კარგ ხასიათზე მყოფსა და გადაღლილ პსჟს "კლასიკი" ელის

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ ბოლო ტური ჩატარდება და ფეხბურთელები ეროვნულ გუნდებში გაემგზავრებიან. თბილისში ველით ხვიჩა კვარაცხელიას, რომლის პსჟს დატვირთული გრაფიკი აქვს. ლიგა 1-ში ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა უახლესი მეტოქე და არშემდგარი კონკურენტი (16-ქულიანი სხვაობაა) "მარსელი" პრინციპული მოწინააღმდეგეა, მათ დაპირისპირებას "კლასიკად" მოიხსენიებენ. 26-ე ტურში (სულ 34 ტარდება) გუნდები "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) კვირას, 16 მარტს, 23:45 საათზე ითამაშებენ.

ამ გუნდების შეჯიბრების ისტორია სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. თავდაპირველად თუ დაძაბული ბრძოლები იყო, მას შემდეგ რაც პარიზული კლუბი გრანდი გახდა, მსგავსი არაფერი ხდება. ბოლო წლებში იშვიათი
გამონაკლისი 2020 წელს იყო, როცა საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "მარსელმა" დედაქალაქში (1:0) მოიგო. პსჟში იმ გუნდიდან ახლა კიმპემბი და მარკინიოსი არიან, რომელიც მაშინ კარანტინს გადიოდა. რაც შეეხება "მარსელს", აქ ვალენტინ რონჟიერი და ლეონარდო ბალერდი კვლავ თამაშობენ. უფრო გვიან, 2023 წელს, იგორ ტუდორის დამოძღვრილმა გუნდმა დედაქალაქელები თასის მერვედფინალიდან "დაიფრინა."

ლუის ენრიკეს ბიჭები "ლივერპულთან" ბრწყინვალების შემდეგ როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად გამოფიტულები არიან. ამას სატურნირო მოტივაციის ნაკლებობაც ემატება. ამ დროს ლოგიკურიც იქნება, ესპანელმა სპეციალისტმა თავის გამოჩენის საშუალება ღრმა სათადარიგოებს მისცეს. ამის გაკეთებას რაც შეიძლება ხელი შეუშალოს, მატჩის პრინციპულობაა, ასევე ის, რომ ფეხბურთელებმა საკლუბო ფეხბურთისგან ისედაც ორი კვირით უნდა დაისვენონ.

გადავხედოთ, ვინ არიან პარიზულ კლუბში ისინი, ვისაც ნაკლებად ვიცნობთ.

მეკარე. საფონოვი დონარუმას ცვლის ხოლმე, აქ კი ესპანელი ტენასიცაა, რომელიც "ბარსელონას" აღზრდილია (ბოლოს 16 იანვარს თასზე ითამაშაა); 20 წლის პორტუგალიელი ლუის მუკე 20 თებერვალს ლიგა 1-ში სათადარიგო იყო.

დაცვა. პსჟს 18 წლის მაროკოელი ცენტრალური მცველი, ნაუფელ ელ ჰანაში ჰყავს, რომელიც რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ გუნდში გამოდის, აქ კი ნაკლები დრო ეძლევა. აი, იორამ ზაგეს პერიოდულად, უფრო თასზე, ჰაკიმის შემცვლელად ვხედავთ.

ნახევარდაცვა. სენი მაიულუს კარგადაც ვიცნობთ და ის მშვენიერ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, 17 წლის აქსელ ტაპემ კი ბოლოს თასზე ითამაშა.

შეტევა. აქ ისედაც ბევრი ფეხბურთელია, 17 წლის იბრაჰიმ ბაიე კი მარჯვნიდან უტევს. მას ტრავმის გამო დრო დაკარგა, თორემ უფრო მეტი ნდობა უნდა მიეღო.

ამ გუნდების პირველი წრის მატჩში (3:0 პსჟს სასარგებლოდ) კორეელ ლი კანგ-ინს "ცრუფორვარდად" ვხედავდით და შემტევ სამეულში მისი გამოჩენა ახლაც რეალურია. დრო ზაირე-ემერიმა და საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტმა, 19 წლის დეზირე დუემ უნდა მიიღოს.

"მარსელის" დამრტყმელი ძალა

Sportall.Ge

დე ზერბის "მარსელის" მთავარი დამრტყმელი ძალა ალჟირელები, ამირ გუირი და ისმაელ ბენასერი (მილანიდან გვახსოვს), ასევე საკმაოდ ცნობილი ადრიან რაბიო არიან. ექსტოტემჰემენელ ჰოიბერგსაც გამოვარჩევთ. პარიზელები არ მარცხდებიან და ეს დიდ განსხვავებას აჩენს, თორემ "მარსელი" კარგი გუნდია.

დაველოდოთ, "კვარა", რომელსაც ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, რამდენ დროს მიიღებს. შეხვედრის მთავარი მსაჯის, ტურპინის, ზედმეტად წარდგენა აღარ გჭირდებათ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე "რომას" მატს ჰუმელსი მე-11 წუთზე გაუძევა.

ასევე კვირას:

18:00 სთ ლიონი (გიორგი მიქაუტაძე) - ლე ავრი;

20:15 მონპელიე - სენტ ეტიენი (ზურიკო დავითაშვილი).

altევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის დუბლი და ორი საგოლე გადაცემა - "ლიონი" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
წუხელ,ანზორ მექვაბიშვილმაც გაიტანა,თანაც ძალიან კარგი კომბინაციის და დარტყმის შემდეგ,უშუალო კონკურენტ,კლუჟის უნივერსიტატეას წინააღმდეგ გახსნა ანგარიში.მისმა გუნდმა პრესინგით,მეტოქის ნახევარზევე დაიბრუნა ბურთი,თუმცა მცველებმა,ბურთიანი კაცი,მათი საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან მიდენეს და ბურთის ართმევა სცადეს.ბურთიანმა კაცმა,ცოტა უკან თანაგუნდელს მიაწოდა სწრაფი პასით,იმან კიდევ უფრო მარჯვნივ,პარტნიორს,კიდევ პასი,კიდევ და მარჯვენა ფლანგზე,ბურთ მიღებულ ანრის წინ უკვე თავისუფალი სივრცე დარჩა და მანაც კარგი დარტყმით გაიტანა გოლი.ყველაფერი ძალიან სწრაფად,თითო შეხებაზე გაკეთდა და სრულიად გაიმეორა რაგბში მარაოს სწრაფი ხელით რომ გაშლიან ხოლმე და ბოლოს,თავისუფალ ფლანგის მოთამაშეს,თავისუფალ სივრცეში მიუტანენ ბურთს,რომელიც ლელოს დებს.სულ 4 სწრაფი პასი გაკეთდა და გაჭედილი შეტევიდან,გოლის გატანა გახდა შესაძლებელი. ალბათ საქართველოშიც შესაძლებელი იქნება ასეთი კომბინაციის გათამაშება.
სოსო
12:17 15-03-2025
1
წარმატებები ჩვენს საამყო ბიჭებს! გეიხარეთ ჩემო ბაბუკელებო! :)
გურულო.
17:58 14-03-2025
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული