაბიჯი წინ გადაედგა, მეორე - გვერდით, მესამე კი - უკან. მასთან ერთად კლუბიც ჯახირობდა და როგორც იქნა, ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა და თავიც გადაირჩინა.

მოკლედ, ახალ ქვეყანაში მაუროს დებიუტი მეტ-ნაკლებად გამოუვიდა. ამასთან, არავისთვის არ იყო საიდუმლო, რომ არგენტინელის მცდელობის გარეშე "ვერონა" ვერ გადარჩებოდა: მაურომ გოლები გაიტანა "ვიჩენცის", "ბარის", "ლაციოსა" და "რომას" კარში. სამწუხაროდ, მომდევნო წარმატებამ კლუბს გვერდი აუარა: გუნდი სერია B-ში "ფსკერზე დაწვა".

მაგრამ მაურო კამორანეზი არ ისვენებდა: თანაკლუბელების ფიასკოს მიუხედავად, ტანდილელის რეპუტაცია იზრდებოდა. მას განსაკუთრებით დაეხმარა ფრე "იუვენტუსთან", რის შედეგადაც იგი შენიშნეს და... ტურინში მაუროს საბედიწერო გადასვლაც მოხდა. ამ დროს კი არგენტინაში, როცა ეს ამბავი გაიგეს, სახტად დარჩნენ: ჩვენთან რომ თამაშობდა, რატომ გამოგვეპარა მხედველობიდან ეს ბიჭიო...

რა თქმა უნდა, ცხოვრება მაუროს პრობლემებს არ აკლებდა, მაგრამ სადებიუტო სეზონი "იუვენტუსში" თითქმის იდეალურად წარიმართა. კლუბმა "სკუდეტო" (ჩემპიონობა) შედარებით იოლად მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად "იუვენტუსმა" მიყარ-მოყარა "ბარსელონა" და რეალი" და როცა სანუკვარ მიზანს მიუახლოვდა, მას "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე უკვე "მილანი" ელოდა.

ეს იყო იტალიური ფეხბურთის პიკი. ფინალურ მატჩში მაურო კამორანეზი შესვენებაზე ანტონიო კონტემ შეცვალა. შესაძლოა, ეს შეცდომა იყო - იმ ჭადრაკული დაპირისპირების მქონე თამაშში მაუროს აგრესია შესაფერისი იქნებოდა... ასე იყო თუ ისე, ყველაფერი პენალტებითა და მილანელთა ტრიუმფით დასრულდა.

ფინალამდე სამი თვით ადრე მაუროს ახალი შანსი გაუჩნდა, მთელი თავისი შესაძლებლობები ეჩვენებინა: იმ დროს, როცა მას არგენტინა "ვერ ამჩნევდა", მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი ყველაფერს ხედავდა, რომელმაც ტანდილელ ფეხბურთელს იტალიის ნაკრებში თამაში შესთავაზა.

მაურომ ორმაგი მოქალაქეობა მიიღო, 2003 წლის თებერვალში "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში ამხანაგური მატჩი ითამაშა პორტუგალიის ნაკრებთან. ამ მომენტისათვის არგენტინელებს გონება გაუნათდათ, მაგრამ განაწყენებულმა მაურომ მშობლიურ ქვეყანას დაგვიანებულ მიწვევაზე უარი განუცხადა.

სამშობლოსაგან განსხვავებით, იტალია და ჯოვანი ტრაპატონი მაუროს ენდობოდნენ. თავის მხრივ, იგი ცდილობდა მწვრთნელისთვის ესიამოვნებინა და მადლობა გადაეხადა. მაუროს ამის შესაძლებლობა ევრო 2004-ზე მიეცა, რომელშიც მისი ყოფილი ვერონელი პარტნიორი მასიმო ოდოც მონაწილეობდა.

დანიასთან პირველ მატჩში იტალიელებმა მხოლოდ ფრე ითამაშეს. მომდევნო მატჩში შვედეთთან მაურო, როგორც კი მინდორზე გავიდა, ანგარიში 1:0-დან 1:1-ად გადაიქცა. იმედი რჩებოდა, იტალია ბულგარეთს მოუგებდა, დანია და შვედეთი კი ფრედ ითამაშებდნენ და იქნებ იტალიას იღბალი მოსვლოდა, მაგრამ სასწაული არ მოხდა: მაუროს დებიუტი ფიასკოთი დასრულდა.

ამასობაში ჯოვანი ტრაპატონი მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ შეცვალა, რომელიც მაუროს მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიით არ იყო განწყობილი, თუმცა არგენტინელმა მაინც შეძლო, იტალია სხვა თანაგუნდელებთან ერთად წარედგინა გერმანიაში, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

Sportall.Ge

"იუვენტუსში" თამაშის მეორე სეზონი სასიამოვნო არ აღმოჩნდა: სერიაში A-ში "მილანი" დომინირებდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი უფრო ძლიერი "დეპორტივო" აღმოჩნდა.

