პსჟ "რენს" ესტუმრა და 4:1 მოუგო. ანგარიში მატყუარაა, "რენი" კარგი გუნდია და სანამ 10 კაცის ამარა დარჩებოდა, იბრძოლა კიდეც. ბოლოს პენალტიც ვერ გაიტანა, თუმცა პსჟ-ის სუპერტრიოსთან ვერას გახდა.
მატჩში საუკეთესოდ ნეიმარი დაასახელეს - ბრაზილიელმა 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. შემდეგ მოდის კილიან მბაპე, თინეიჯერმა ორჯერ უპასა ნეიმარს და თავადაც გაიტანა; ბოლოს კი კავანიზე ვთქვათ, რომელმაც ჩემპიონატის მე-18 გოლი ულამაზეს სტილში გაიტანა და რადამელ ფალკაოს უკვე 4 გოლით გაუსწრო ბომბარდირთა დავაში. ვინ დაიჭერს ამათ?
უნაი ემერი (პსჟ): "მატჩის წინ ვილაპარაკეთ, თუ როგორ შეგვენარჩუნებინა თამაშის დონე. "რენი" ძლიერი მეტოქეა, რომელმაც ახლახან "მარსელს" მოუგო. როცა "რენმა" ერთი ბურთი გაქვითა, ჩვენ კონცენტრაცია და სიმშვიდე არ დაგვიკარგავს".
ფაქტები
- ედინსონ კავანიმ ლიგა 1-ში 150-ე მატჩი ითამაშა და 106-ე გოლი გაიტანა.
- ნეიმარმა "რენთან" მატჩში დრიბლინგი 19-ჯერ სცადა (11-ჯერ გამოუვიდა). ლიგა 1-ში უკეთესი შედეგი ბოლო 10 წელიწადში მხოლოს ლუკას მოურას (21 - 2014 წელს "მონპელიესთან") ჰქონდა.
- ტოპ-5 ლიგაში ერთ მატჩში გოლი+პასი (სულ მცირე) ყველაზე მეტჯერ ნეიმარმა მიითვალა - 6. შემდეგ მოდის კილიან მბაპე - 5, შემდეგია ლეროი სანე "მანჩესტერ სიტიდან".
- ვაჰბი ხაზრი (რენი) ბოლო 7 მატჩში პსჟ-ის წინააღმდეგ 5 გოლში მონაწილეობდა (3 გოლი, 2 პასი). პენალტიც რომ გაეტანა, 6-მდე ავიდოდა.
ჩემპიონი არ ნებდება, "მონაკომ" "სენტ ეტიენს" სტუმრად 4:0 მოუგო. გოლები სიდიბემ, ლემარმა, ფაბინიომ და კეიტა ბალდემ გაიტანეს. მოკლედ, ლამის ყველამ, გარდა ფალკაოსი. 53-ე წუთზე "მონაკოს" მესამე გოლს ისე აპროტესტებდა "მწვანეების" გოლკიპერი და კაპიტანი სტეფან რუფიე (ის თანამსაჯს ყურში ჩაჰყვიროდა), რომ მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა.
ლეონარდო ჟარდიმი (მონაკო): "ბრწყინვალე საღამოა. დიდებულად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩავიწერეთ. აქ ყოველთვის ივსებოდა სტადიონი და მატჩებიც სულ დაძაბული იყო, მაგრამ დღეს სხვანაირად იყო. ხალხიც ცოტა იყო და მეტოქეც სუსტად თამაშობდა. უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო, უფრო ეფექტურები რომ ვყოფილიყავით".
"ლილმა" საბოლოოდ მოიცილა არგენტინელი მწვრთნელი მარსელო ბიელსა, მაგრამ ამან არ უშველა, "დიჟონმა" 3:0 გაანადგურა.
ფაქტები
- ჟულიენ საბლე "სენტ ეტიენის" ისტორიაში პირველი მწვრთნელია, ვინც პირველ 6 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვება.
- "მონაკომ" ამ სეზონში მატჩების პირველ ხუთწუთეულში 4 გოლი გაიტანა, ეს კი ყველაზე მეტია ლიგა 1-ში.
- "სენტ ეტიენმა" "მონაკოსთან" 8-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია შეწყვიტა.
- "მეცმა" მე-6 ტურის მერე პირველად მოიგო.
- "ტრუამ" მატჩი ბურთის ფლობის 36%-იანი მაჩვენებლით მოიგო.
- "ბორდომ" 1976 წლის მერე პირველად წააგო ზედიზედ 6 საგარეო მატჩი.
- ნაბილ ფეკირმა 2017 წელს ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საჯარიმო გაიტანა - 3.
- მარიო ბალოტელის გოლმა "ნიცას" ზედიზედ მე-4 ტურში გაამარჯვებინა.
ლიგა 1. XVIII ტური
სენტ ეტიენი-მონაკო 0:4
გოლები: 0:1 სიდიბე (3), 0:2 ლემარი (32), 0:3 ფაბინიო (53), 0:4 ბ. კეიტა (60)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - რონი ლოპეში (87. დიაქაბი), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი (66. ღეზალი) - ბ. კეიტა (77. კარილიო), ფალკაო
გაძევება: რუფიე (53. სენტ ეტიენი)
რენი-პსჟ 1:4
გოლები: 0:1 ნეიმარი (4), 0:2 მბაპე (17), 1:2 მუბელე (53), 1:3 კავანი (75), 1:4 ნეიმარი (76)
პსჟ (4-3-3): არეოლა - დანი ალვეში, მარკინიოსი, კიმპემბე, ი. ბერჩიჩე - ვერატი, ლო სელსო (80. პასტორე), დრაქსლერი (74. ტ. მიატო) - მბაპე, კავანი, ნეიმარი
გაძევება: ანდრე (63. რენი), კიმპემბე (89. პსჟ)
გამოუყენებელი პენალტი: ხაზრი (90. რენი)
კაენი-გენგამი 0:0
დიჟონი-ლილი 3:0
გოლები: 1:0 საიდი (12), 2:0 საიდი (17), 3:0 ბალო ტურე (35 ს.კ.)
მონპელიე-მეცი 1:3
გოლები: 1:0 რუსილიონი (20), 1:1 კოადი (28), 1:2 რივიერი (84), 1:3 ბასინი (93)
სტრასბური-ტულუზი 2:1
გოლები: 1:0 მარტენი (25-პენ), 1:1 გრადელი (30), 2:1 მანგანე (52)
ტრუა-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 დარბიონი (78)
ნანტი-ანჟერი 1:0
გოლი: 1:0 სალა (24)
გაძევება: ბამუ (65. ნანტი)
ნიცა-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 ბალოტელი (36)
ლიონი-მარსელი 2:0
გოლები: 1:0 ფეკირი (6), 2:0 მარიანო დიასი (51)
ლიონი (4-2-3-1): ლოპეში - ტეტე, მარსელო, მორელი, მარშალი - ტუსარი, ნდომბელე (85. დეპაი) - კორნე, ფეკირი (91. მენდი), აუარი - მარიანო დიასი (79. ფერი)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, როლანდო, ამავი - ზამბო ანგისა (62. მ. ლოპესი), ლუის გუსტავო - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი (59. მიტროღლუ) - ჟერმენი (69. სანსონი)
ბომბარდირები: 18 - ედინსონ კავანი (პსჟ); 14 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 13 - მარიანო დიასი (ლიონი).
მომდევნო ტური
20 დეკემბერი: ამიენი-ნანტი, ანჟერი-დიჟონი, ბორდო-მონპელიე, გენგამი-სენტ ეტიენი, ლილი-ნიცა, მარსელი-ტრუა, მეცი-სტრასბური, მონაკო-რენი, პსჟ-კაენი, ტულუზი-ლიონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"