"იუვენტუსის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელი - ვინ არიან ისინი?

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ერთ-ერთი ყველაზე დიდებული კლუბია. აქ თამაშობდა არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მომავალში კარგი, დიდებული და ზოგიერთიც ლეგენდარული გახდა. დღეს წარმოგიდგენთ "ბებერი ქალბატონის" ყველა დროის 5 საუკეთესო თავდამსხმელს.

5. ალესანდრო დელ პიერო
ალესანდრო დელ პიერო - ის სახელია, რომელმაც 90-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში ფეხბურთი უამრავ მოზარდს შეაყვარა. უშეცდომო დრიბლინგმა და დარტყმის შესრულების მრავალფეროვანმა ტექნიკამ ის "იუვეს" ერთ-ერთ გამორჩეულ ბომბარდირად აქცია. დელ პიერომ "იუვენტუსში" 290 გოლი გაიტანა, თანაც, შეტევის ცენტრიდან შორს თამაშობდა.

4. რობერტო ბაჯო
დელ პიეროსგან განსხვავებით, ბაჯომ ვერ მოახერხა, "იუვენტუსის" სიმბოლო
გამხდარიყო. მან კარიერის მცირე ნაწილი გაატარა ტურინში, გაიტანა 115 გოლი და ასეთი მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირების ხუთეულშიც კი ვერ ხვდება. თუმცა ეს ფაქტი ბაჯოს დიდებულებას ხელს არ უშლის. მასზე საუბრის დროს ციფრებს მნიშვნელობა არ გააჩნია. რობერტო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დრიბლერი იყო, შეეძლო ბურთი საკუთარი ნახევრიდან მოწინააღმდეგის კარამდე დაუკარგავად მარტოს წაეღო. ჩვენს დღეებშიც კი მისი თამაშის ყურება ზოგიერთ ბავშვს ფეხბურთს აყვარებს.

3. ჯამპიერო ბონიპერტი
"იუვეს" პირველი ყველაზე დიდებული კაპიტანი. მას კლუბის საუკეთესო ბომბარდირის წოდება 40 წლის განმავლობაში ჰქონდა. ბონიპერტი იტალიის "მბრძანებელი" გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო: ძლიერი, სწრაფი, მოედნის ხედვის გამორჩეული უნარით, გოლის თანდაყოლილი ალღოთი - ის თავდამსხმელის ეტალონად ითვლებოდა. ტურინელთა შემადგენლობაში 15 წელიწადში მან 179 გოლი შეაგდო.

2. დავიდ ტრეზეგე
ფრანგი, შესაძლოა, სტილისტურად სრულიად განსხვავებული შემტევია, ვიდრე ზემოთ თქმულები. ის ძალიან ცოტას მოძრაობდა, არ ჰქონდა გამორჩეული ტექნიკა, იშვიათად ატყუებდა მცველებს, მაგრამ თუ საჭირო იყო, შეტევაში ზუსტი და მაქსიმალურად ნაკლები მოძრაობით ბურთის გადაგზავნა მოწინააღმდეგის კარში, ტრეზეგეზე უკეთესს ვერ ნახავდით. მან 10 წელიწადში 171 გოლი გაიტანა და ლეგიონერებს შორის კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

1. ომარი სივორი
თითქმის დავიწყებული თავდამსხმელი, რომელმაც "ოქროს ბურთი" 60-იანი წლების დასაწყისში მოიგო და დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის მისაბაძი მაგალითი გახდა. სივორი იყო სწრაფი და ტექნიკური ცაცია, რომელიც ყველა პრობლემას დრიბლინგის დახმარებით წყვეტდა. მას დღემდე ეკუთვნის კლუბის რამდენიმე რეკორდი. 8 წელიწადში კი 167-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

ასევე დაგაინტერესებთ