"იუვენტუსიდან" წავიდა მწვრთნელი მარჩელო ლიპი, მის ნაცვლად კი გუნდში მივიდა ფაბიო კაპელო, "მილანის" 1970-იანი წლების მოთამაშე, თუმცა იგი უცხო აღმოჩნდა: "იუვენტუსის" თაყვანისმცემლები მილანელს ვერ ურიგდებოდნენ. მაგრამ ყველაფერი დავიწყებას მიეცა, როცა "ძველმა სენიორამ" ბრწყინვალე თამაში დაიწყო.

თავის მხრივ, მაურო კამორანეზიც საუკეთესო ფორმაში იყო. მართალია, ფაბიო კაპელოს "იუვენტუსს" მილანური არტისტიზმი აკლდა, მაგრამ გრაციის უკმარისობის კომპენსაცია მიზანმიმართული თამაშით ხდებოდა. 2005-06 წლებში ტურინელებმა სერია A-ში გაიმარჯვეს, მაურო კი ისეთ ცნობილ ფეხბურთელებთან თამაშობდა, როგორებიც იყვნენ ალესანდრო დელ-პიერო, დავიდ ტრეზეგე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პაველ ნედვედი.

მაურო კამორანეზს, როგორც იქნა, ბედმა გაუღიმა და ცხოვრებამ სიამოვნება არგუნა. იგი სწრაფად აგროვებდა სპორტულ ჯილდოებს... მაგრამ განა წუთისოფელი ვინმეს მუდამ გაახარებს?

მოწმენდილ ცაზე შავი ღრუბლები მოიგრაგნა - დაიწყო კორუფციული სკანდალი, "კალჩოპოლად" წოდებული, რომელმაც ფეხბურთის გრანდი "იოუვენტუსი" სერია B-ს უფსკრულში გადააგდო და იტალიის ორგზის ჩემპიონის ტიტული წაართვა.

ამ მიზეზით იტალიელები გერმანიაში უხასიათოდ ჩავიდნენ - ისინი თავს დამცირებულად გრძნობდნენ იმ სკანდალური მოვლენებით, რომლებიც მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.

საჭირო იყო იმის დამტკიცება, რომ "კალჩო" შემთხვევითი იყო. მაურო კამორანეზი პარტნიორების განწყობას იზიარებდა, მაგრამ მის როლს ამ საკითხში მაინცდამაინც მნიშვნელოვანს ვერ ვუწოდებთ. მოკლედ, მან აშშ-სთან თამაშში მონაწილეობა არ მიიღო, მაგრამ ჩეხეთთან ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა - "სკუადრა აძურამ" 2:0 მოიგო და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

ავსტრალიამ იტალიელები კინაღამ უკან მოიტოვა, მაგრამ დამატებით დროში ფრანჩესკო ტოტის პენალტებმა მარჩელო ლიპის გუნდი გადაარჩინა. რაც შეეხება მაურო კამორანეზს, იგი თამაშში უკრაინასთან მატჩში დაბრუნდა, რომელიც 3:0-ით დასრულდა. კარგი თამაშის გამო იგი გუნდში გერმანელებთან ნახევარფინალშიც დარჩა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ ძალებში.

ამრიგად, სხვების შეუმჩნევლად, მაურო კამორანეზმა არგენტინის დაბალი დონის საფეხბურთო ლიგიდან გზა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილემდე გაიარა. ეს იყო სერიალი - სრულიად მოულოდნელი მოვლენებით და არარეალური იმედებით, მაგრამ მან მაინც მიაღწია საწადელს.

მისი კარიერის მთავარ მატჩში დამატებითი დრო გახდა საჭირო და როგორც ყოველთვის, მაურო კამორანეზმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ზინედინ ზიდანისა და მარკო მატერაცის კონფლიქტი, მოედნიდან გაძევება და პენალტები... და მაინც, საბოლოოდ, მთელი იტალია ბედნიერების მორევში ჩაიძირა... ისევე, როგორც არგენტინის ერთი მცირე ნაწილი.

Sportall.Ge

ფეხბურთის ყველაზე სასურველი ტროფეის მიღებიდან ხუთი დღეც არ იყო გასული, რომ მაურო კამორანეზი, "იუვენტუსის" სხვა მოთამაშეებთან ერთად, იტალიის ჩემპიონობის ორი ტიტულის გარეშე დარჩა, კლუბი სერია B-ში გადაისროლეს.

"იუვენტუსი" ვარსკვლავთა მთელმა პლეადამ დატოვა, მათ შორის, ლილიან ტიურამმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჯანლუკა ძამბროტამ, პატრიკ ვიეირამ... მათ, ვინც დარჩნენ, სამუდამოდ ჩაწერეს თავიანთი სახელები ისტორიის ანალებში: ბუფონმა, დელ პიერომ, ბრინდელმა, კიელინიმ, ჯანლუკა პესოტომ, პაველ ნედვედმა, დავიდ ტრაგეზიმ და მაურო კამორანეზმა, რომლებმაც შავ-თეთრი ფორმის მიმართ ერთგულება გამოავლინეს, ტრიბუნების ღმერთები გახდნენ.

პრინციპში, ისინი საკმაოდ სწრაფად დაბრუნდნენ სხვა დაცემულ გიგანტებთან, იგივე "ნაპოლისა" და "ჯენოასთან" შედარებით. ამიტომაც, ვინც გუნდში გაჭირვების დროს დარჩა და არ წავიდა, ავტომატურად გახდნენ ქომაგებისთვის საყვარელი ფეხბურთელები. ამასთან, ცხადია, მათ თავიანთი კარიერაში მთელი წელი დაკარგეს. ნაკრებშიც საქმე ცუდად მიდიოდა: არგენტინელის პოპულარობა ახალი მწვრთნელის - რობერტო დონადონისათვის არაფერს არ ნიშნავდა... მაგრამ ევრო 2008-ის საკვალიფაკაციო მატჩებში წაგების შემდეგ რობერტო იძულებული გახდა, მაუროსკენაც გაეხედა და თავისი გადაწყვეტილება შეეცვალა.

ევრო 2008-ზე მაურო იტალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა ჰოლანდიისა და რუმინეთის წინააღმდეგ, მაგრამ, რა თქმა უნდა, წაგება და ფრე ის შედეგი არ იყო, რაც ფეხბურთის ჩემპიონ ერს მოეწონებოდა. მაურო სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა, თუმცა საფრანგეთის წინააღმდეგ მატჩში მაინც მიიღო მონაწილეობა... საბოლოოდ კი, იტალიამ ესპანეთის გამკლავება ვეღარ შეძლო.

ნელ-ნელა ნათელი ხდებოდა, რომ საუკეთესო წლები უკვე გავიდა... მაურო კამორანეზი, მრავალრიცხოვანი ტრავმების გამო, "იუვენტუსში" სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა, მაგრამ მასთან საბოლოო დამშვიდობება კლუბს მაინც არ სურდა - მარჩელო ლიპი კარგად იცნობდა მის მებრძოლ ბუნებას და განშორებას არ ჩქარობდა. 2010 წლის მსოფლიო ჩემემპიონატზე იტალიის ნაკრებში კვლავ ვხედავთ მაუროს, ისევე, როგორც სხვა "დაბერებულ" ვარსკვლავებს. იგი გუნდს კვლავ დაეხმარა და პარაგვაისთან არასასიამოვნო ფრე თავიდან ააცილა. შემდეგ მაურომ ერთი ტაიმი ითამაშა ახალ ზელანდიასთან, რომელიც 1:1 დასრულდა. სლოვაკეთთან არგენტინელს უკვე აღარ უთამაშია. დიდი დრო არ გასულა და იტალიის ნაკრები შინ ცარიელი დაბრუნდა.

2010 წლის ზაფხულში, "იუვენტუსში" მაუროს თამაშის დროც ამოიწურა. ვეტერანისადმი ინტერესს ამჟღავნებდა "ბირმინგემი", მაგრამ თვით მაურომ ბრიტანულ კლუბს გერმანული "შტუტგარტი" ამჯობინა. თუმცა გერმანიაში მისი თამაში მაინცდამაინც გამორჩეული არ იყო - მაურომ ვერ შეძლო ახალ გუნდთან ადაპტირება და არგენტინაში დაბრუნდა.

როგორც იქნა, ტანდილელ ფეხბურთელს სამშობლო ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობა მიეცა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სერია A და არ იყო "რივერ პლეიტი", მაგრამ ის მაინც თავს ბედნიერად გრძნობდა. მაურო 2011-14 წლებში თამაშობდა "ლანუსში", "რასინგ აველიანედში", შემდეგ კი ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა.

Sportall.Ge

მაურო კამორანეზის კარიერა რთული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა. თამაშის საუკეთესო წლები და ტიტულების ნაწილი, "იუვენტუსთან" დაკავშირებული სკანდალების გამო, სასამართლოებმა "წაართვეს". როცა იგი კარგ ფორმაში იყო, ხელს უწყობდა "იუვენტუსს", იტალიური ფეხბურთის ელიტაში ყოფილიყო. ტურინში ყოფნისას, რვა წლის განმავლობაში მას მხოლოდ სერია A-ს ერთი ჯილდო შერჩა, რაც სრულიად არ ასახავს მის ტალანტს. 2006 წელს მას შეეძლო იოლად ეპოვა თავისი შესაფერისი კლუბი, მაგრამ მაურო "იუვენტუსში" დარჩა, რითაც რთული გზა აირჩია. მან საკუთარი თავი გაწირა იმისთვის, რომ კლუბისთვის გრანდის სახელი დაებრუნებინა. მან ნამდვილი სპორტსმენის სასახელო ნაბიჯი გადადგა. საწყენია მხოლოდ, რომ დღეს მაურო კამორანეზი იშვიათად თუ ვინმეს ახსოვს.

ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია These Football Times-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან კარგად მახსოვს და დარწმუნებული ვარ ბევრნი ვართ ასეთები.

მაურო ხერმან კამორანეზი, იუვეს ოქროს კაცი.
ლადო თ
19:01 14-01-2019
1
rogor ara...isic maxsovs msoflios tu movigebt tmas shevikrecho da sityva egreve rom sheasrula...stadionzeve...
რობი
00:47 16-01-2019
0

სიახლეები პოპულარული