"ფრანგებს მიზეზიც არ აქვთ, რომ სხვა, ისტორიული გუნდების შეშურდეთ..." - ლიონელ მესი

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ "პარი სენ ჟერმენს" მიზეზი არ აქვს, რომ სხვა ისტორიული გუნდების შეშურდეს. ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესობა ფიქრობს, რომ კატარული პროექტი არ ამართლებს, რადგან მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა, "პატარა გუნდებს" ტრადიციულ კლუბებთან კონკურენციის გაწევა არ შეუძლიათ.

კრიტიკოსების თქმით, ფრანგებს, როგორც მინიმუმ, ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდებათ, რათა აღარ იყოს სათუო მათი, როგორც გუნდის ავტორიტეტი. "ალბისელესტეს" კაპიტნის თქმით, პსჟ-ს სხვა გუნდების არ შურს, რადგან ის უკვე ევროპული საფეხბურთო სამყაროს გიგანტების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია. გუნდის ოფიციალურ ჟურნალთან ლეომ კლუბთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებასა და პარიზულ
ცხოვრებაზე ისაუბრა:

"პსჟ მზარდი გუნდია. ამ კოლექტივს აქვს ამბიცია, რომ წინსვლა განაგრძოს, აქ ამისთვის ყველაფერია. ფრანგებს მიზეზიც არ აქვთ, რომ სხვა, ისტორიული გუნდების შეშურდეთ".

ჩემპიონთა ლიგის იმედი...

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, კლუბისთვის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რადგან ლოგიკურია, მსგავსი შემადგენლობის ფონზე თუნდაც ნახევარფინალის თამაში მათთვის უდიდესი კრახი იქნება, ჯერ მარტო შემტევ სამეულს შევხედოთ - ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე, რომ აღარ ვისაუბროთ სხვა ვარსკვლავებზე, ამ სამეულისთვის პროგრამა მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სეზონის ბოლოს ნანატრი თასის აღმართვაა, თუმცა ლეო სხვანაირად ფიქრობს. სამხრეთამერიკელმა ლეგენდამ კარგად იცის, რომ ყველაფერი რთული იქნება.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია. ამ ტურნირზე თავს საუკეთესო გუნდები და ფეხბურთელები იყრიან. შესაძლოა ოდნავი დეტალი გამოგეპაროს და გათამაშებას საერთოდ გამოეთიშო. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ (შემადგენლობის სიღრმე). აღფრთოვანებულები ვართ, თუმცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.

ამ ტურნირზე საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს. როგორც გითხარით, ყველა დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება. ძლიერ გუნდებად ისინი ითვლებიან, ვინც სეზონის ბოლოს წარმატებას აღწევს".

Sportall.Ge

მესის პარიზელი თანაგუნდელები

მიუხედავად არასახარბიელო სტატისტიკური მონაგარისა (ჩემპიონთა ლიგასა და ლიგა 1-ში ჯამში 21 მატჩი გამართა და თავი 7 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა), ფეხბურთელი პარიზში თავს კარგად გრძნობს, ვარსკვლავი თანაგუნდელებით კი ბედნიერია:

"ნეიმარსა და ანხელ დი მარიას აქამდე ვიცნობდი, კილიანს დრო და დრო მოედანსა და მის ფარგლებს გარეთ ვუგებ. ახლა უკეთ გამოგვდის კომბინირებული თამაში, ერთმანეთის გვერდით თავს კომფორტულად ვგრძნობთ.

გამიმართლა, რომ ჯერ "ბარსელონაში" ვითამაშე საუკეთესოებთან, დღეს კი იმავეს "პარი სენ ჟერმენში" ვაგრძელებ. ბედნიერი ვარ და წინსვლას განვაგრძობ" - განაცხადა ლეომ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში პსჟ-მა მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე კილიან მბაპეს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე 1:0 დაამარცხა და ესპანეთში უკვე სოლიდური უპირატესობით წარდგება. განმეორებითი მატჩი 10 მარტს, თბილისის დროით 00:00 საათზე ჩატარდება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეეეხ, ლეო! როგორ მენანები სხვა გუნდისთვის, შენი ენერგია, ნიჭი რაში და ვისთვის იხარჯება? მენატრები ბარსას ფორმით! რას ვიზავთ, " საფეხბურთო ბოსებს" არ აწყობთ ლეგენდები და პრიორიტეტს ანიჭებენ სხვა გუნდებიდან, საშუალო დონის ფებურთელების შემოდენას, დემბელეებთან ხვეწნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... ერთი ვიცი, მესის სახელი უკვე ჩაწერილია, საუკეთესოთა, საუკეთესეობებს შორის!
უსამართლობის დედაც...
13:47 23-02-2022
2
გაუჭირდება პსჟ-ს თასის მოგება. არ ჰყავს დაცვა და ნახევარდაცვა ისეთუ ძლიერი. მხოლოდ ძლიერი თავდამსხემელებით არ მგონია მოუგონ ინგლისურ ტრიოს
პელე - ფეხბურთის ერთადერთი მეფე
13:38 23-02-2022
4

სიახლეები პოპულარული