რატომ იდებს თავპატიჟს სპალეტი კონტრაქტის გაგრძელებისას - მიზეზი ორია

AutoSharing Option
გეხსომებათ უთუოდ, სეზონის დაწყების წინ წამყვანი ფეხბურთელების გასხვისების გამო, „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის გუნდის პრეზენტაციაზე ლამის ობსტრუქცია მოუწყვეს და ვინ იფიქრებდა, თუ სკუდეტოს მოიპოვებდნენ. სპალეტი, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ გმირობა ჩაიდინა, უფრო მეტს იმსახურებს და კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ კლუბის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისისგან ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვს.

„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, სპალეტის ამჟამინდელი წლიური ანაზღაურება 2.8 მილიონი ევროა, უნდა 4.5 მილიონი მიიღოს, დე ლაურენტისი კი სთავაზობს 3.5 მილიონზე დათანხმდეს და კარგ ბონუსებსაც ჰპირდება.
ამას გარდა, ლუჩანოს აღელვებს სპორტული დირექტორის
კრისტიან ჯუნტოლის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლა, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი განახორციელა. ლუჩანოს უნდა ჯუნტოლი დარჩეს და ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაში კვლავ მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

სპალეტის „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელებაზე ჯერ საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. თუმცა, ჟურნალისტები ჯანლუკა დი მარციო და ფაბრიციო რომანო ირწმუნებიან, რომ საკითხი უკვე მოგვარებულია. ერთი რამ ცხადია - ნეაპოლური გუნდის თავკაცი უკეთესი კონტრაქტის და შემადგენლობის გაძლიერების გარანტიის მიღებას ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული