ხორვატია VS ინგლისი - ისტორია ფეხბურთის სამშობლოს მხარეს

AutoSharing Option
მას მერე, რაც ბადის ამ მხარეს რუსეთის ნაკრები გათამაშებას გამოეთიშა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მასპინძელი გუნდი მართლაც არ იყო ოთხეულის ღირსი და მას მუდმივად ვერ გაუმართლებდა.

ინგლისისა და ხორვატიის დაპირისპირებების ისტორია ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენელთა მხარესაა - 1996 წლიდან დაწყებული, უხვგოლიანი ბრძოლების ისტორია ინგლისელების უპირატესობით მიმდინარეობს - მათ 7-დან 4 მოიგეს, მათ შორის, უკანასკნელი 2009 წელს, მომდევნო მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

მაშინდელმა "სამმა ლომმა" "ვატრენი" 5:1 გაანადგურა. სტივენ ჯერარდმა დუბლი შეასრულა, ისევე, როგორც ფრენკ ლამპარდმა.

ეს ორი ბრწყინვალე ნახევარმცველი აღარ თამაშობს, ხოლო
ახალმა, ნაკლებად ვარსკვლავურმა თაობამ უკვე უფრო მეტს მიაღწია. ერთი გოლიც უეინ რუნის ანგარიშზეა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკრებში (და უკვე პრემიერლიგაშიც) აღარ არის. ხორვატების ერთადერთი გოლი ედუარდოს ანგარიშზეა. ინგლისელთა შემადგენლობიდან ნაკრებში ახლა არავინაა, აი, ხორვატებს კი მაშინაც ჰყავდათ მარიო მანჯუკიჩი, ივან რაკიტიჩი და დანიელ სუბაშიჩი.

რუსეთის ნაკრებთან მატჩში, ბევრისთვის მოულოდნელად, სასტარტო შემადგენლობაში ანდრეი კრამარიჩი გამოჩნდა. მან გოლიც გაიტანა, თუმცა ინგლისთან სასტარტოში ისევ მარსელო ბროზოვიჩს უნდა ველოდოთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლეიმეიქერი ლუკა მოდრიჩი იქნება და ის წინ ითამაშებს, რაკიტიჩს კი საყრდენ ზონაში ბროზოვიჩი შეუამხანაგდება. შიმე ვრსალკოს თამაში ტრავმის გამო გამორიცხულია. მას ვედრან ჩორლუკა შეცვლის. ნიკოლა კალინიჩი რომ გუნდიდან მოკვეთილია, უკვე კარგა ხანია, ცნობილია.

კაილი უოლკერს, დელე ალისა და ეშლი იანგს მცირე ტრავმები ჰქონდათ, მაგრამ სამივე მათგანი მწყობრშია. შესაძლოა, გარეთ საუთგეიტმა ჯორდან ჰენდერსონი შეცვალოს (ან ერიკ დაიერით, ან ფაბიან დელფით), მაგრამ უფრო შემადგენლობას უცვლელს დატოვებს. ჰენდერსონს ბარძაყის ტრავმა აქვს, მაგრამ თამაში მასაც შეუძლია.

მოგეხსენებათ, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა დომაგოი ვიდას საქციელს, რომელმაც გამარჯვება უკრაინას უძღვნა (ის კიევის "დინამოში" თამაშობდა). ეს პოლიტიკურ მესიჯად ჩათვალეს, თუმცა ვიდას დასჯა ფიფაში და ბოლომდე რუსების გუნდრუკის კმევა ვერ გაბედეს, ხორვატი უბრალოდ გააფრთხილეს. ხორვატიის დელეგაციის წევრი ოგნიენ ვუკოიევიჩი კი ფიფამ 15 ათასი შვეიცარიული ფრანკით დასაჯა. სხვათა შორის, ვუკოევიჩს 2009 წელს ინგლისთან იმ დაპირისპირებაში ნათამაშები აქვს.

მარიო მანჯუკიჩი (ხორვატია): "ზლატკო დალიჩი დიდ საქმეს აკეთებს. ის ძალიან სადაა ურთიერთობისას და ყოველთვის მშვიდია. მთელი მისი შტაბი საათივით აწყობილი მექანიზმია. ამიტომაც მივაღწიეთ ამდენს. ინგლისთან თამაშისთვის მზად ვართ. ყველა კარგად ხვდება, როგორ ვართ მომართულები ამ შეხვედრისთვის. მოდრიჩს წლებია ვიცნობ, ერთ კლუბში გვითამაშია.

ამ დონეზე ასასვლელად მან ბევრი იშრომა. ის ახლა გუნდის ნამდვილი ლიდერია და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. ინგლისელებს კარგი მეკარე ჰყავთ, მაგრამ ხორვატები მას გავაკვირვებთ, მე ამის მჯერა".

ანდრეი კრამარიჩი (ხორვატია): "ჩემთვის ტურნირის დაწყებამდე ინგლისი მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. იქ ახალგაზრდა ბიჭები მოგებისთვის იბრძვიან, გუნდში აღარ ჰყავთ კინოვარსკვლავები. ჩვენთვის კი ოცნება ფინალში გასვლაა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა მეტოქის მხარესაა".

ფაქტები
  • ხორვატიისა და ინგლისის ნაკრებების მატჩებში ჯამში 28 გოლი გავიდა, საშუალოდ 4 ერთ შეხვედრაში. ასე რომ, ახლაც უხვგოლიან თამაშს უნდა ველოდოთ.
  • ინგლისის ნაკრებმა ამ მუნდიალზე სტანდარტული მდგომარეობებიდან 5 გოლი გაიტანა, ხორვატიამ კი ორი გაუშვა.
  • ხორვატიის ნაკრები ბოლო 9 თამაშია, რაც დაუმარცხებელია.
  • ხორვატიის ნაკრების ბოლო 5 თამაშიდან 4-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • ურთიერთშეხვედრებში 7 მატჩიდან 4 ინგლისმა მოიგო, 2 - ხორვატიამ, ერთიც ფრედ დასრულდა.
  • ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის 2009 წელს გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპზე და ინგლისის 5:1 გამარჯვებით დასრულდა.
  • ინგლისის ნაკრებმა ბოლო 16 მატჩიდან 15-ში არ წააგო.
  • ხორვატიის ნაკრებმა ამ მუნდიალზე ორჯერ მოიგო პენალტების სერია, ინგლისმა - ერთხელ.

ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. ლუჟნიკი არენა
ხორვატია-ინგლისი
სავარაუდო შემადგენლობები
ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - ჩორლუკა, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი - რაკიტიჩი, ბროზოვიჩი - რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი
ინგლისი (3-5-2): პიკფორდი - უოლკერი, სტოუნზი, მაგუაირი - ტრიპიერი, ალი, ჰენდერსონი, ლინგარდი, იანგი - კეინი, სტერლინგი
არბიტრი: ჯ. ჩექირი (თურქეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
Sacodavi qveyana shennairebis xelshi
Jorg
17:55 11-07-2018
0
მანამდე სადამდეც მივიდა ისიც საკმარისი იყო რუსეთისთვის.უკეთესი გუნდებიც იყვნენ რომლებიც უფრო ადრე გამოეთიშნენ თამაშს
მარია
15:36 11-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული